კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი სურათი დელტა შტამზე მეტ მუტაციას გვიჩვენებს
იტალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, სამხრეთაფრიკული ვარიანტის, ომიკრონის პირველი სამგანზომილებიანი სურათი მოიპოვეს, რომელიც გვიჩვენებს, რომ მას ყველასთვის კარგად ცნობილი დელტა შტამისგან მეტი მუტაცია გამოარჩევს. მათი დიდი ნაწილი პათოგენის პეპლომერზე, ანუ S ცილაზე ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შვერილების დახმარებით აღწევს ის ადამიანის ორგანიზმში.
სპეციალისტებმა ომიკრონში, იგივე B.1.1.529-ში დაახლოებით 50 მუტაცია აღმოაჩინეს, რომელთაგანაც 30 პეპლომერის მიმდებარედ შენიშნეს. მათი ნახევარი რეცეპტორ შემაკავშირებელ დომენში გვხვდება, ნაწილში, რომელიც ჩვენი სხეულის შემადგენელ უჯრედებთან ამყარებს კავშირს.
მკვლევართა მიერ გავრცელებულ სურათზე ომიკრონისა და დელტა შტამის შედარებაა ნაჩვენები. წითლად ძალიან მაღალი, ნარინჯისფრად მაღალი, ყვითლად კი საშუალო ცვალებადობის მქონე ადგილებია მონიშნული. მწვანე ვარიანტებს შორის არსებულ მცირე განსხვავებაზე მიანიშნებს, ხოლო ნაცრისფერი — უცვლელ რეგიონებზე.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ მუტაციების მიხედვით B.1.1.529-სთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან კონკრეტული დასკვნების გამოსატანად სიღრმისეული კვლევების ჩატარებაა საჭირო.
გამოითქვა ვარაუდი, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ის დელტა შტამზე მეტად. დიდია რეინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკიც, ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სახელმწიფოებს ყურადღებისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
კომენტარები