კვლევის შეზღუდვები — ფსიქოლოგია, მეცნიერება და რეპლიკაციის კრიზისი
ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო მეცნიერებაა, თუმცა, მთელი დისციპლინა ხანდახან კრიტიკის საგანია, რადგან ადამიანების ქცევაზე ჩამოყალიბებული თეორიები ხშირად არაზუსტია. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ადამიანებზე და მათ ტვინებში მიმდინარე პროცესებზე, ისევე როგორც სხვადასხვა ქცევის მიზეზების სოციალურ ფაქტორებზე, ბევრი რამ არ ვიცით.
ეგრეთ წოდებული "კლასიკოსი" ფსიქოლოგების ვარაუდები, იქნება ეს ფროიდი თუ იუნგი, თანამედროვეობაში ხშირად არ საბუთდება და გაუმცდარებელია. "გაუმცდარებელი" ისეთ თეორიას ეწოდება, რომლიც "არასწორიც კი არაა". უკეთ განვმარტავ:
მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო თეორია გამცდარებადი იყოს, ანუ შეგვეძლოს საპირისპიროს დამტკიცება. თუ მეცნიერი ივარაუდებს, რომ რაც უფრო დიდია ობიექტი, მისი მიზიდულობის ძალაც იზრდება, ჩვენ შეგვიძლია ეს შევამოწმოთ. ან ჰიპოთეზის შემთხვევაში, საპირისპირო დავუშვათ და გამოვიკვლიოთ. მოკლედ რომ ითქვას.
დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ იმისთვის, რომ თეორიის ჭეშმარიტება ან სიმცდარე დავასაბუთოთ, ლოგიკურად გამართული არგუმენტები საკმარისი არაა. თეორია პოტენტური მაშინაა, როცა ის დაკვირვებით და ექსპერიმენტით საბუთდება, რომლის გამეორებაც შეგვიძლია.
მაგალითად, ფაქტი, რომ დედამიწა ნივთებს და სხეულებს იზიდავს, საბუთდება. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნივთს ხელი რომ გავუშვათ, ის დავარდება. ზედმეტ გამარტივებას აღარ გავაგრძელებ და უშუალოდ პრობლემაზე გადავალ.
21-ე საუკუნეში აშკარა გახდა, რომ ფსიქოლოგიის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტები და მათზე დაყრდნობით ფორმულირებული თეორიები არ საბუთდება. მეტიც, ზოგი პოპულარული ექსპერიმენტის გამეორებისას, სხვადასხვა მკვლევრები სხვადასხვა შედეგებს იღებენ. ამას რეპლიკაციის კრიზისი დაერქვა.
რა არის მეტამეცნიერება
მეტამეცნიერება მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენებით, თვითონ მეცნიერების შესწავლისთვის გამოიყენება. მისი მიზანი სამეცნიერო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებაა. მარტივად რომ ითქვას, მეტამეცნიერება კვლევების კვლევას გულისხმობს: რამდენად ხარისხიანად ჩატარდა კვლევა? რამდენად კარგადაა გამოყენებული სტატისტიკური მოდელები?
ჯონ იოანიდისის სტატია "Why Most Published Research Findings are False" მეტამეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კვლევაა, სადაც იოანიდისი, როგორც სახელი მიგვანიშნებს, ამტკიცებს, რომ კვლევების დიდი ნაწილი რაც ტარდება, მცდარია.
ხშირად, მეცნიერები კვლევებს არაგულწრფელად ატარებენ, არასწორ განზოგადებებს აკეთებენ და არასწორ სტატისტიკურ და სხვა ტიპის მეთოდოლოგიას იყენებენ. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგალითად, მედიცინის დარგში იმიტომ, რომ კვლევების სისწორე-სიმცდარე, შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლეზეც აისახოს.
მედიცინის დარგში 1990-2003 წლებში ჩატარებული 49 სამედიცინო კვლევიდან, რომელთა ციტირებების რიცხვი 1 000-ს აღემატება, 45 კვლევაში მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ შემოთავაზებული თერაპიები ეფექტიანი იყო. კვლევათაგან 16% მომდევნო კვლევებმა გაამცდარა. მედიცინის სხვადასხვა დარგებში, რეპლიკაციის პრობლემა უფრო აშკარაა.
მაგალითდ, ლი ელისის სტატიამ აჩვენა, რომ "პრე-კლინიკური" კიბოს ექსპერიმენტული კვლევების მხოლოდ 11%-ის გამეორება, ანუ რეპლიკაცია შეიძლება. თუმცა, მედიცინა ერთადერთი დარგი არაა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე აისახება.
მაგალითდ 2016 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე პოპულარულ ეკონომიკურ პუბლიკაციებში გამოქვეყნებული სტატიების 1/3 არ რეპლიცირდება. ეკონომიკის კვლევებზე დაყრდნობით ქვეყნებმა, ბიზნესებმა ან თუნდაც, უბრალოდ მოქალაქეებმა შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც წამგებიანია.
ფსიქოლოგია გამონაკლისი არ არის.
ფსიქოლოგებისთვის ყველაზე საძულველი კითხვა — როგორი ვარ
ჩემი მეგობარი ნეიროფსიქოლოგია, რომელიც თავის დარგში აქტიურად მუშაობს. თუმცა, ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლისას, როცა ის ვინმეს ეტყოდა, რომ ფსიქოლოგიაზე სწავლობდა, ყველაზე ხშირად შემდეგს ეკითხებოდნენ: "აბა როგორი ვარ?"
კითხვა გამაღიზიანებელია, თუმცა ბუნებრივი. ფსიქოლოგთათვის მთავარი ინტერესის საგანი ადამიანების ქცევა და ბუნებაა, ანუ ფსიქოლოგია ცდილობს უკეთ დაგვანახოს როგორები ვართ. "ადამიანის ბუნების" (არ აქვს მნიშვნელობა ის ბიოლოგიითაა განპირობებული თუ სოციალური გარემოებებით) ფუნდამენტურ თვისებებს ხშირად ექსპერიმენტებზე დაყრდნობით განიხილავენ.
მაგალითად, "ეგოს დაცლის" თეორიის მიხედვით, ადამიანებს თვითკონტროლის და გადაწყვეტილებების მიღების, ისევე როგორც "ცდუნებების გაძლების" ლიმიტირებული შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც დროთა განმავლობაში იხარჯება, ანუ "ეგო იცლება". 1998 წლის ექსპერიმენტი ამას ცხადყოფდა.
კვლევის ფარგლებში მოხალისეების ორ ჯგუფს ტესტები დაურიგეს და მაგიდაზე ორცხობილების და ბოსტნეულის "სნექები" დაუდეს. ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ბოსტნეული ეჭამათ და ორცხობილებისგან თავი შეეკავებინათ, მაშინ როცა მეორე ჯგუფს ორცხობილების თავისუფლად ჭამა შეეძლო. ისინი, ვინც ორცხობილებს ვერ ჭამდნენ, ტესტის დაწერას უფრო მალე დანებდნენ.
ეს პოპულარული თეორია ძალიან ბევრჯერაა ციტირებული აკადემიურ სტატიებში, პოპულარულ ვიდეოებში და გამოსვლებში. თუმცა, თანამედროვე კვლევა აჩვენებს, რომ ზემოხსენებული ექსპერიმენტის შედეგები არ მეორდება და თეორია ემპირიულ დასაბუთებას მოკლებულია.
ეს ერთადერთი თეორია არაა, რომლის გამეორებაც პრობლემურია, ის ერთ-ერთია.
მაგალითად, ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ადამიანის სხეულის ენა, მისი დგომის მანერა, მავანის თავდაჯერებულებას განაპირობებს. ანუ, დავუშვათ თუ ვიღაც უფრო გაშლილი მხრებით დადგება, ის მეტ თავდაჯერებულებას მოიპოვებს.
თეორია პოპულარული აღმოჩნდა და მასზე ფსიქოლოგმა ემი კადიმ Ted Talk-იც კი ჩაატარა, რომელსაც 30 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. თეორიის გამოყენება დაიწყეს ფსიქოლოგებმა, თვით-დახმარების გურუებმა და ა.შ.
რა არის ზუსტი მეცნიერება
ხშირად გვესმის, რომ მეცნიერებაში სიზუსტე საჭიროა, თუმცა აშკარაა, რომ ხშირად მეცნიერები საკმაოდ არაზუსტ პრაქტიკას ეწევიან, ხანდახან უბრალოდ მიკერძოებულობის გამო და ხანდახან, საკუთარი კვლევების დასაწინაურებლად.
გავრცელებული სტატისტიკის არაგულწრფელი გამოყენებაც და არაზუსტი მეთოდოლოგიის გამოყენებაც, რასაც მკვლევრები და ფართო პუბლიკა შეცდომაში შეყავს. საბედნიეროდ, სამეცნიერო გამომცემლობებში თვითრეგულირებადი მექანიზმი არსებობს და ხშირად როგორც კი ირკვევა, რომ რომელიმე კვლევა არაზუსტია ან მისი შედეგების გამეორება შეუძლებელია, ამის შესახებ ხშირად იწერება.
თუმცა, რეპლიკაციის პრობლემა განსაკუთრებით ყურადსაღები ფსიქოლოგიის, მედიცინის და სოციალური მეცნეირებების დარგშია. პირველ რიგში, რეპლიკაციის პრობლემა ამ დარგებში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამასთანავე, ფსიქოლოგიაში და მედიცინაში გაკეთებული მიგნებები სოციალურად რელევანტურია.
ანუ, თუ ფიზიკოსი მაღალი ენერგიების ფიზიკაში აკეთებს არასწორ გათვლებს, ის ადამიანების კეთილდღეობაზე პირდაპირ ნაკლებად აისახება, მაშინ როცა მცდარი სამედიცინო კვლევა, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც კი იყოს.
კომენტარები