დედამიწას მზის შტორმი მოუახლოვდა — პოლარულ ციალს უჩვეულო ადგილებიდან ხედავენ
გეომაგნიტური შტორმის შედეგად, ავრორას ხილვა არამარტო არქტიკული წრიდან, არამედ გაერთიანებული სამეფოდანაც იქნება შესაძლებელი.
ბრიტანელთა ნაწილმა ორშაბათს, 2021 წლის 11 ოქტომბერს, პოლარული ციალის დანახვა შეძლო. ეს გეომაგნიტური შტორმების შედეგად მოხდა. ფენომენი ზოგიერთ ტერიტორიას დღეს, 12 ოქტომბერსაც დაამშვენებს.
მეტეოროლოგიურმა ოფისმა წინსწრებით ივარაუდა, რომ მზის ამოფრქვევა დედამიწას 11 ოქტომბერს, საღამოს დაატყდებოდა თავს და მომდევნო დღემდე გასტანდა. შესაბამისად, ავრორას მწვანე ნათება შეგვიძლია, ორივე საღამოს ვიხილოთ.
ვებსაიტ Aurora Watch UK-ზე დაყრდნობით, ციალის დასანახად ღამის 9-11 საათი, შემდეგ კი დაახლოებით ღამის 2 საათია საუკეთესო დრო.
მეტეოროლოგიური ოფისის თქმით, ამ გეომაგნიტური შტორმის დროს ჩრდილოეთის ციალის დანახვა ინგლისის ჩრდილოეთი ტერიტორიების, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის თავზეა შესაძლებელი.
როგორც ჩანს, 11 ოქტომბერს ნათება ყველაზე შესამჩნევი შოტლანდიაში გახლდათ, რადგან არაერთმა მაყურებელმა გარისკა გარეთ გასვლა თვალისმომჭრელი სანახაობის დასაფიქსირებლად. ძლიერი ღრუბლიანობიდან გამომდინარე, ბევრ რეგიონში მაინც რთულია მისი ხილვა, თუმცა ზოგიერთ წერტილში შანსი მაინც არსებობს.
ასევე იხილეთ: "მზის შტორმმა", შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა გამოიწვიოს.
ტომ კრესმა, ასტრონომმა და ავტორმა წიგნისა "ჩრდილოეთის ნათება: ავრორას ზუსტი სახელმძღვანელო", ხალხს უბიძგა, რომ ღრუბლიანი პროგნოზისდა მიუხედავად, მაინც ეცადათ სანახაობაზე დაკვირვება. მისი ვარაუდით, მზის შტორმს გაზრდილი ენერგიის მარაგი აქვს, ასე რომ, შესაძლოა, ხშირად მოგვიძღვნას ამგვარი პერფორმანსი.
"ეს ნიშნავს, რომ სრულებით შესაძლებელია, ავრორა ინგლისის ჩრდილოეთში გავრცელდეს და შორი სამხრეთისკენ, სადღაც ბელფასტიკენ ან ომაგისკენაც წავიდეს — ძალიან სამხრეთითაც არა", — დასძინა მან.
მზის ამოფრქვევა შეერთებული შტატების ეროვნულმა ოკეანურმა და ატმოსფერულმა ადმინისტრაციამ (Noaa) დააფიქსირა შაბათს, 2021 წლის 9 ოქტომბერს. ეს მზისგან ძლიერი სიკაშკაშის უეცარი გაელვებაა, რომელსაც ხშირად კორონალური მასის ამოფრქვევა ანუ მზის გარე შრიდან, გვირგვინიდან, პლაზმის მასიური გამოდევნაც ერთვის.
ეს მაშინ ხდება, როდესაც მზიდან მატერიის მასიური ამოხეთქა გეომაგნიტურ შტორმს იწვევს, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს ეჯახება. მზის ამოფრქვევას შეუძლია, დედამიწის ატმოსფეროს სიმშვიდე დაურღვიოს, გაწყვიტოს რადიოსიგნალები, ელექტრული ქსელი და პოლარული ნათებები გადააადგილოს.
კომენტარები