საერთაშორისო კომოსურ სადგურს ჩინური კოსმოსური რაკეტის ნარჩენების მოგერიება მოუწევს
საერთაშორისო კოსმოსური სადგური საინტერესო მანევრისთვის ემზადება — მან, 2007 წელს ჩინეთის მიერ გამოცდილი ანტი სატელიტური იარაღის გასროლილი ნარჩენი უნდა აიცილოს. ჩინეთმა 2007 წელს ორბიტაზე გამსვლელი რაკეტა და ანტი-სატელიტური იარაღი გამოცადა.
კოსმოსური ნაგვის ზრდა დიდი პრობლემაა და ვითარება ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდება. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სატელიტებისა და სხვა კოსმოსური ობიექტების რიცხვი ყოველდღე იზრდება, კოსმოსური ნაგავი კი ნელ-ნელა სივრცეებს ავსებს.
როსკოსმოსის განცხადებით, ჩვენი დროით 00:00-ზე, ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმაგრებული რუსული სატვირთო ხომალდი Progress MS-18 თავის ძრავებს 361 წამის განმავლობაში აამუშავებს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მანევრს შეასრულებინებს.
ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ISS-მა ჩინური ნაგვის აცილება შეძლოს, თუმცა ნაგვის გროვას ის დიდად მაინც ვერ მოშორდება და მისგან დაახლოებით 600 მეტრში გაჩერდება.
14 წლის წინ, 2007 წელს, ჩინეთმა ჩამოსაწერი მეტეოროლოგიური სატელიტის მოსაშორებლად ანტისატელიტური რაკეტა გამოიყენა. გასროლამ და აფეთქებამ კოსმოსური ნაგვის დიდი ღრუბელი შექმნა. ჰარვარდის ასტრონომისა და კოსმოსზე დამკვირვებლის, ჯონათან მაკდოუელის თქმით, შეჯახებისას კოსმოსში 3 500 ნაწილი აღმოჩნდა.
მხოლოდ 2020 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს სამი მანევრის შესრულება მოუწია, რათა კოსმოსური ნაგავი თავიდან აეცილებინა. ბოლო მანევრი 2020 წლის სექტემბერში განხორციელდა.
მაკდოუელის თქმით, სადგური ჩინურ კოსმოსურ ნაგავს ყველაზე მეტად პარასკევს მიუახლოვდება. მეტეოროლოგიური სატელიტის ნარჩენები ზედა ორბიტაზე იყო, თუმცა თანდათან ის უფრო ქვევით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე დაეშვა. ასტრონომების აზრით ეს არ იქნება უკანასკნელი მანევრი, რომლის შესრულებაც ISS-ს მოუწევს, რადგან კოსმოსური ნაგვის რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
კომენტარები