არქტიკის რეგიონში თოვლს მალე წვიმა ჩაანაცვლებს — კვლევა
კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არქტიკის რეგიონში მალე ატმოსფერული ნალექი უფრო ხშირად არა თოვლის, არამედ წვიმის სახით მოვა, რაც კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
სპეციალისტთა განცხადებით, ამ პოლარულ არეალში დღესდღეობით თოვლი დომინირებს, თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს, რადგან მიმდინარე საუკუნის დასასრულამდე იქ არსებული ამინდი საგრძნობლად შეიცვლება. ამის მიზეზად მკვლევრები გლობალურ დათბობას ასახელებენ. კერძოდ, მათი პროგნოზი აცხადდება, თუ დედამიწაზე ტემპერატურა 3°C-ით მოიმატებს, მაგრამ გრენლანდიისა და ნორვეგიის ზღვის მიმდებარედ წვიმიანობას 1.5-2°C-იანი ზრდის შემთხვევაშიც უნდა ველოდოთ.
მკვლევრებმა დასკვნების გამოსატანად უახლესი კლიმატური მოდელები გამოიყენეს. სიმულაციების მიხედვით, არქტიკაში კრისტალიზებულ ატმოსფერულ ნალექს წყლის წვეთები რამდენიმე დეკადით ადრე ჩაანაცვლებს, ვიდრე აქამდე გვეგონა. მაგალითად, თუ მომავალში ნახშირორჟანგის ემისია ამავე ტემპით გაგრძელდება, რეგიონის ცენტრალურ ნაწილში შემოდგომით წვიმა 2090 წლის მაგივრად, 2060 ან 2070 წელს გახდება დომინანტური.
ეს არქტიკაში მობინადრე ცხოველებს შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენებს. ასევე, დანარჩენ მსოფლიოზეც უარყოფით გავლენას იქონიებს, რადგან ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში ძლიერ სიცხეს, წყალდიდობებსა და სხვა მსგავს მოვლენებს გამოიწვევს.
თოვლი ზამთარში ზღვის ყინულის წარმოქმნას უწყობს ხელს, რისი წყალობითაც ოკეანეები ნაკლებ სითბოს შთანთქავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ მყინვარების ჩადინება დაიწყება და წყლის დონე აიწევს. გალღვება მზრალი ნიადაგიც. შედეგად კი იქ დაგროვებული ნახშირორჟანგი და მეთანი ჰაერში გამოთავისუფლდება.
მეცნიერთა განცხადებით, მათი მიგნება იმაზე საგანგაშო სურათს გვიჩვენებს, ვიდრე წარმოგვედგინა.
კომენტარები