დღეს iPhone 13 და iPhone 13 Pro გამოვა — როდის და როგორ ვუყუროთ ღონისძიებას
შემოდგომა დადგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Apple-ის ღონისძიებების სეზონი მოვიდა.
დღეს, ჩვენი დროით 21:00-ზე წლის მთავარი ღონისძიება გაიმართებდა და დედამიწას ახალი iPhone მოევლინება. მსგავსად გასული წლის ღონისძიებისა, კორონავირუსის გამო, წლევანდელიც ონლაინ გაიმართება. ეს Apple-ისთვის ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა.
იმ ინფორმაცისა თუ ფოტოებზე დაყრდნობით, რომლებიც რამდენიმე თვეა უკვე ვრცელდება, წლევანდელ ივენთზე დრამატულ ცვლილებებს ვერ ვიხილავთ, როგორც ეს მაგალითად შარშან, iPhone 12-ის გამოსვლის დროს მოხდა. დიზაინის მხრივ ყველაზე დიდ ცვლილებას სავარაუდოდ Apple Watch და AirPods მიიღებენ, iPhone 13 კი მეტნაკლებად ისევ ისეთი იქნება, როგორიც 12 იყო.
როგორც უკვე ვთქვით, ღონისძიება 21:00-ზე დაიწყება და მის ნახვას აქვე, YouTube-ის ამ ვიდეოს საშუალებით შეძლებთ.
ახლა კი ცოტა უკეთ გავიგოთ თუ რას უნდა ველოდოთ Apple-სგან დღეს.
iPhone 13 და 13 Pro
iPhone 13-ში დიზაინის დრამატულ ცვლილებებს ვერ ვნახავთ და ის წინამორბედს საკმაოდ ემსგავსება, თუმცა მინგ-ჩი კუო-ს თქმით შესაძლოა უფრო პატარა კუნძული ვიხილოთ. ასევე, ამჯერად ეკრანს მაღალი განახლების სიხშირე ექნება. ასევე, ეკრანი LTPO მეთოდით დამზადებული იქება, მას უკვე იყენებს Apple თავის საათებში. სმარტფონი სავარაუდოდ განახლებულ და უფრო ძლიერ MagSafe მაგნიტსაც მიიღებს, ასევე მოსალოდნელია, რომ iPhone 13 Always-On Display-თი აღიჭურვოს. უნდა ველოდოთ გაზრდილ ელემენტსაც.
ეკრანზე მეტად ჩვენ მაინც კამერები გვაინტერესებს და iPhone 13-ში დიდ განახლებებს სწორედ აქ ვიხილავთ. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, სმარტფონს გაცილებით უკეთესი ფართოკუთხოვანი კამერა ექნება, ასევე უნდა ველოდოთ უკეთეს ოპტიკურ ზუმს და ვიდეოს გადაღების უკეთეს რეჟიმს. ასევე, iPhone 13 ProRes-ის მხარდაჭერასა და პორტრეტის რეჟიმის ვიდეოში გამოყენების საშუალებასაც მოგვცემს. ასევე მოსალოდნელია, რომ ახალ სმარტფონებში ისეთივე ასტროფოტოგრაფიის რეჟიმს ვიხილავთ, როგორიც Google Pixel-ებს აქვთ.
Apple Watch Series 7
Apple Watch Series 7-ის დებიუტი iPhone 13-ებთან ერთად შედგება, თუმცა სმარტფონებისგან განსხვავებით აქ უფრო მეტ ცვლილებას ველით. Apple-ს საათების დიზაინი Series 4-ის მერე ფაქტობრივად არ განუახლებია. Series 7 ახალ ზომებს მიიღებს და ის 41 და 45მმ-იანი იქნება.
ძირითადი სხვაობა წინამორბედთან შედარებით დიზაინი იქნება. საათის გვერდები ისეთივე ბრტყელი იქნება, როგორიც ეს iPhone 12-ს და მომავალ 13-ს აქვთ. გაიზრდება ეკრანის ზომაც და ამასთანავე, ჩიპსეტის ფიზიკური ზომის შემცირების ხარჯზე Apple საათის ელემენტის ზომასაც გაზრდის, რაც ავტომატურად ნიშნავს უკეთეს სიცოცხლისუნარიანობას.
AirPods 3
Apple-ის ყველაზე იაფიანი AirPods-ები თითქმის ორი წელია არ განახლებულა, ანუ სიახლის დროც დადგა. გავრცელებული ხმების მიხედვით AirPods-ის მესამე თაობა ახალ დიზაინს მიიღებს და ისინი AirPods Pro-ს მსგავსი იქნება. ახალი ყურსასმენების შესახებ ბევრი დეტალი არ ვიცით, ამიტომ ჯობს ღონისძიებას დაველოდოთ.
ასევე, ღონისძიებაზე ჩვენ ვიხილავთ ახალ iOS 15-ს, iPadOS 15-სა და macOS Monterey-ს. შესაძლოა ბევრი თქვენგანი iPad Mini-ს, iPad-ს და ახალ Mac-ებსაც ელოდა, თუმცა მათი გამოსვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია ზუსტად არ გავრცელებულა. ასევე ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ Apple ამდენ პროდუქტს ერთ ღონისძიებაზე გვანახებს. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, შემოდგომა Apple-ის ღონისძიებების სეზონია, ამიტომ ახალ აიპადებსა და მაკებს, სავარაუდოდ, ოქტომბრისკენ უნდა ველოდოთ.
კომენტარები