ბაქოში დააკავეს პოლიციელი, რომელმაც, სავარაუდოდ, ოჯახში ძალადობაზე პოლიციაში მისული ცოლი მოკლა
ბაქოში პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სამსახურის თანამშრომელი ისმაილ მამმედოვი ცოლის, 27 წლის ხანიმ მამმადოვას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი პოლიციის განყოფილებაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე საჩივრის შესატანად მივიდა.
შემთხვევა ბაქოში, ნიზამის რაიონის პოლიციის განყოფილებაში 30 სექტემბერს მოხდა. მამმედოვმა ცოლს, სავარაუდოდ, სამსახურებრივი იარაღიდან ესროლა.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამმედოვმა "მიიღო ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ხანიმ მამმედოვა პოლიციის 24-ე დეპარტამენტში ოჯახში კონფლიქტზე საჩივრის დასაწერად იყო მისული".
"ის მაშინვე მივიდა განყოფილებაში, ესროლა და მოკლა ქალბატონი მამმედოვა", — ნათქვამია განცხადებაში.
მოკლული ქალის ძმამ, აგილ ალიევმა Report.az-ს უთხრა, რომ მამმედოვმა მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ცოლს ხელკეტით სცემა.
მისი თქმით, სროლის დღეს მამმედოვა ორი შვილით პოლიციის განყოფილებაში საჩივრის დასაწერად მივიდა. პოლიციის დეპარტამენტში მისვლისთანავე კი, ისმაილ მამმედოვმა თავის კოლეგებს უთხრა, რომ დამშვიდდა და თავისი შვილების ნახვა სურდა.
"მან ესროლა და მოკლა ჩემი და, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ", — თქვა ალიევმა.
ადგილობრივ სატელევიზიო არხის, Azad Azerbaycan-ის ეთერში გასული კადრები ადასტურებს, რომ სროლას მამმედოვას ორი ბავშვი შეესწრო.
ძმის თქმით, ორივე ბავშვი ამჟამად დედის ოჯახთან ერთად რჩება.
გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა აღძრული. მამმედოვს ამჟამად ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები