კვლევებმა აჩვენა, რომ არტერიული წნევის წამლებს მეორე ტიპის დიაბეტის პრევენცია შეუძლიათ
არტერიული წნევის წამლებმა შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებისგან დაგვიცვას. ეს მილიონობით ადამიანს დიაბეტს ააცილებს, ამაზე მეტყველებს ფართო კვლევა.
Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მაღალი არტერიული წნევის დაწევა ეფექტური საშუალებაა მომავალში დაავადების გაჩენის რისკის შესამცირებლად.
აღსანიშნავია, რომ ექიმები პაციენტებს უკვე უნიშნავენ არტერიული წნევის წამლებს, რათა შეამცირონ ინფარქტის ან ინსულტის შანსები. თუმცა, ამ დრომდე უცნობი იყო შეეძლო თუ არა მსგავს წამლებს მეორე ტიპის დიაბეტის პრევენციაც.
ახლა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასეთი წამლების დამცავი ეფექტი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ადრე ეგონათ. კვლევამ აჩვენა, რომ არტერიული წნევის წამლებს შეუძლიათ პირდაპირ შეამცირონ ტიპი 2 დიაბეტის რისკი. მაგალითისთვის, მხოლოდ ბრიტანეთში მსგავსი დაავადების განვითარების რისკი 13,6 მილიონ ადამიანს აქვს.
ოქსფორდისა და ბრისტოლის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 5 წლის განმავლობაში 19 კლინიკური გამოკვლევიდან 145 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ არტერიული წნევის 5 mmHg-ით შემცირება, რაც ადვილი მისაღწევი არტერიული წნევის წამლების ან ცხოვრების წესის შეცვლით, ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის რისკს 11%-ით.
მკვლევრებმა ასევე გამოიკვლიეს არტერიული წნევის წამლების ხუთი ძირითადი ტიპი 22 კლინიკური ცდიდან პლაცებოსთან შედარებით. მათ აღმოაჩინეს, რომ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებს და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (ARBs) ჰქონდათ ყველაზე ძლიერი დამცავი ეფექტი, ორივე ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს 16%-ით.
აღსანიშნავია, რომ არტერიული წნევის დამწევი სხვა სახის პრეპარატები არ აღმოჩნდა დამცავი. ამჟამად, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ წონის კონტროლი და ცხოვრების ჯანსაღი წესი საუკეთესო გზაა მეორე ტიპის დიაბეტის რისკის შესამცირებლად. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ არსებული მედიკამენტები — განსაკუთრებით ACE ინჰიბიტორები და ARBs — ისეთ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ, ვინც დაავადების გაჩენის რისკის ქვეშ არიან.
"ჩვენი კვლევა იძლევა ნათელ მტკიცებულებას, რომ ACE ინჰიბიტორების ან ARB-ების დანიშვნას პაციენტებში მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკების შეჩერება შეუძლია", — თქვა პროფესორმა კაზემ რაჰიმმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის წამყვანმა მკვლევარმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები