რას გვიყვება კვლევა 9 მილიონი წლის წინ, წყალსადენში ჩაფლულ მარტორქებზე, ჰიპოპოტამებსა და ცხენებზე
9 მილიონი წლის წინ ახლანდელ ესპანეთში მდებარე სარწყავი არხი თავდაპირველად თავშესაფარი, შემდგომში კი საბოლოო განსასვენებელი გამხდარა ჰიპოპოტამების, მარტორქების, ცხენებისა და ხმლისებრ კბილებიანი კატების ჯოგებისათვის.
ჟურნალ Palaeogeography, Palaeoclimatology, Palaeoecology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უამრავი ცხოველი დაიღუპა შიმშილით, გაუწყლოებითა და სარწყავ არხში ჩაფლობით (რომელიც ზომაში თანდათან მცირდებოდა), გვალვის სამ სხვადასხვა პერიოდში. წვიმის დაწყებისას ცხოველთა ნარჩენები დანალექში გამალებით იმარხებოდა, რითიც ლეშისმჭამლებსა და ამინდისმიერ ეროზიას მეტწილად თავიდან იცილებდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ისინი 9 მილიონი წლისაა, მაინც არაჩვეულებრივადაა შენახული", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა დეივიდ მარტინ-პერეამ, მადრიდის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგმა.
ადგილზე მარტინ-პერეამ და მისმა კოლეგებმა ბაყაყების, მღრღნელების, ჩიტებისა და ორი ჩანასახოვანი ცხენის მყიფე ნარჩენების არაერთი სახესხვაობა აღმოაჩინეს.
შეკრების ადგილი
გვიანი მიოცენის პერიოდში, სამხრეთის რეგიონი, იგივე ახლანდელი მადრიდი, ტყის მასივისა და სათიბ-საძოვარი სავარგულებისგან შედგებოდა და სარწყავი თხრილებით იყო მონიშნული, რომელიც ქვეშ ქვენაფენი კირქვისა და თიხის ქვის ნაპრალებში გახლდათ გათხრილი. 2007 წელს მაღაროელებმა ძვლების სახით განძი აღმოაჩინეს, რომელიც ამ უძველესი სარწყავი არხებიდან ერთ-ერთში აღმოჩნდა.
აქედან მოყოლებული, პალეონტოლოგებმა ათასობით ძვალი იპოვეს მადრიდიდან 30 კოლომეტრით დაშორებულ 9 რეგიონში. ახალმა კვლევამ ყურადღება აქედან ერთ-ერთ რეგიონს, Batallones-10-ს მიაპყრო. ადგილი სარწყავ არხს წარმოადგენდა და განამარხებული ძვლების სამ სხვადასხვა ფენას მოიცავდა, სადაც უამრავ სახეობათა 9 ათასამდე ნამარხი იპოვეს. მათ შორის ნარჩენები 15 უზარმაზარ ძუძუმწოვარს ეკუთვნოდა — გადაშენებულ ცხენებს, მასტოდონტებს, მარტორქებს, მუშკსა და მსხვილფეხა რქოსან საქონელს. ცხოველთაგან ხუთი ხორცისმჭამელი აღმოჩნდა: ხმლისებრ კბილება კატის ორი სახეობა, აფთრის მონათესავე სახეობა, კვერნისებრნი (დღევანდელი სინდიოფალების, მაჩვებისა და წავების მონათესავე სახეობა) და აილურიდი (დღევანდელი წითელი პანდის გადაშენებული ნათესავი).
რეგიონი ასევე აქამდე არნახულ სახეობა Decennatherium rex-ს, ოკაპის მაგვარ ჟირაფსაც მასპინძლობს.
გვალვისგან გამოწვეული სიკვდილი
ამ ადგილას ამფიბიებისა და კუების არსებობა გარშემო სათიბ-საძოვარ სავარგულზე ნოტიო ოაზისის არსებობაზეც მიუთითებს. ძვლებმა მტაცებლობის — ლეშის შეჭმის ან ფეხით გათელვის — ცოტა ნიშანი აჩვენა, რისი მიხედვითაც სიკვდილის შემდეგ ცხოველები საკმაოდ მალე დაიმარხნენ.
ყველა ამ ფაქტორს დამატებული იმით, რომ ცხოველები დროის სამ სხვადასხვა ინტერვალში დაიხოცნენ, მარტინ-პერეამ და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ სიკვდილის მიზეზი გვალვა იყო.
"ადგილი გვალვით დაღუპულ ნამარხთა შეკრების კლასიკური მაგალითია", — განუცხადა მარტინ-პერეამ Live Science-ს.
მკვლევრები აცხადებენ, რომ ცხოველთა კბილების ანალიზზე დაყრდნობით, რომელმაც დროის განმავლობაში მათი საკვებისა და სასმლის შესახებ მიაწოდა მათ ინფორმაცია, ადგილი იმ რეგიონში მდებარეობს, რომლისთვისაც სეზონური სიმშრალის პერიოდები იქნებოდა დამახასიათებელი. ამასთანავე, ბევრი ცხოველი დაიხოცა წყლის რესურსთან ახლოს მოკლე პერიოდში, ნამარხები კი აჩვენებს, რომ ბევრი ისეთი მათგანი იკრიბებოდა ერთ ადგილას, რომლებიც ჩვეულებრივ ერთად არ მოგროვდებოდნენ, რაც ტენიანობისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. ამას გარდა, სხვა გეოლოგიური ინდიკატორებიც მიანიშნებს, რომ გვალვისკენ მიდრეკილ ადგილთან გვაქვს საქმე.
ამავდროულად, ცხოველები ახალგაზრდა ასაკში განამარხდანენ, რაც კიდევ ერთხელ ამართლებს გვალვის გარემოებას: ახალგაზრდა ცხოველებს ნაკლები რეზერვი აქვთ რთული სიტუაციებისათვის და გვალვაზე თანამედროვე დაკვირვებით, პირველები კვდებიან.
ახალგაზრდა მსხვერპლთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, არა გაუწყლოებით, არამედ შიმშილით მოკვდა. წყლის სხვა რესურსების ამოშრობასთან ერთად, Batallones-ის ოაზისში უფრო და უფრო მეტი ცხოველი შეგროვდებოდა. ისინი არ მოისურვებნენ წყლის ამ წყაროდან შორს გამგზავრებას, ამიტომაც ახლომახლო მცენარეულობას მანამ გადაჭამდნენ, სანამ ძალიან ცოტა საკვები არ დარჩებოდა. შიმშილისა და წყურვილისგან შეწუხებული ზოგიერთი ცხოველი კიდევ უფრო შორს გარისკავდა შემცირებად სარწყავ არხში წასვლას და ტალახშიც ჩაეფლობოდა. თავის დასაღწევად ზედმეტად დაღლილები, მარჩხ წყალში დაიხრჩობოდნენ. მკვლევრების თქმით, ამგვარი შემთხვევები სარწყავ არხებში დღევანდელი გვალვების დროსაც შეიმჩნევა. მათი ვარაუდით, აქ აღმოჩენილ სახეობათა გაწყვეტა კვირების ან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როდესაც წვიმები დაბრუნდა, შესაძლოა გარემომცველმა, მცენარეულობის გარეშე დარჩენილმა მიწის ჩამონარეცხმა სარწყავი არხის ფსკერი ამოავსო, ჩაფლობილი ცხოველები ნალექის ფენაში ჩამარხა და მათი ნარჩენები დაიცვა. ამასთანავე, ნაპირებთან დაღუპული ცხოველების ძვლებიც ჩაირეცხებოდა სარწყავი არხის ფსკერზე. ამ სწრაფმა დასაფლავებამ ისეთი უნატიფესი ნამარხების შენახვასაც კი შეუწყო ხელი, როგორც ორი ჩანასახოვანი ცხენია, რომლებიც დედასთან ერთად დაიღუპნენ მუცელში.
მარტინ-პერეას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უფრო ღრმა გათხრების წარმოებაა. ახლომახლო მსგავს ადგილებს ნამარხთა უფრო ღრმა ფენები აქვს, რომელშიც მტაცებლები ჭარბობენ, Ballatones-10 კი შესაძლოა მეტ ხმლისებრ კბილებიან კატასა და სხვა ხორცისმჭამლებს ინახავდეს.
კომენტარები