ფროიდის კულტი, მიზოგინია, ფსიქოანალიზი და ადამიანის ბუნების კვლევის საფრთხეები
კოგნიტური მეცნიერების ერთ-ერთი გრაალის თასი ადამიანის "ქვეცნობიერის" საიდუმლოს ამოხსნაა. თვითონ ქვეცნობიერის ცნება ძალიან ბუნდოვანია და სხვადასხვა დარგებში მას განსხვავებული გამოყენება აქვს. თავის დროზე, ქვეცნობიერი ტექნიკური ტერმინი იყო, რომელიც პიერ ჯენეტმა შემოიღო. მისი განმარტებით, ქვეცნობიერში მოიაზრება კოგნიტური პროცესები, ცნობიერს მიღმა.
მაგალითისთვის, როცა ვფიქრობ ვუთხრა თუ არა ჩემს ამხანაგს, რომ მისი Neon-Genesis Evangelion-ით ობსესია უკვე საგანგაშოა, ეს "ცნობიერი" ფიქრია. ვიღებ ჩემი გადაწყვეტილების პოტენციურად დადებით და უარყოფით მხარეებს, რის მიხედვითაც ვწყვეტ როგორ ვიმოქმედო. თუმცა, მეცნიერებმა მალევე შენიშნეს, რომ ჩვენი ერთი შეხედვით ცნობიერი აზროვნება ხშირად განპირობებულია ჩვენი ქვეცნობიერით, ან "არაცნობიერით", როგორც ამას ფროიდი ამტკიცებდა.
ეს საყოველთაოდ აღიარებული დებულება მალევე გახდა კვლევის საგანი. ზიგმუნდ ფროიდი კი წამყვანი ფიგურა იყო დასავლეთში, რომელიც ვარაუდობდა, რომ მის მიერ შემუშავებული ფსიქოანალიზის თეორია საშუალებას მისცემდა მავანს, გამოეკვლია თავის არაცნობიერი და აღმოეჩინა "თავისი თავი". შფოთვის, დეპრესიის და რიგი მენტალური აშლილობების მიღმა, არაცნობიერი ფიქრები იმალებოდა, რეპრესირებული მოგონებები და ინსტინქტები.
სამწუხაროდ, არაცნობიერის კვლევის სურვილით შეპყრობილმა და მეცნიერების პროგრესით შთაგონებულებმა მკვლევრებმა პროცესში სერიოზული ზიანი მიაყენეს უამრავ ადამიანს და დამანგრეველი გავლენა იქონიეს პოპულარულ წარმოდგენებზე იმის შესახებ, თუ მაინც როგორ მუშაობს ჩვენი გონება. ამასთანავე, სამეცნიერო ელფერით შენიღბულმა მიზოგინიამ ქალთა უფლებებზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა.
ფროიდის კულტი
ბავშვობაში "დიდი მოაზროვნეების" სახელები ხშირად მესმოდა. ფროიდი კი არისტოტელეს, ნიუტონის, დარვინის და აინშტაინის რიგებში გაყავდათ ხოლმე.
ფროიდის ესეები თვალწარმტაცი იყო, ოიდიპოსის კომპლექსი, მამის მოკვლის რეპრესირებული სურვილი, კასტრაციის შფოთვა, პენისის შური და ა.შ, ერთი შეხედვით ძალიან უცნაურ, მაგრამ ამასთანავე ძალიან ლოგიკურ სურათს ქმნიდა ადამიანის ფსიქიკაზე.
ფროიდის თეორიებზე და ზოგადად ფსიქოანალიზის რელევანტურობაზე დებატი პრაქტიკულად უწყვეტია. თანამედროვე მეცნიერებაში და აკადემიურ წრეებში, ფსიქოანალიზი, როგორც კვლევითი დისციპლინა, ძალიან ხშირად დისკრედიტირებულია და ფსიქოანალიზის თანამედროვე პრაქტიკოსები ფროიდის თავდაპირველი თეორიების მნიშვნელოვნად სახეცვლილ დოქტრინას მისდევენ.
ის, რომ ბავშვობის რეპრესირებულ მოგონებებს ჩვენს დღევანდელ ქცევაზე გავლენა აქვს გარკვეულწილად ჭეშმარიტია, ისევე როგორც დებულება, რომ არაცნობიერი ჩვენ ქცევას და აზროვნებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუმცა ეს პოსტულატები თანამედროვე მეცნიერებაში სხვაგვარად არის განვითარებული. რეტროსპექტულად, ფროიდის ადრეული პოსტულატები, როგორიცაა მოსაზრება, რომ ქალებს პენისის შური აქვთ ან იდეა, რომ ადამიანები ბავშვობაში განვითარების სხვადასხვა ფაზებს გადიან, როგორიცაა "ანალური, ორალური" და ა.შ, საკმაოდ კომიკურად გამოიყურება.
არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, რომ განვითარების რომელიმე ზემოთქმული სტადია ან რომელიმე ცნება რეალურად არსებობს ჩვენს არაცნობიერში. მეტიც, თანამედროვე ფილოსოფიაში და ფსიქოლოგიაში, "არაცნობიერის" განმარტებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ფროიდის თავდაპირველი შეხედულებები, ისევე როგორც ფსიქოლოგიისადმი ფროიდისეული მიდგომა ძალიან პოპულარულია. ფროიდის ზოგი მოსაზრება პოპულარული ნაწილობრივ მხოლოდ ფროიდის სახელის გამოა.
ხშირად, ფროიდი ფსიქოლოგიის სინონიმურია. დიდი ხნის მანძილზე, მსგავსი სიტუაცია იყო აკადემიურ წრეებშიც, რამაც საზოგადოების კონფორმიზმთან ერთად, როგორც აღვნიშნე, სერიოზული ზიანი მიაყენა უამრავ ადამიანს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს.
მითი ქალის ორგაზმზე
ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე ცუდად არგუმენტირებული ჰიპოთეზის თანახმად, ქალებს ორი ტიპის ორგაზმის განცდა შეუძლიათ, ერთ შემთხვევაში კლიტორის სტიმულაციით, მეორე შემთხვევაში კი G-წერტილის (G-spot). ფროიდის თქმით, კლიტორის სტიმულაციით ორგაზმის მიღწევა "ინფანტილური" იყო და ჯანმრთელი ზრდასრული ქალები ორგაზმს პენეტრაციით უნდა აღწევდნენ G-წერტილის სტიმულაციით. იმ დროისთვის ეს საკმაოდ ბუნებრივ ფაქტად მიიჩნეოდა.
1948 წელს რამდენიმე მკვლევარი, მათ შორის ალფრედ კინსი ქალების გამოცდილებით დაინტერესდა და ე.წ. "კინსის ანგარიშის" ფარგლებში, გამოკითხვებით გაირკვა, რომ ქალთა უმრავლესობა ორგაზმს ვაგინალური პენეტრაციით ვერასდროს ან იშვიათად აღწევდა. მსოფლიოში გაბატონებული სექსიზმის გამო, ქალები ხშირად ფიქრობდნენ, რომ მათი უორგაზმობა მათივე ბრალი იყო, ბევრს მიაჩნდა, რომ "რაღაც ჭირდათ". ამაზე ბევრი ქალი დღემდე ნერვიულობს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციით ორგაზმს ქალების მხოლოდ 18% აღწევს.
G-წერტილის არსებობა საერთოდ არ საბუთდება, თუმცა ზოგი მკვლევარი მიანიშნებს, რომ ვაგინაში არსებობს არეალი სადაც ნერვული დაბოლოებები ჭარბობს, ამის მიუხედავად უამრავი კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს. მოკლედ G-წერტილის "არსებობაზე" დავა მიმდინარეობს, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ქალი ვაგინალურ ორგაზმებს განასხვავებს, თუმცა ყველა ორგაზმი განსხვავებულია და საერთოდ, გარკვეულ შემთხვევებში ორგაზმი სასქესო ორგანოების სტიმულაციას არც კი საჭიროებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად კომპლექსურია ეს საკითხი. თუმცა, სამედიცინო კონსენსუსით, ქალებში G-წერტილის არსებობის სამედიცინო და სამეცნიერო საბუთი არ არსებობს.
არ არსებობს ფსიქოლოგიური თერაპია, რომელიც ქალებს ვაგინალურ ორგაზმს მიაღწევინებს. ქალების ის ჯგუფი, რომელსაც ვაგინალური ორგაზმი აქვს ხოლმე, ამას ხშირად ისევ სხვა უამრავი ფაქტორის კომბინაციით აღწევს, რადგან ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში პენისს ხშირად მთელი ადამიანი მოჰყვება.
იმის გამო, რომ ბევრი ქალი ორგაზმს მხოლოდ პენეტრაციით ვერ აღწევს, თვითშეფასების პრობლემები კაცებსაც ექმნებათ და დროთა განმავლობაში გაჩნდა რიგი მითები სექსის შესახებ, რომ თითქოს თუ კაცმა ქალს "ვაგინალურ ორგაზმს" მიაღწევინა რაღაც სუპერძალა აქვს ან რჩეულია.
სექსუალობა და ორიენტაცია სპექტრია
ფროიდის ყველაზე ცნობილი ცნება ოიდიპოსის კომპლექსია, რომლის მიხედვითაც, მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვს საპირისპირო სქესის მშობელთან სექსის და იგივე სქესის მშობლის მოკვლის არაცნობიერი სურვილი აქვს. ფსიქოანალიზის ეს ცნება ძალიან ჰეტერონორმატიულია.
კვლევები აჩვენებს, რომ ერთსქესიან წყვილთა ბავშვები, ჰეტეროსექსუალი წყვილის აღზრდილი ბავშვებისგან არ განსხვავდებიან. შესაბამისად, ოიდიპუსის კომპლექსი ბევრმა ფსიქოანალიტიკოსმა მნიშვნელოვნად გადაიაზრა.
გლობალური დამოკიდებულებები ოჯახის, სქესის და გენდერის მიმართ ცვალებადია. დრომ აჩვენა, რომ ჩვენი ძველი წარმოდგენები "ნორმალურობის" შესახებ მნიშვნელოვნად შეიცვალა. კვლევასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან ცოტა რამის თქმა შეგვიძლია დანამდვილებით და ავტორიტეტულად. წამოიჭრა ახალი პრობლემები, რომლებიც ადრე არ არსებობდა და ამან კიდევ ერთხელ მიგვანიშნა თუ რამდენად მყიფეა ჩვენი გაგება როგორც სექსუალობის, ისევე ზოგადად, ადამიანის ბუნების.
ფსიქოანალიზის ჩარჩოებში, მოსალოდნელია რომ საპირისპირო სქესის პარტნიორის ძიებისას ადამიანები საპირისპირო სქესის მშობლების ფიზიკური ნიშან-თვისებებით სარგებლობენ. ეს ვარაუდი ნაწილობრივ მართალია. მაგალითად, ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ მავანის მიერ შერჩეული საპირისპირო სქესის პარტნიორის თვალის ფერი, ხშირად საპირისპირო სქესის მშობლის თვალის ფერს ემთხვევა. თუმცა, სხვა ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, ეს დიდწილად შეიძლება რეგიონალური ფაქტორებით იყოს განპირობებული და პოპულაციისთვის სპეციფიკური მემკვიდრულობით, ან საკუთარ თავთან "მიმსგავსებით". მოკლედ პოტენციური ახსნა უამრავია, მამის მოკვლის ქვეცნობიერი სურვილი და კასტრაციის შფოთი კი მიზეზად მაინცდამაინც ვერ გამოდგება.
ადამიანის ბუნების ძიებაში
დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ჩვენი წარმოდგენები ადამიანობაზე და ადამიანის ქცევაზე ხშირად ძალიან მცდარია. ფსიქოლოგიას "რეპლიკაციის პრობლემა" აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ქცევის ან მენტალური მდგომარეობის ასახსნელად გამოყენებული თეორიების ექსპერიმენტული დასაბუთება რთულია, ხშირ შემთხვევაში კი ექსპერიმენტების გამეორება შეუძლებელია.
მეცნიერებაში, თეორიის ექსპერიმენტული გამყარება მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანის ქცევის შესწავლა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს იმ მწირი ცოდნის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს. ფროიდის შემთხვევაში, საერთოდ რთულია ექსპერიმენტის ფორმულირებაც კი, რომელიც ფსიქოანალიზის პრაქტიკას ცოტა მეტ სიმტკიცეს მისცემდა. ამასთანავე, ფსიქოანალიზის, როგორც თერაპიული პრაქტიკის სარგებლიანობის განსაზღვრაც ძალიან რთულია, რადგან სრული თერაპიის კურსი ხანდახან წლები გრძელდება და პაციენტის პროგრესის განსაზღვრის სტანდარტიზებული მეთოდი არ არსებობს.
ზოგადად ადამიანის ბუნების რაობის განსაზღვრის პრეტენზია შეიძლება ძალიან საშიში იყოს იმიტომ, რომ ადამიანის ბუნების სხვადასხვა გაგება დისკრიმინაციული პოლიტიკის საფუძველშია ხოლმე. ნაწილობრივ ფროიდის და ადრეული ფსიქოანალიტოკსების ავტორიტეტული ტონის და დამაჯერებლობის გამო, უამრავი ადამიანი თავს არასრულფასოვნად დღემდე თვლის. ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის დარგი მრავალი წლის განმავლობაში ბოროტად იყო გამოყენებული ამაზრზენი პოლიტიკის გასატარებლად, იქნება ეს "ორიენტაციის შეცვლის თერაპიები", წამების ტოლფასი პროცედურები და ა.შ.
ადამიანის რეალური ბუნების ცოდნის ლოგიკური გაგრძელებაა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ადამიანური ბუნების გაგებაზე იქნება დაშენებული. სწორედ აქ იბადება სოციალური კონტროლის და რეპრესიის საფრთხე იმიტომ, რომ ნორმიდან გადახრა სტატისტიკური მოვლენა კი აღარაა, არამედ დარღვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის ფარგლებში ჩამოყალიბებულ თეორიებს მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ჰქონდათ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიის დარგის გადააზრება მეცხრამეტე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ფროიდამდე ფსიქიკური აშლილობები დიდწილად "სულის დაავადებებად" და ავადმყოფობად მოიაზრებოდა, ფროიდმა კი, კოლეგებთან ერთად აჩვენა, რომ "მენტალური" ფიზიკურის გაგრძელებაა. მის შეცდომებზე კი უფრო სანდო და უფრო აკურატული დისციპლინები აღმოცენდა. ამ მხრივ, რთულია ფროიდი არ მიაკუთვნოთ ყველაზე გავლენიან მოაზროვნეთა სიას იმის მიუხედავად თუ რას ფიქრობთ მის მემკვიდრეობაზე.
კომენტარები