ნახეთ: BepiColombo-ს კოსმოსურმა ხომალდმა მერკურის პირველი ფოტოები გადაიღო
ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის BepiColombo ფარგლებში გაშვებულმა ხომალდმა მზესთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტის, მერკურის პირველი ფოტოსურათები მოიპოვა.
ორი ხელოვნური თანამგზავრისგან შედგენილმა აპარატმა ჩვენს მზის სისტემაში შემავალი, საიდუმლოებით მოცული ციური სხეულის ფოტოები მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გადაიღო. პლანეტის უსწორმასწორო ზედაპირი, რომელზეც უამრავი კრატერი და ვულკანური აქტივობის შედეგად გაჩენილი წარმონაქმნია, მან ერთ-ერთ მოდულზე დამონტაჟებული კამერებით დააფიქსირა.
ამ დროს ხომალდს მერკურისგან 1 410-2 418 კილომეტრი აშორებდა. მალევე ის ობიექტს დაახლოებით 199 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდა.
ზემოთ ნაჩვენებ შავ-თეთრ სურათზე, რომელიც 1024 x 1024 პიქსელი გარჩევადობისაა, მერკურის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნაწილია აღბეჭდილი. იქ Sihtu Planitia-ს სახელით ცნობილი, ლავით დაფარული რეგიონი მდებარეობს, რომლის ცენტრშიც კრატერი კალვინოა განლაგებული. მის მახლობლად ლერმონტოვად წოდებული კრატერის დანახვაცაა შესაძლებელი. ამ არეალს სხვებისგან ღია შეფერილობა გამოარჩევს.
მსგავსი კადრების მოპოვება აღნიშნული მისიისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ამ პლანეტის შესასწავლად აქამდე მხოლოდ ორი ზონდი იყო გაშვებული. ესენია NASA-ს Mariner 10, რომელმაც 1974-დან 1975 წლამდე იფუნქციონირა და MESSENGER, რომელიც მერკურის გარშემო ორბიტაზე 2011-დან 2015 წლამდე გადაადგილდებოდა.
BepiColombo-ს მიზანი მერკურის ბირთვისა და ეგზოსფეროს გამოკვლევა, მისი ზედაპირის ამსახველი რუკის შედგენა და ციური სხეულის შემადგენლობის გაანალიზებააა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს მისი ფორმირების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება.
თანამგზავრები მთავარ სამეცნიერო სამუშაოებს 2026 წლიდან დაიწყებენ. მისიის მსვლელობისას ისინი დედამიწას ერთხელ, ვენერას ორჯერ, მერკურის კი ექვსჯერ ჩაუვლიან. ამ უკანასკნელს აპარატი მომდევნო ჯერზე 2022 წლის ივნისში მიუახლოვდება.
კომენტარები