რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულთა ვაქცინაცია
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი რიგი გარემოებების გამო რთულად მიმდინარეობს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელისშემშლელი აცრაზე გავრცელებული დეზინფორმაციებია. ბოლო თვეების განმავლობაში გაურკვეველი წყაროები ავრცელებდნენ დაუსაბუთებელ ამბებს თითქოს, "ვაქცინა უსაფრთხო არაა", "ის უშვილობას იწვევს", "არ შეიძლება ორსულებისთვის", ან "ორსულობის დროს აცრის შემთხვევაში ვნებს ნაყოფს", რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც გინეკოლოგი დავით გაგუა აცხადებს, ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამიტომ მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია, ვინაიდან შესაძლებელია ორსულობის დროს ნებისმიერი დაავადების გართულება, მაგალითად სამეანო, Covid-19-ის შემთხვევაში კი ეს უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს.
"ორსულების კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია, სტაციონარული მკურნალობა და მძიმე მიმდინარეობა, შესაბამისად შეიძლება დაგიცვას და საერთოდ არ შეგხვდეს. ორსულობის დროს ის გართულებები, რაც თან სდევს ამ მდგომარეობას, იმატებს, მაგალითად, კორონავირუსის პანდემიის შემთხვევაში მკვდრადშობადობის შემთხვევებმა ხუთჯერ მოიმატა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, მოიმატა ორსულობის ნაადრევად დამთავრებამ, როგორიცაა აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, მოიმატა სისხლდენებმა, მოიმატა თვითონ ნაადრევმა მშობიარობამ, ასევე, ნაყოფთანაც ხშირად არის სხვადასხვა სახის გართულება", — აცხადებს ექიმი.
მისივე განმარტებით, ვაქცინირებულ ორსულებში არცერთი სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აცრა ნამდვილად იცავს მათ და სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელია. სამწუხაროდ, დაფიქსირდა არავაქცინირებული ორსულების გარდაცვალების არაერთი შემთხვევა.
ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, კვლევებით დგინდება, ორსულების შეწყვეტის და მკვდრადშობადობის რიცხვი დაბალია იმ ქალებში, რომლებმაც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს, აცრა არ ზრდის ორსულებში სპონტანური აბორტის ან მკვდრადშობადობის რისკს.
- სრულად ვაქცინირებულ ორსულებში Covid-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია — NCDC-ის კვლევა
- აცრა 25-ჯერ შეამცირებს ორსულების დაინფიცირებისა და გარდაცვალების რისკებს — გამყრელიძე
რაც შეეხება მითებს იმაზე, რომ ვაქცინაციას თან ახლავს რისკი, გინეკოლოგი ამბობს, რომ ორსულების აცრისას რისკი არ არის იმაზე მეტი, რაც ჩვეულებრივ ჯგუფებში, შესაბამისად ორსულობა უკუჩვენება არ არის, ხოლო რისკისა და სარგებლის შედარებისას, აცრის სარგებელი გაცილებით მეტია.
"რა თქმა უნდა, ყველა ორსული უნდა აიცრას. რისკისა და სარგებლის შედარებისას სარგებელი ძალიან დიდია. შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ორსულობის გართულებები არ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ორსულობა არ არის უკუჩვენება აცრისათვის", — ამბობს გაგუა.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მომზადებულ ბუკლეტში, ასევე, აღნიშნულია, რომ არცერთი სანდო მონაცემი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც 160 000-ზე მეტი ორსული ქალი აიცრა, არ იძლევა ვაქცინების უსაფრთხოებაში დაეჭვების საფუძველს, დიდ ბრიტანეთში კი ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი ორსულია ვაქცინირებული და მათ შორის რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
ვთანხმდებით, რომ ორსულობის დროს გადამწყვეტია პირადი ექიმის მოსაზრება და რჩევა, თუმცა, როცა ისინი ვაქცინაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, ან არ ეუბნებიან, რომ უნდა აიცრან, რათა საკუთარი და შვილის სიცოცხლე გადაარჩინონ, იქმნება ბარიერი და ორსულს უჩნდება ეჭვები, რომელიც რეალურად უსაფუძვლოა.
დავით გაგუა ამბობს, რომ ის ექიმები, რომლებიც ორსულებს ეუბნებიან, რომ არ აიცრან, ვინაიდან ეს მათთვის უსაფრთხო არ არის, წყაროდ ვერცერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას ვერ მოიყვანენ, რადგან ისინი ამბობენ, რომ პირიქით, აცრის სარგებელი ბევრად მეტია.
"ექიმებმა, რომლებიც უარს ეუბნებიან აცრაზე, უნდა მოიტანონ დასკვნები, სხვადასხვა წყაროები, სად შეიძლება მათ ეს წაეკითხათ და რის საფუძველზე ურჩევენ. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკის მეან გინეკოლოგთა ასოციაცია, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯი, მოუწოდებს და დებს დასკვნებს, რომ აცრა არის უსაფრთხო და რისკი და სარგებლის შედარებისას, სარგებელი ძალიან დიდია. შესაბამისად, ექიმი, რომელიც ორსულ პაციენტს მოუწოდებს, არ აიცრას, ამას ვერაფრით დაასაბუთებს, სად წაიკითხა და როგორ წაიკითხა. ამიტომ, მე არ მიმაჩნია, რომ დღეს ნორმალურმა, განვითარებულმა კარგმა ექიმმა უარი უთხრას ორსულს აცრაზე", — აცხადებს გინეკოლოგი.
ექიმი განმარტავს, რომ აცრა არც ნაყოფს ვნებს, ვინაიდან ის ვერ გადის პლაცენტარულ ბარიერში და არც უშვილობას იწვევს.
"ყველანაირმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ორსულს ვაქცინაციის შემთხვევაში აცრა არ ვნებს, ის ვერ გადის პლაცენტარულ ბარიერში და შესაბამისად, ნაყოფს ვერ ავნებს. ამაზე ბევრი კვლევა ჩატარდა და წყაროები მიგვითითებენ იმას, რომ ეს უსაფრთხოა. დავამატებ იმასაც, რომ ზოგიერთი ამბობს აცრა უშვილობას იწვევს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის", — თქვა გაგუამ.
მისივე თქმით, სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც აცრას უნდობლობას უცხადებენ, ძირითადად მოჰყავთ ის არგუმენტი, რომ ვაქცინა ახალშექმნილია და შესაბამისად, სათანადოდ გამოცდილი არაა, თუმცა დღეს ეს შეხედულება უკვე მცდარია, ვინაიდან ფაიზერმა გაიარა ავტორიზაცია.
"ავტორიზაციის მექანიზმი ძალიან სკულპუროზულია, ის არის უკვე ყველანაირად დასაბუთებული, როგორც მეცნიერულად, ისე პრაქტიკაში. ძალიან ბევრი ორსულია აცრილი და ნანახია, რომ ეს შედეგები სასურველი და კარგია, უკუჩვენებები კი არ არის", — ამბობს ის.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 12 879 ადამიანი დაიღუპა, მიუხედავად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლისა ქვეყანაში სრულად მოსახლეობის ნახევარიც არაა აცრილი, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სრულად მოსახლეობის 36,9% არის აცრილი, ერთი დოზით კი 43,2%.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ავტორიტეტული ორგანიზაციები ერთხმად მოუწოდებენ ადამიანებს ვაქცინაციისკენ.
- Pfizer-ის ვაქცინა ორსულებში არის უსაფრთხო, დროს ნუ დაკარგავენ, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან — გაბუნია
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ორსულების, როგორც მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლების ვაქცინაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რათა შეინარჩუნონ უმთავრესი — სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ორსულებისთვის Pfizer-ით ვაქცინაციაა დაშვებული. უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge. გარდა ამისა, აცრა დაშვებულია რეგისტრაციის გარეშეც, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
ამავე თემაზე:
კომენტარები