ESA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან პოლარული ციალი დააფიქსირა
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტმა, თომას პესკემ დედამიწის გარშემო მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან პოლარული ციალის ამსახველი შთამბეჭდავი კადრი დააფიქსირა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნათება ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი იყო, რაც მზის განსაკუთრებული აქტიურობით არის განპირობებული.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი ვარსკვლავი, თავისი 11-წლიანი ციკლის ფარგლებში, აქტიურობის ახალ ფაზაში გადავიდა, რომელიც მძლავრი ამოფრქვევებით ხასიათდება. როგორც ცნობილია, ეს პერიოდი პიკს 2025 წელს მიაღწევს.
"მთელი მისიის განმავლობაში ყველაზე მძლავრი პოლარული ციალი ვიხილეთ, რომელიც კანადისა და ჩრდილოეთ ამერიკის თავზე გამოჩნდა. სინათლის გასაოცარი სვეტები ჩვენს ორბიტას სცდებოდა და სწორედ ამ რგოლის ცენტრის ზემოთ გავიარეთ. ის სწრაფად მოძრავი ტალღებითა და პულსაციით იყო გარემოცული", — წერს თომას პესკე ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.
უკანასკნელი ნათება ბოლო დროს დაფიქსირებული მზის კორონალური მასის ამოფრქვევების შედეგია. ეს გახლავთ ვარსკვლავის ზედაპირიდან ღია სივრცეში ამოტყორცნილი პლაზმის ნაკადი, რომლის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველთან და ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებენ. ზუსტად ამ დროს წარმოიქმნება პოლარული ციალი, თუმცა მსგავს "მაგნიტურ შტორმს" ხელოვნური თანამგზავრების დაზიანებაც შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ეს ნათება თომას პესკესა და კიდევ 3 ასტრონავტისთვის 6-თვიანი მისიის დასამახსოვრებელი დასასრული იყო. ისინი დედამიწაზე ახლახან დაბრუნდნენ.
კომენტარები