ქართული აპლიკაცია Vetapp, რომელიც ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში დაგვეხმარება
საქართველოში შინაური ცხოველების ყოლის კულტურა ნელ-ნელა ვითარდება. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უკვე მრავალ ოჯახში ვხვდებით, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.
მათი ჯანმრთელობა მეტწილად სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დროული ვაქცინაცია, ჭიაზე დამუშავება, რაიმე პრობლემის შემთხვევაში, სპეციალისტის ჩარევა და სხვა, რაც ადამიანის მიერ კონტროლდება.
ცხოველის ყველა პატრონმა იცის, რომ მსგავსი პროცედურების შესახებ ინფორმაცია ვეტერინარულ პასპორტშია თავმოყრილი, რომელიც ერთგვარი სამედიცინო ისტორიის ფუნქციასაც ითავსებს. ამის მიუხედავად, ხშირია შემთხვევები, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს დოკუმენტი იკარგება ან ზიანდება.
ზუსტად ამან შთააგონა ქართული სტარტაპის Vetapp დამფუძნებლები — ალექსანდრე ბესტავაშვილი, გიორგი ბესტავაშვილი, მიხეილ სუჯაშვილი და დავით აბაიძე — შეექმნათ პლატფორმა, რომელიც ციფრული ვეტერინარული პასპორტის სმარტფონში ინტეგრირებას გახდიდა შესაძლებელს.
Vetapp-ის სახელით ცნობილ აპლიკაციაზე მეტის გასაგებად, კომპანიის წარმომადგენელს, ალექსანდრე ბესტავაშვილს ვესაუბრე. სტარტაპის თანადამფუძნებლის თქმით, მისი გუნდი ყოველთვის მუშაობს ინოვაციურ იდეებზე იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით.
"დღეს შინაური ცხოველების ვეტერინარული პასპორტი არის ქაღალდისგან დამზადებული, შესაბამისად, მისი დაზიანება თუ დაკარგვა საკმაოდ მარტივია. დაკარგვასთან ერთად ქრება მასში არსებული ინფორმაცია, რომლის მოძიებაც ვეტერინარულ კლინიკებს უხდებათ, რაც დროის ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ინფორმაციის მოძიება საერთოდ ვერ ხერხდება. ასევე, ვეტერინარულ პასპორტში მწირი ინფორმაციაა შეყვანილი, როგორიცაა ვაქცინები, დეჰელმინთიზაცია და ექტოპარაზიტების პრევენცია.
ერთი მხრივ, ჩვენ შინაური ცხოველების მეპატრონეებს ვთავაზობთ ციფრულ ვეტერინარულ პასპორტს, სრულ ჯანმრთელობის ისტორიას და ყოველკვირეულის წარმოების შესაძლებლობას, რომელიც გაერთიანებულია ვეტაპის აპლიკაციაში. მეორე მხრივ კი ვეტერინარულ კლინიკებს ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც აღრიცხავენ ჩატარებულ პროცედურებს", — ამბობს ალექსანდრე.
მისი განცხადებით, სტარტაპის მიზანი ის გახლავთ, რომ მომხმარებლებს ვეტერინარულ კლინიკებში მათ ოთხფეხა მეგობრებზე ჩატარებული პროცედურებისა თუ ანალიზების ჩამონათვალზე წვდომა ყოველთვის ჰქონდეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაცია ადამიანებს შეახსენებს იმუნიზაციისა და სხვა გეგმური ვიზიტების თარიღებს, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ძალზე მნიშვნელოვანია.
თუმცა, Vetapp-ს მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები არ აქვს, არამედ მისი დანიშნულება ვიწრო ვეტერინარული ხასიათის მომსახურებას სცდება. კერძოდ, მას გააჩნია ფუნქცია, რომელიც პატრონებს დაკარგული ცხოველების პოვნაში ეხმარება.
ალბათ, ყველას შეგვხვედრია სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები და ქუჩებში გამოკრული განცხადებები, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები თავიანთი ძაღლის ან კატის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ. მპოვნელებს ისინი ხშირად ვეტერინარულ დაწესებულებებში მიჰყავთ, სადაც მათი მიკროჩიპის ნომერს ადგენენ.
"თუ ცხოველი ჩვენს სისტემაშია რეგისტრირებული, პარტნიორ ვეტერინარულ კლინიკას შეუძლია, მისი მიკროჩიპის ნომერი ჩაწეროს საძიებო ველში, რის შედეგადაც მოიძებნება შინაური ცხოველის მეპატრონე და მისი საკონტაქტო ინფორმაცია", — აცხადებს რესპონდენტი.
უნდა ითქვას, რომ კომპანიის დამფუძნებლები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და ბიზნეს საქმიანობისკენ მიდრეკილება აერთიანებთ. მათ წლების განმავლობაში არაერთი წამოწყება ჰქონდათ, ბევრ გამოწვევას გაუმკლავდნენ, იყო წარმატებაც და მარცხიც. ეს გამოცდილება მათ Vetapp-ის პროექტზე მუშაობისას გამოიყენეს.
როგორც ალექსანდრე ბესტავაშვილი ამბობს, გუნდმა პირველი ნაბიჯები საკუთარი ფინანსებითა და ცოდნით გადადგა. მათ ახლახან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) კონკურსის ფარგლებში 100 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს და 20 გამარჯვებულ ქართულ სტარტაპს შორის მოხვდნენ. ეს კომპანიას პროდუქტის ბაზარზე გატანის ვადების შემცირებაში დაეხმარა.
Vetapp ამჟამად ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში საბოლოო ტესტირებას გადის, რის შემდეგაც პროგრამა სხვა მსგავსი პარტნიორი დაწესებულებებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. აპლიკაცია App Store-სა და Google Play-ში განთავსდება, საიდანაც მსურველები მას გადმოიწერენ და გაააქტიურებენ.
"ვეტაპით სარგებლობა შეუძლია ყველა ადამიანს, რომელსაც შინაური ცხოველი ჰყავს. ვეტაპის გამოყენება იქნება ფასიანი. ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიზანი იყო, შეექმნა ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა შინაური ცხოველი იმსახურებს ჯანმრთელობას, მათი მეპატრონეები კი კომფორტს. ამის მეშვეობით ისინი უკეთ შეძლებენ, ჩაერთონ და გათვითცნობიერდნენ თავიანთი ცხოველების მოვლა-პატრონობაში. სტატისტიკის მიხედვით, რაც მეტადაა მეპატრონე ჩართული მისი შინაური ცხოველის მოვლაში, მით უფრო ჯანმრთელია ცხოველი.
ჩვენი კომპანიის საფასო პოლიტიკა ჯერჯერობით არ არის საჯარო, მაგრამ მომხმარებელი აუცილებლად დარწმუნდება იმაში, რომ ვეტაპის სერვისი ბევრად მეტი ღირებულების მატარებელია, ვიდრე ფასი აქვს", — მითხრა ალექსანდრემ.
სტარტაპის თანადამფუძნებელმა ისიც აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Vetapp-ს ანალოგი არ აქვს. მართალია, მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ ირიბი კონკურენტები, თუმცა მომხმარებლებს ამგვარ ცენტრალიზებულ სისტემას არცერთი მათგანი სთავაზობს.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ სიტუაციას, მათი აზრით, აქ ზემოხსენებული პროდუქტის დასანერგად კარგი გარემოა, რაც ვეტერინარული კლინიკებისა და შინაური ცხოველების სიმცირითაა განპირობებული. ეს საშუალებას იძლევა, აპლიკაცია გამოყენებაში უმოკლეს ვადაში ჩაეშვას.
"პრობლემებსაც ვაწყდებით, ძირითადად, ვეტერინარულ კლინიკებთან ურთიერთობაში, რადგან ჩვენს ასაკოვან ვეტერინარებს კომპიუტერთან მუშაობა ურთულდებათ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მათ სიახლის შიში აქვთ, მაგრამ ამ პრობლემებს ვუმკლავდებით, ვატარებთ ტრენინგებს და თითოეულ ვეტერინარულ კლინიკას პროგრამის ათვისებაში პირადად ვეხმარებით", — ამბობს ალექსანდრე.
მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომპანია ქართულის შემდეგ, უცხოური ბაზრების ათვისებასაც აპირებს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ისინი ამჟამად კვლევებს უკრაინაში ატარებენ, ასე რომ, არ იქნება გასაკვირი, თუ მალე Vetapp-ს იქაც ვიხილავთ.
კომენტარები