რატომ არის იაპონური კულტურა ნოსტალგიისადმი ასე მიდრეკილი
იმის მიუხედავად, რომ იაპონია ტექნოლოგიურ განვითარებასთან ასოცირდება, ქვეყანა ანალოგური მოწყობილობებისადმი სიყვარულს ინარჩუნებს.
ტოკიოში ნიპორის მიმდებარე ტერიტორია ცნობილია "ძველი ქალაქისეული" ატმოსფეროთი. საბითუმო ვაჭრობითა და ქუჩის ბაზრობებით სახელგანთქმულ ამ უბანში მუდმივად ირევა საყიდლებზე გამოსული ხალხი. სწორედ აქ, მეორეული ნივთებით მოვაჭრეთა შორის გადააწყდებით ფოტოაპარატების მაღაზიას, რომელიც 2016 წელს გაიხსნა. მაღაზიის ერთი მთლიანი კედელი შუშის მიღმა გამოფენილ იმ კამერებს უკავიათ, რომლებიც ნოსტალგიას ასხივებენ.
მაღაზიაში მომხმარებელი შედის და გამყიდველს ახალ ელემენტებს სთხოვს. ამის პარალელურად ის თავის ჩანთიდან 40 წლის წინ გამოშვებულ შვედურ ფირიან ფოტოაპარატს იღებს. დაახლოებით 15 წლის განმავლობაში კაცი ციფრული კამერის მომხმარებელი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაახსენდა, რომ შვედური კამერა ბავშვობისდროინდელ სახლში ჰქონდა საშვილიშვილოდ გადანახული, მისი გამოყენება გადაწყვიტა.
კამერების მაღაზია მიცუბა-დოუ ძველი ფოტოაპარატების შეკეთებასა და შემდგომ მათ გაყიდვაზე მუშაობს. აქ ვერ ნახავთ უახლეს ციფრულ კამერებს; მაღაზია მომხმარებელს მხოლოდ ძველმოდურ ფირის ფოტოაპარატებს სთავაზობს. მაღაზიის ახალგაზრდა მეპატრონე, შინიჩირო ინადა ახლახან გადასცდა 30 წელს. ის ოსტატურად ცვლის ელემენტებს და აპარატში ახალ ფირს დებს. "ახლა უკვე შეგიძლიათ, კვლავ მოიხმაროთ თქვენი კამერა", — ამბობს ინადა და აპარატს პატრონს უბრუნებს. მომხმარებელი კმაყოფილია; მას უკვე შეუძლია კვირის ბოლოს ფოტოგრაფიის უორქშოფზე წასვლა.
"ჩვენს მომხმარებლებს შორის ისეთი ფოტოგრაფებიც არიან, რომლებიც 50 წელია, რაც ამ კამერებს იყენებენ და არიან ახალბედებიც, რომელთა უმეტესობა აქამდე ფირიან ფოტოაპარატს არც კი შეხებია", — ამბობს ინადა, — "ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა 10-დან 20 წლამდე ასაკის არიან. როგორც ჩანს, მათ ფირით გადაღებული იმ სურათების უნიკალური ესთეტიკა ხიბლავთ, რომლებიც ხშირად გვხვდება ინსტაგრამის მსგავს სოციალურ ქსელებში".
ჰაი-ტექი თუ ლოუ-ფაი?
იაპონია ზოგადად "ჰაი-ტექ" საზოგადოებად მიიჩნევა. სონის Walkman, Nintendo-ს სათამაშო კონსოლები, მობილური ტელეფონები და QR კოდები მცირე ჩამონათვალია იაპონური ტექნიკისა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა.
ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, იაპონიის ბიუჯეტი სამრეწველო ტექნოლოგიური განვითარებითა და კვლევების კუთხით 2019 წელს მესამე ადგილს იკავებდა აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რობოტიკის, ავტომობილებისა და კოსმოსის ათვისების სფეროში იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, იაპონიას ანალოგური კულტურაც აქვს; მოსახლეობაში ფირიანი ფოტოაპარატებისადმი ინტერესის ზრდა იმ ტენდენციის ნაწილია, რომელიც ააშკარავებს, რომ ადამიანები ინოვაციურ ციფრულ ტექნოლოგიებზე უარს ანალოგურის სასარგებლოდ ამბობენ.
ფირიანი ფოტოაპარატების მოყვარულთა სამოთხე
"ანალოგური ტექნოლოგიის მოყვარულთათვის იაპონია სამოთხეა", — ამბობს ბელამი ჰანტი, ფირიანი ფოტოაპარატების ენთუზიასტი ინგლისიდან, რომელიც ტოკიოს გარეუბანში ცხოვრობს.
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შემდეგ ჰანტმა 2004 წელს იაპონია აარჩია საცხოვრებლად. შვიდი წლის შემდეგ მან ფირიანი ფოტოაპარატების ონლაინ მაღაზიაც გახსნა, სახელად Japan Camera Hunter (იაპონიის კამერებზე მონადირე).
მანამდე ჰანტმა ორი წელი პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ რეკომენდებულ კამერების მაღაზიაში იმუშავა. გამოცდილებამ მას აჩვენა, რომ იაპონიაში შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს — აქ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. კამერების გაყიდვა-შეკეთების გარდა, ჰანტმა ფირის გამჟღავნება და ფოტოაპარატებთან სწორად მოპყრობა ისწავლა; მიზნად კი მომხმარებლებისთვის საუკეთესო მომსახურების მიწოდება დაისახა. მან გააცნობიერა, რომ, თავის მხრივ, მომხმარებლებიც ზრუნავენ საკუთარ კამერებზე და პროფესიული უნარების გამოწვრთნა მათთვის სიამაყის წყაროა.
ჰანტის ღრმა რწმენით, სწორედ ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს იმას, რომ იაპონიაში ხარისხიანი ფირიანი ფოტოაპარატების სიმრავლეა. დღესდღეობით არაციფრული კამერების მოყვარულები ფოტოაპარატებს მეორადებში ყიდულობენ. სხვა ქვეყნებში ხელმისაწვდომ ფირიან ფოტოაპარატებთან შედარებით, კამერები, რომლებიც იაპონიაში იყიდება, ნაკლებად დამტვერილები და საუკეთესოდ მოვლილნი არიან.
ჰანტის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იაპონიის არაციფრული კამერების ბაზარს გამოარჩევს, ხელმისაწვდომობაა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ანალოგურმა ფოტოაპარატებმა არა მხოლოდ რამდენიმე თავდადებული ფოტოგრაფის გული მოიგეს, არამედ ფართო მასების ხელშიც გადაინაცვლეს. ორივე, cheki (ფუჯიფილმის პოლაროიდის სტილის კამერის ზედმეტსახელი) და utsurundesu (ფუჯიფილმის ერთჯერადი მოხმარების კამერა), მათი წარმოებიდან 20 წლის შემდეგაც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება და ხელმისაწვდომობასაც არ კარგავს. დიდ ქალაქებში თავმოყრილი ელექტრონიკის ჰიპერმარკეტები და მეორადი მაღაზიები კი მომხმარებლებს ყველა შესაძლო წარმომავლობის ფირიანი ფოტოაპარატების ფართო არჩევანს სთავაზობს.
ჰანტი იაპონიაში ჩასულ ტურისტებს ურჩევს, რომ ფირიანი ფოტოაპარატების ყიდვისას პატივისცემა გამოხატონ. კარგ მანერებს იაპონელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაღაზიაში შესვლისას გამყიდველს აუცილებლად უნდა გაუღიმოთ. დახლებზე გამოფენილ ნივთებს კი სიფრთხილით უნდა მოეპყროთ. ამის შემდეგ თავად გამყიდველიც არაფერს დაიშურებს იმისთვის, რომ საუკეთესო შენაძენით დაგატოვებინოთ იქაურობა.
ვიზუალური ხელოვნება
ტოკიოში, ნაკამეგუროს ერთ-ერთ ქუჩაზე Waltz-ს წააწყდებით. ეს ერთ-ერთი იშვიათი მაღაზიაა მსოფლიოში, სადაც კასეტებს ყიდიან. მაღაზია 2015 წელს გაიხსნა და იქ ახლა 6000-ზე მეტი კასეტაა თავმოყრილი. კასეტების ნათელი და ფერადი გარეკანები ხის უნიკალურ ინტერიერთან უცნაურ კონტრასტს ქმნის — აქაურობა ნაკლებად იწვევს სიძველისა და ნოსტალგიის შეგრძნებას.
"კასეტა არა წარსულის გადმონაშთი, არამედ ახალი, სწრაფად მზარდი მუსიკალური კულტურის ნაწილია", — განმარტავს ტარო ცუნოდა, Waltz-ის მეპატრონე. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში შედარებით ძველ, მეორად კასეტებსაც შეხვდებით, აქაურობა ახალ ჩანაწერებზე უფროა კონცენტრირებული.
ცუნოდას თქმით, 2010 წლიდან მოყოლებული კასეტების პოპულარობა გაიზარდა ხელოვანებში — ძირითადად, ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან — რომლებმაც ამ ფორმით ხელახლა დაიწყეს მუსიკის წარმოება. ამის შედეგად კასეტაზე ჩაწერილმა მუსიკამ ხელმეორედ მოიპოვა პოპულარობა. მუსიკის კვლევაზე ორიენტირებული კომპანიის, BuzzAngle Music-ის მიხედვით, 2018 წელს კასეტების გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა.
"მართკუთხა ფორმის კასეტები მუსიკოსის მიერ შექმნილ ხელოვნების წიგნს მოგაგონებთ. ჩემი მაღაზიაც სწორედ ამ ნამუშევრების, როგორც ვიზუალური ხელოვნების ნიმუშების, წარმოჩენას ემსახურება", — ამბობს ცუნოდა. მან მაღაზიის ინტერიერი თანამედროვე ხელოვნების გალერეის სტილში დააპროექტა. აქ მეორადი კასეტებიც კი შეფუთული და იდეალურ მდგომარეობაშია. ამასთან, თითოეულ კასეტას თავისი განსაზღვრული ადგილი აქვს. "ყურადღება დეტალებშია. ალბათ ამ მხრივ ზედმეტად იაპონელი ვარ", — ხუმრობს ცუნოდა.
Waltz-ში შესულ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი უცხოელია. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა მუსიკის სფეროში მოღვაწეობს, არიან ასევე მოდისა და დიზაინის ექსპერტებიც.
"როგორც ნივთი, კასეტა უდავოდ მიმზიდველია. გაციფრულებამ და სტრიმინგმა მუსიკა არაფრად აქცია. მე კი ვფიქრობ, რომ მუსიკა ხელშესახები უნდა იყოს. იმდაგვარი რამ, რასაც ხელს მოკიდებ, მის გარეკანს შეხედავ და მის აურას შეიგრძნობ. მაღაზიის გარეთ მსგავს გამოცდილებას ვერ მიიღებ", — ამბობს ცუნოდა.
სტატუს-კვო თუ მომავლისკენ სვლა?
კანსაის უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტის და სოციოლოგიის პროფესორის აკირა ტაკამაცუს თქმით, "იაპონიის ანალოგური ტექნოლოგიის პოპულარობა პირდაპირ კორელაციაშია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან".
2001 წელს ტაკამაცუმ უნივერსიტეტში ერთობ თამამი პროექტი წამოიწყო, როცა ფინანსურად დამოუკიდებელი მუსიკის ჩამწერი კომპანია დააარსა და მუსიკის შექმნას სტუდენტების მხარდამხარ შეუდგა.
"არაციფრულ ჩანაწერებში ხმა უნიკალურად თბილი და ღრმაა. სწორედ ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ უყვართ ფირფიტა", — ამბობს ის, — "მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არჩევს ხალხი ვინილებს. აუდიო ბუმი იაპონიაში მეოცე საუკუნის 70-იან წლებში იყო და ის ომის შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას დაემთხვა. ადამიანებს მატერიალური უსაფრთხოების განცდა დაეუფლათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა, არა მარტო ყოველდღიური საჭიროებებისთვის დაეხარჯათ ფული, არამედ ახალი კულტურული ფენომენისთვისაც, რომელსაც იმ დროს მუსიკალური ფირფიტები წარმოადგენდნენ".
ტაკამაცუს განმარტებით, მუსიკის ფირფიტებზე ჩაწერა წარმატებასთან იგივდებოდა. მისი თქმით, "ჩანაწერებში ვინც ერკვეოდა, მაღალი სტატუსის მქონედ მიიჩნეოდა".
ტაკამაცუ იაპონიაში უკანასკნელი ოცდახუთი წლის ეკონომიკური სტაგნაციით ხსნის რეტრო სტილისადმი სიყვარულის გაღვივებას. "როცა სოციალური მობილობა არ უმჯობესდება 25 წლის განმავლობაში — რაც მომუშავის კარიერის ნახევარზე მეტი დროა — ტრენდული ნივთების შეძენა უფრო და უფრო ძვირადღირებული სიამოვნება ხდება", — ამბობს ის.
რა მიზეზიც უნდა იყოს — ერთ ადგილზე გაყინული ეკონომიკა, ჰიპსტერული ხარჯვის სტილი თუ, უბრალოდ, ნოსტალგია — იაპონელების სიყვარული ძველი მოწყობილობებისადმი ამტკიცებს, რომ რაც გაფუჭებული არ არის, არც შეკეთებას საჭიროებს.
კომენტარები