მეცნიერების თქმით, ეს 7-კითხვიანი ტესტი თქვენი სიბრძნის დონის შეფასებას შეძლებს
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ადამიანის სიბრძნის დონის შესაფასებლად ახალი სკალა შექმნეს, ტესტის შესავსებად კი სულ რაღაც ერთი წუთიც საკმარისია. მათი კვლევა ჟურნალ International Psychogeriatrics-ში გამოქვეყნდა. როგორც ავტორები აღნიშნავენ, სიბრძნე 7 სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება, თითოეული მათგანის შეფასება კი ერთი კითხვითაა შესაძლებელი.
"სიბრძნე პიროვნული მახასიათებელია, რომელიც შვიდ კომპონენტს აერთიანებს: თვითრეფლექსია, პროსოციალური ქცევები, ემოციების მართვა, განსხვავებულ პერსპექტივათა მიმღებლობა, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, სხვებისათვის რჩევების მიცემის შესაძლებლობა და სულიერება", — ნათქვამია ნაშრომში.
ავტორების განმარტებით, სიბრძნე ცვალებადი თვისებაა და მტკიცედ უკავშირდება გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას, ხოლო შფოთვას, დეპრესიასა და მარტოობას კი ყველაზე უკეთ ანეიტრალებს.
აქამდე კლინიკური შემოწმებების ფარგლებში ადამიანის გამჭრიახობის დონისა და ამ 7 ასპექტის შესაფასებლად 28-პუნქტიან, სან-დიეგოს სიბრძნის სკალას (SD-WISE-28) იყენებდნენ. იგი ამავე გუნდს ეკუთვნოდა, თუმცა ამჯერად მეცნიერებმა მისი შემოკლებული ვერსია შემოგვთავაზეს, რომელიც, მათი თქმით, ისეთივე ზუსტი და სანდოა, როგორც მისი გრძელი ვარიანტი.
"შედარებით მოკლე ნაკლებად სანდოს არ ნიშნავს. ინფორმაციის მისაღებად სწორი ტიპის კითხვები შევარჩიეთ, რასაც არამხოლოდ მეცნიერების სრულყოფაში შეაქვს წვლილი, არამედ ჩვენს წინა მონაცემებთანაცაა თანხვედრაში, რომელთა მიხედვითაც სიბრძნე ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთანაა კორელაციაში", — განაცხადა კვლევის ავტორმა, დოქტორმა დილიპ ვ. ჯესტემ.
შემოკლებული სკალის შესაქმნელად მკვლევრებმა 20-82 წლამდე ასაკის 2093 მონაწილე მოიწვიეს, რათა ონლაინ კითხვარში მიეღოთ მონაწილეობა. სიბრძნის კომპონენტების შესაფასებლად რესპონდენტებს 7-7 დებულება წარუდგინეს, მათ კი ევალებოდათ ეთქვათ, რამდენად ეთანხმებოდნენ ან არ ეთანხმებოდნენ თითოეულ განაცხადს.
ანალიზებმა აჩვენა, რომ 7 და 28-პუნქტიანი SD-WISE ტესტების შედეგები ერთმანეთთან თანხვედრაში იყო, დემოგრაფიულ და სანდოობის ცვლადებში კი კორელაციათა თითქმის იდენტურ კანონზომიერებებს გვთავაზობდა. მეცნიერებმა იმაზეც გვიამბეს, რომ ზოგიერთი პუნქტი სიბრძნის უფრო ძლიერი ინდიკატორი გახლდათ.
აღმოჩნდა, რომ საერთო სიბრძნეზე ყველაზე მეტად შემდეგი ფრაზები მოასწავებდა: "ხშირად არ ვიცი რა ვთქვა, როდესაც რჩევისათვის მაკითხავენ", "თავს ვარიდებ ისეთ სიტუაციებს, სადაც ვიცი, რომ ჩემი დახმარება დასჭირდებათ" და "მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რაც შეიძლება დიდი ხნით ვავადებ". ეს სამი დებულება, შესაბამისად, რჩევების მიცემის, პროსოციალური ქცევისა და გადაწყვეტილებების მიღების მახასიათებლებს უკავშირდება.
"შედარებით ზომიერ განმასხვავებელ პარამეტრებს წარმოშობდა ფრაზები: "კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდეს ვინარჩუნებ", "თვითრეფლექსიას თავს ვარიდებ" და "მომწონს განსხვავებულ თვალსაზრისებთან გაცნობა", რომლებიც, შესაბამისად, ემოციების მართვის, თვითრეფლექსიისა და განსხვავებულ პერსპექტივათა მიღების ინდიკატორები გახლდნენ", — ხსნიან ავტორები.
სულიერებაზე მეტყველი დებულება "ჩემი სულიერი რწმენა შინაგან სიმშვიდეს მანიჭებს" სიბრძნეზე ყველაზე ნაკლებად მიანიშნებდა.
მონაწილეთა პასუხების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალები, შედარებით ასაკოვანი ხალხი და ადამიანები, რომლებიც გონებრივი კეთილდღეობით, გამძლეობით, ბედნიერებითა და სოციალური ჩართულობით გამოირჩეოდნენ, ყველაზე ბრძენები გახლდნენ. საპირისპიროდ, მარტოობა ძლიერ კავშირში იყო სიბრძნის შედარებით დაბალ დონეებთან, რაც ცუდი მენტალური ჯანმრთელობის პრევენციისათვის სიბრძნის ხელშეწყობის როლზე მიუთითებს.
მიგნებათა მნიშვნელოვნება რომ შევაჯამოთ, ჯესტე ამტკიცებს, რომ ცხოვრებაში გადარჩენისა და განვითარებისათვის სიბრძნე გვესაჭიროება. ახლა მათ შეკითხვათა სია აქვთ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს თუ წაგვართმევს საპასუხოდ. შესაძლოა, იგი ადამიანების დასახმარებლად კლინიკურ პრაქტიკაშიც დაინერგოს.
კომენტარები