Google Pixel 6-ს ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სენსორი ექნება
Google-მა მომავალი Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს შესახებ მცირედი ინფორმაცია უკვე გაგვაცნო და სმარტფონების რამდენიმე ფოტოც გვანახა. Pixel 5 ალბათ ყველას გვახსოვს, მისი თითის ანაბეჭდის სენსორი სმარტფონის უკანაა განთავსებული. Pixel 6-ის ფოტოებიდან ცხადად ჩანს, რომ სენსორი აქ აღარ იქნება, თუმცა სად წაიღებდა მას გუგლი ან ექნებოდა თუ არა ბიომეტრიული სკანერი სმარტფონს, აქამდე არ ვიცოდით.
Hiroshi Lockheimer-მა Pixel 6 Pro-დან მოპოვებული რამდენიმე სქრინშოთი გაგვიზიარა. (ლოქჰეიმერი ანდროიდის დამაარსებელთა ჯგუფის ერთ-ერი წევრია) პოსტი მალევე წაიშალა, თუმცა ფოტოების მოპოვება ჩვენ მაინც შევძელით.
ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ სმარტფონის განსაბლოკად თითის დადება ეკრანზე მოგვიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიომეტრიული სკანერი სწორედ ეკრანის ქვეშ იქნება მოთავსებული.
აქვე შეგახსენებთ — Pixel 6 Pro 6,7 ინჩიანი, 120 ჰერციანი QHD+ ეკრანით აღიჭურვება და მისი გარჩევადობა 1440x3120 იქნება. შედარებით პატარა Pixel 6 კი 6,4 ინჩიან, 90 ჰერციან ეკრანს მიიღებს, რომლის გარჩევადობაც 1080p+ იქნება.
Pixel 6 და Pixel 6 Pro პრემიუმ კლასის სმარტფონები იქნება, რასაც ვერ ვიტყვით მათ წინამორბედ Pixel 5-ზე, რადგან ალბათ ყველას გახსოვთ, ის ბიუჯეტური პროცესორით გამოვიდა. Google ამ მიდგომას შეცვლის და მეტიც, Pixel 6-ებში ჩვენ გუგლის მიერ შექმნილ Tensor პროცესორს ვიხილავთ, რაც გვაძლევს იმედს, რომ სმარტფონი ანდროიდ ეკოსისტემას კიდევ უფრო კარგად მოერგება. ასეთი მაგალითი უკვე გვაქვს Apple-ის სახით. iOS იდეალურად მუშაობს ეფლის პროცესორებთან ტანდემში და ასეთივე შედეგებს ველით გუგლის მომავალი სმარტფონებისგანაც.
ასევე, ახალი პიქსელები 18 ვატის მაგივრად 33 ვატიანი დამუხტვის სიჩქარეს მიიღებენ, თუმცა სმარტფონებს დამტენები ყუთში აღარ მოყვებათ. ასევე, სიახლე იქნება სმარტფონის კამერებშიც და უნდა ვიმედოვნოთ, რომ Pro მოდელი მაინც ულტრაფართო კამერასთან ერთად ტელეფოტო ლინზასაც მიიღებს. მეტი დეტალისთვის კი ისღა დაგვრჩენია, რომ უბრალოდ დაველოდოთ ოფიციალურ პრეზენტაციას, რომელიც ამ შემოდგომას გაიმართება.
კომენტარები