მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრიცერატოპსის ჩონჩხი აუქციონზე გაიყიდება
გსურთ გყავდეთ დინოზავრი? ახლა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ შეიძინოთ ერთ-ერთი ყველაზე "ცნობილი" დინოზავრი, უფრო ზუსტად კი მისი ნაშთები.
ახლა პარიზში, აუქციონის სახლში 66 მილიონი წლის წინ მცხოვრები ტრიცერატოპსის ჩონჩხი იყიდება. დინოზავრს "დიდი ჯონი" დაარქვეს, ის ტრიცერატოპსის ყველაზე დიდი ეგზემპლარია, რაც კი ოდესმე აღმოუჩინიათ.
იკონური ტრიცერატოპსები ბალახის მჭამელი დინოზავრები იყვნენ და მათი იდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა უნიკალური თავის ქალისა და სამი რქის ხარჯზე. აქედან მისი დასახელებაც, რაც ბერძნულად სამ-რქიან სახეს ნიშნავს.
დიდი ჯონის ისტორია
ტრიცერატოპსები ჩრდილოეთ ამერიკაში სახლობდნენ, ხოლო დიდი ჯონის ძვლები აღმოაჩინეს სამხრეთ დაკოტაში 2014 წელს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დიდი ჯონი ცხოვრობდა ლარამიდიაში, კუნძულ-კონტინენტზე, რომელიც გადაჭიმული იყო დღევანდელი ალასკიდან მექსიკამდე. მისი ჩონჩხი ძალიან კარგად არის შემონახული.
აღმოჩენიდან რამდენიმე წელიწადში დიდი ჯონი იტალიაში გაიყიდა. მოგვიანებით, ბოლონიის და კიეტის უნივერსიტეტის მკვლევრებისგან შემდგარმა გუნდმა გაწმინდა და გააერთიანა ნამარხის თითოეული ნაჭერი დინოზავრის ჩონჩხის რეკონსტრუქციის მიზნით. შედეგად, დიდი ჯონი 5-დან 10%-ით აღემატება დღემდე ცნობილ ყველა სხვა ტრიცერატოპს.
ის, რაც დიდ ჯონს გამოარჩევს თავისი "თანატომელებისგან", ეს მისი სიმაღლეა — 8 მეტრი. აუქციონის სახლის თანახმად, მას აქვს თავის ქალა, რომლის სიგრძე 2.62 და სიგანე 2 მეტრია, ხოლო რქები სიგრძეში 1,1 მეტრია. თავის დროზე მას თავისუფლად შეეძლო 16 ტონა ზეწოლის გაძლება.
აუქციონამდე ჩონჩხი რამდენიმე დღით გამოიფინება და უკვე ოქტომბერში გაიყიდება. აუქციონერები პროგნოზირებენ, რომ ჩონჩხი დაახლოებით 1,7 მილიონ დოლარად გაიყიდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები