Microsoft-მა Surface მოწყობილობები განაახლა და ახლებიც გვანახა
Microsoft-ის ღონისძიება სულ ახლახანს გაიმართა და ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი ტექნიკა წარმოგვიდგინა. პრეზენტაციაზე ჩვენ ვიხილეთ ახალი დიზაინის მქონე Surface Pro 8, მეორე თაობის, კამერებით აღჭურვილი Surface Duo 2 და ახალი ფლაგმანური ლეპტოპი, Surface Laptop Studio.
თუ ღონისძიება პირდაპირ ეთერში არ გინახავთ, ამ სტატიით მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ და ყველა იმ პროდუქტს განახებთ, რომელმაც პრეზენტაციაზე გაიბრწყინა. თუ რომელიმე პროდუქტით დაინტერესდებით, აქვე გეტყვით, რომ მათი წინასწარი შეკვეთები ოთხშაბათს დაიწყო. ოფიციალურად კი მათ დახლებზე 5 ოქტომბერს ვიხილავთ.
მოდი დავიწყოთ — ეს Surface Pro 8 გახლავთ.
Microsoft Surface Pro 8-მ განახლებული დიზაინი მიიღო და Surface Pro ხაზი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა. შემცირდა ჩარჩოების ზომები, გაიზარდა ეკრანი და ის ახლა 13 ინჩიანი სენსორია. Surface Pro 8-მ ორი Thunderbolt 4 პორტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას USB-A პორტი აღარ ექნება. ასევე, მას Surface Slim Pen 2-ის მხარდაჭერაც ექნება.
Surface Laptop Studio
ეს Microsoft-ის მთავარი ფლაგმანური ლეპტოპი იქნება. თქვენ შეძლებ ეკრანი წინ წამოწიოთ და ცენტრალუც ჩარჩოს დააშოროთ, რაც მისი შეხებით მართვის ან ხატვის პროცესს გაგიმარტივებთ. ლეპტოპი Intel-ის მე-11 თაობის პროცესორებით აღიჭურვება და რაც ყველაზე მთავარია, ის RTX 3050 Ti-სა და RTX 3060 ვიდეო ბარათებსაც მიიღებს.
Microsoft Surface Duo 2
Microsoft-მა მომხმარებელთა მოთხოვნები გაითვალისწინა და Surface Duo 2-მა ბევრი მნიშვნელოვანი განახლება მიიღო. პირველ რიგში, მოწყობილობა ფლაგმანური პროცესორით, Snapdragon 888-ით აღიჭურვა, ამასთანავე მან მიიღო 5G ქსელების მხარდაჭერაც და სამმაგი კამერის სისტემაც. ასევე, დაკეცილ მდგომარეობაში მას გვერდიდან მინიატურული ეკრანი დაემატა, რომელიც დროსა და ელემენტის მოცულობას გვიჩვენებს.
Microsoft Surface Slim Pen 2
Microsoft-მა ახალი კალამიც წარმოგვიდგინა, რომელსაც ჩაშენებული ტაქტილური სენსორები ექნება, რათა გამოყენების დროს ხელში უკეთ შევიგრძნოთ.
Surface Go 3
Microsoft-მა ყველაზე იაფიანი Surface Go 3-იც განაახლა და მან Intel-ის ახალი პროცესორები მიიღო.
პრეზენტაციაზე ასევე ვიხილეთ ახალი მაუსი, რომელიც Microsoft-ის თქმით, ოკეანეებიდან ამოღებული გადამუშავებული პლასტმასით შეიქმნა.
ეს არის ის ყველა ძირითადი მოწყობილობა, რაც Microsoft-ის პრეზენტაციაზე ვიხილეთ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ერთპიროვნულად Microsoft Laptop Studio გახლავთ. ახალი ფლაგმანური ლეპტოპი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, ის Windows 11-ზე განსაკუთრებულად იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ პროდუქტები ოფიციალურად გაყიდვაში 5 ოქტომბერს ჩაეშვება, მანამდე მათი წინასწარი შეკვეთა Microsoft-ის ოფიციალური საიტიდან შეგიძლიათ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები