ამ ფუტკრებმა ცხოველთა ლეშის ჭამა დაიწყეს — რატომ
აშშ-ში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ხორცისმჭამელი ფუტკრების ნაწლავების მიკრობიომი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ის სვავისას ჰგავს. ამ მწერებმა ნექტრის მოსაპოვებლად არსებული მაღალი კონკურენციის გამო, არც მეტი, არც ნაკლები, ცხოველთა ლეშით კვება დაიწყეს, რასაც მათ ორგანიზმში მობინადრე ბაქტერიები უწყობენ ხელს.
სვავისებრი ფუტკრები მელიპონინების მონათესავე სახეობას წარმოადგენენ, თუმცა მათი კვებითი რაციონი სრულიად განსხვავებულია. ისინი ძირითადად მკვდარი ცხოველების ხორცით საზრდოობენ. ეს მათ სხვა მსგავსი მწერებისგან გამოარჩევს, რომელთა სხეულშიც, დაახლოებით 80 000 000-წლიანი ევოლუციის შედეგად, ერთნაირი მიკროორგანიზმები ბუდობენ.
სპეციალისტთა განცხადებით, ამ ფუტკრებმა ზემოხსენებული მიკრობების ნაწილი დაკარგეს, ზოგი შეინარჩუნეს და ახალი, მჟავის მოყვარული ორგანიზმებიც აითვისეს. ამ ინფორმაციის მისაღებად მკვლევრებმა ისინი ქათმის ხორცით მიიზიდეს და აღმოაჩინეს, რომ ლეშის მარაგის შესაგროვებლად ეს მწერები მათ ფეხებზე არსებულ ერთგვარ სათავსოებს იყენებენ, რომლებშიც წესით ყვავილის მტვერს უნდა ინახავდნენ.
გამოცემაში mBio გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა თქმით, აღნიშნული ახლად შეძენილი ბაქტერიების უმეტესობა სვავებში, აფთრებსა და სხვა ლეშისმჭამელებში გვხვდება, რადგან ისინი მათ პათოგენებისგან იცავენ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ძნელია იმის თქმა, მიკრობიომის ცვლილებამ გამოიწვია სვავისებრი ფუტკრების რაციონში ნექტრის ლეშით ჩანაცვლება, თუ პირიქით. ამის გასარკვევად უფრო სიღრმისეული კვლევების ჩატარებაა საჭირო.
კომენტარები