ჩინეთი უარყოფს ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდას — "ეს კოსმოსური ხომალდი იყო"
The Financial Times-ის მიერ, ჩინეთის მხრიდან ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჩინეთი ეხმაურება და უარყოფს. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს იყო არა ჰიპერბგერითი რაკეტა და მისი მატარებელი, არამედ არაბირთვული კოსმოსური ხომალდის რიგით გამოცდას წარმოადგენდა.
Reuters-ის თანახმად, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჟაო ლიჯიანმა ამ საკითხზე კომენტარი გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ეს "არ იყო რაკეტა, ეს იყო კოსმოსური ხომალდი". ლიჯიანმა დასძინა, რომ ტესტირება არა აგვისტოში (როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებდით), არამედ ივლისში მოხდა. შესაძლოა, ჩინეთი ამ შემთხვევაში სწორს ამბობდეს, თუმცა, ეს კარგი მოფიქრებაც შეიძლება იყოს რაკეტის გამოცდის შესანიღბად.
"ეს ტესტი იყო ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდის ექსპერიმენტი, მისი მრავალჯერადი გამოყენების ტექნოლოგიის ვერიფიკაციისთვის, რაც დიდი მნიშვნელობის მქონეა კოსმოსური ხომალდების გამოყენების ხარჯების შემცირების კუთხით. ამან შეიძლება მოგვიტანოს მოსახერხებელი და იაფი გზა კოსმოსის მშვიდობიანად გამოსაყენებლად. მსოფლიოს მასშტაბით ბევრი კომპანია ატარებს მსგავს ექსპერიმენტებს", — აცხადებს ლიჯიანი CNN-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ The Financial Times-ის მიერ გავრცელებული ანგარიში ხუთ ისეთ ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა, რომლებიც ტესტირების პროცესში გარკვეულები იყვნენ. ისინი მედიასთან საუბარში აცხადებდნენ, რომ აშშ-ის დაზვერვას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეძლეს ეს ჩინეთში. თუმცა, ჩინეთი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ კოსმოსური ხომალდის ტესტირება იყო, რაც სამყაროს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.
"ჩინეთი იმუშავებს სხვა ქვეყნებთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით, რომ სარგებელი მოუტანოს კაცობრიობას, კოსმოსის მშვიდობიანი ათვისების კუთხით", — თქვა ლიჯიანმა კონფერენციისას.
ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ხუთი ანონიმური წყარო, რომელიც რაკეტის მიზნამდე მიღწევის სიზუსტეს და მანევრირების შესაძლებლობებსაც აღწერს, მეორე მხრივ კი ჩინეთის მთავრობის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს არა ჰიპერბგერით რაკეტასთან, არამედ კოსმოსურ ხომალდთან. ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ვის მხარესაა სიმართლე. ერთი რამ კი ცხადია — აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაში ცვლილებებს უნდა მოველოდეთ, რადგან როგორც ტეილორ ფრაველი, ჩინეთის ბირთვული პოლიტიკის ექსპერტი FT-სთან საუბარში აღნიშნავდა, აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა ჰიპერბგერითი რაკეტების მოსაგერიებლად არაა განკუთვნილი.
კომენტარები