მარსის ქალაქები, შესაძლოა, ასტრონავტების შარდისა და სისხლის გამოყენებით აშენდეს
მარსის ათვისების პროცესში სამშენებლო მასალების მოპოვების პრობლემა შეიძლება შეგვექმნას, თუმცა, მეცნიერების თქმით, გამოსავალი თავად ასტრონავტებში, კერძოდ, მათ სისხლსა და შარდში იქნება. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ მარსზე ქალაქების ასაშენებლად ასტრონავტების მსხვერპლად შეწირვა იგეგმება.
პრობლემა შემდეგია — დედამიწის ორბიტაზე მძიმე მასალის გატანა ძალიან ძვირი ჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ხანგრძლივ და გაწელილ პროცესზე. საშუალოდ, მარტო ერთი აგურის მარსამდე ჩატანა 2 მილიონი დოლარი ჯდება. შესაბამისად, მეცნიერების განზრახვა, მარსზე მშენებლობა ადგილობრივი მასალით მოხდეს აშკარაა.
მარსს აქვს უამრავი რეგოლითი (ფხვიერი ქვები და ნიადაგი), რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მომავალი სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი, მაგრამ პლანეტაზე არ მოიპოვება ის, რაც ამ მასალას დააკავშირებს. ამიტომ, მეცნიერები იკვლევენ შესაძლებლობას მიიღონ ის, რაც საჭიროა ასტრონავტების სხეულიდან.
სასურველი შედეგის მისაღებად დოქტორი ალედ რობერტსი მანჩესტერის უნივერსიტეტიდან და მისი კოლეგები აერთიანებენ ადამიანის შრატის ალბუმინს (HSA) მარსისა და მთვარის მტვერის მიმსგავსებულ მასალასთან.
შედეგად მეცნიერებმა მიიღეს მასალა, რომელსაც მათ AstroCrete უწოდეს. მასალას შეუძლია გაუძლოს შეკუმშვის 25 მეგაპასკალს. ეს დედამიწაზე ბეტონის მოხმარების დროს გამოიყენება და მარტივად იმუშავებს მარსის დაბალი გრავიტაციის ფონზე.
მთვარის ქალაქების ასაშენებლად სისხლის გამოყენების იდეების შემდეგ, გუნდმა აღმოაჩინა, რომ მათ შეეძლოთ კიდევ უფრო შორს წასულიყვნენ, დაემატებინათ რა შარდიც, რაც შეკუმშვის 40 მეგაპასკალს იძლევა. ფაქტია, ასტრონავტებისთვის სისხლის ჩაბარებაზე უფრო კომფორტული შარდის "შეწირვა" იქნება.
"მეცნიერები ცდილობდნენ სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიების შემუშავებას მარსის ზედაპირზე ბეტონის მსგავსი მასალების წარმოებისათვის, მაგრამ პასუხი შეიძლება ჩვენში იყოს", — ამბობს რობერტსი.
ადამიანის ორგანიზმი ყოველდღიურად 12-დან 25 გრამამდე ალბუმინს აწარმოებს (HAS) და მისი უსაფრთხოდ მოპოვება შესაძლებელია კვირაში რამდენჯერმე სამედიცინო ტექნოლოგიის გამოყენებით. მკვლევრების ანგარიშით, 72-კვირიანი მისიისას, ექვსი ასტრონავტი 250 კილოგრამი "ასტროკრეტის" წარმოებას შეძლებს. ამ მონაცემებით, თითოეულ მისიას ერთი "სახლის" აშენება შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ იდეა არ არის ახალი და სისხლის დონაცია მშენებლობისთვის აქამდეც გამოუყენებიათ, თუმცა, ეს ხდებოდა ბევრად ადრე და ძირითადად ცხოველების სისხლით.
"უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ კოსმოსური ეპოქის მნიშვნელოვან გამოწვევაზე პასუხი შუა საუკუნეებში გამოყენებულ მეთოდში შეიძლება იყოს", — თქვა რობერტსმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები