BMW თავის მთავარ ქარხანაში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავების წარმოებას შეწყვეტს
Reuters-ის მიხედვით, BMW-ის i4 ელექტრო მოდელის წარმოების აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე კომპანიის წარმოების დირექტორმა განაცხადა, რომ ფირმა 2024 წლისთვის მიუნხენის მთავარ ქარხანაში შიდა წვის ძრავების წარმოებას შეწყვეტს.
წარმოების ხელმძღვანელმა მილან ნედელკოვიჩმა განაცხადა, რომ 2023 წლისთვის მიუნხენში წარმოებული მანქანების ნახევარი მაინც იქნება ელექტროენერგიაზე მომუშავე — ესენი იქნება ან ელემენტიანი ელექტრომობილები, ან დასატენი ჰიბრიდები. თუმცა, BMW-ის ქარხნები ავსტრიასა და გაერთიანებულ სამეფოში ისევ განაგრძობენ შიდა წვის ძრავების წარმოებას წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სხვა მოდელებისთვის.
BMW ელექტრო მანქანებში დიდ ინვესტიციებს დებს. კომპანიამ მომხმარებელს უკვე შესთავაზა ელექტრო სკუტერები და ასევე ელექტროენერგიაზე მომუშავე ორბორბლიანები. კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ზიფსმა გასულ კვირას კონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველა ქვეყანა აკრძალავს შიდა წვის ძრავებს, მაშინ ისინი მზად იქნებიან სრულად ელექტროენერგიაზე მომუშავე პროდუქტის წარმოებისთვის.
BMW-მ ამბიციური მიზანი დაისახა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის კომპანიის მიერ გლობალურად გაყიდული მანქანების 50% მაინც უნდა იყოს ელექტროენერგიაზე მომუშავე. მან ასევე პირობა დადო, რომ თავის ქარხნებში ტრანსპორტის წარმოებასთან დაკავშირებულ ემისიებს შეამცირებს, რაც აჩვენებს, რომ იგი აშკარად ცდილობს გარემოს მიმართ მიყენებული ზიანის შემცირებას.
ნახშირორჟანგის ემისიების შესამცირებლად, ქარხანაში და მის გარეთ პროდუქტის გადასატანად ფირმა სარკინიგზო ტრანსპორტისა და ელემენტებზე მომუშავე სატვირთო მანქანების გამოყენებას გეგმავს. კლიმატის ცვლილების გამწვავებასთან ერთად, ავტო მწარმოებლების მხრიდან საკუთარ თავებზე ასეთი ვალდებულებების აღება ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა ეს საკმარისი.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ მართლა გვინდა რაიმეს შეცვლა, მაშინ უფრო ხელმისაწვდომი ელექტრო მანქანები გვჭირდება, BMW-ს პროდუქტი კი ამ კატეგორიაში ნამდვილად არ გადის.
კომენტარები