გამოავლინეს ქვეყნები, რომლებიც ცივილიზაციის კოლაფსს ყველაზე უკეთ გაუმკლავდებიან
სანამ ჰიპოთეტურ დანარჩენ მსოფლიოში ხალხი Mad Max-ის სცენარის მსგავსად, ერთმანეთს ვირთხების გვამების გამო დაერევა, ახალ ზელანდიაში საკმაოდ ჩვეულებრივი, საქმიანი გარემო იქნება.
ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიანიშნებს ახალი კვლევა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ანგლია რუსკინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ თვეში ჟურნალ Sustainability-ში გამოაქვეყნეს. კვლევის მიზანი იმის შესწავლა იყო, თუ რომელი ქვეყნები იქნებოდა საუკეთესოდ მომზადებული იმ გლობალური მიწოდების ჯაჭვების, ფინანსური სტრუქტურებისა და სხვა კომპლექსური სისტემების კოლაფსთან გასამკლავებლად, რომლებსაც, მსოფლიო წყობის ნგრევის შემთხვევაში ვეღარ დავეყრდნობით.
"მომავალ წლებსა და ათწლეულებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი", — უყვება პრესას მკვლევრების გუნდის წევრი, ალედ ჯონსი. "ამ ცვლილებების სიმძიმე, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებმა, მათ შორის გვალვისა და წყალდიდობების გაზრდილმა სიხშირემ და ინტენსივობამ, ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და მოსახლეობის გადაადგილებების გახშირებამ განსაზღვრონ".
კვლევის თანახმად, ახალ ზელანდიასთან ერთად, ცივილიზაციის კოლაფსს ყველაზე უკეთ გაუმკლავდებიან გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ისლანდია და ავსტრალია (კერძოდ ტასმანია). სავარაუდოდ, ისინი უკეთ მოახერხებენ, შეინარჩუნონ წესრიგი მაშინ, როდესაც დანარჩენი სამყარო ნგრევას განიცდის.
თუმცა, ეს მოხსენება ეფუძნება იმ შემზარავ ვარაუდს, რომ ჩვენი გარემოს, ენერგიისა და ინფრასტრუქტურის კრიზისი გლობალურ წესრიგს შეუქმნის საფრთხეს.
"იმ ქვეყნების გამოვლენასთან ერთად, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუმკლავდებიან კოლაფსის მართვას — რაც უდავოდ დიდ გავლენას მოახდენს სიცოცხლეზე — ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობის, ენერგიის, მრეწველობის მოცულობის ურთიერთდამაკავშირებელ ფაქტორებზე ზემოქმედებისთვის საჭირო ზომების ხაზგასმას, რომელთა მიღებაც საჭიროა იმ სახელმწიფოების მედეგობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც არც ისე ხელსაყრელ საწყის მდგომარეობაში იმყოფებიან", — ამბობს ჯონსი.
კომენტარები