ქართული ელ-კომერციის მდგომარეობა, გამოწვევები და პროგნოზები — გალტ&თაგარტის ანგარიში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ქართული ელ-კომერციის მდგომარეობა

რამდენიმე დღის წინ, გალტ&თაგარტმა ქართული ელ-კომერციის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიში ასახავს როგორც სექტორის მდგომარეობას, ასევე ელ-კომერციის განვითარების წარმმართველ ფაქტორებსა და მომავლის პერსპექტივებსაც. ელ-კომერციის წინსვლას კი, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოში, ციფრული ტექნოლოგიებისა და ფინანსური სექტორის განვითარება განაპირობებს.

2020 წლის მდგომარეობით, ანგარიშის მიხედვით, ქართულ ელ-კომერციის ბაზარს ჰყავს 631 ათასი ონლაინ მყიდველი, ელ-კომერციის ბრუნვა კი 597 მილიონ ლარს შეადგენს. ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი 950 ლარია, ადგილობრივი ელ-კომერციის წილი ჯამურ ონლაინ შესყიდვებში კი 23%-ია, ხოლო საცალო გაყიდვებში ადგილობრივი ელ-კომერციის წილი 1.1%-ია. მოვაჭრეთა წილი უფრო მაღალია ქალაქის მაცხოვრებლებში (27.4%), ვიდრე სოფლის მოსახლეობაში (9.1%). ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინტერნეტმოვაჭრეთა წილი ჯერ კიდევ დაბალია, ვიდრე
განვითარებულ ქვეყნებში, რაც ზრდის პოტენციალზე მიუთითებს.

"საქართველოში ონლაინ ვაჭრობა განვითარების საწყის ეტაპზეა და მთლიანი საცალო გაყიდვების მხოლოდ 1.1%-ს შეადგენს 2020 წლის მდგომარეობით. ამ მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს (საშუალოდ 12%), რაც ნიშნავს, რომ სექტორის პოტენციალი აუთვისებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველები სამჯერ მეტ თანხას ხარჯავენ საზღვრებს გარეთ ონლაინ ვაჭრობაზე, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. ელ. კომერციის მსგავსი სტრუქტურა არ გვხვდება განვითარებულ ბაზრებზე, რადგან საზღვარგარეთ ონლაინ შეძენა მიწოდების მეტ ხანგრძლივობასა და დამატებით ტრანსპორტირების ხარჯებთანაა ასოცირებული. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობა დაბალია ფასების, პროდუქციის მრავალფეროვნებისა თუ მომსახურების ხარისხის მიმართულებით, რაც აიძულებს მომხმარებელს გამოიწეროს პროდუქცია ამერიკის, ევროპისა თუ აზიის ქვეყნებიდან", — გვიყვება ნინო პერანიძე, გალტ&თაგარტის უფროსი ანალიტიკოსი და კვლევის თანაავტორი.

COVID-19-ის გავლენა ქართულ ელ-კომერციაზე

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიში ეყრდნობა 2020 წლის მონაცემებს, ეს კი სწორედ ის პერიოდია, როცა ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს უკანასკნელი კი სოციალური დისტანცირებისა და იზოლაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, მომხმარებლის მსყიდველობითი ქცევის შეცვლის საჭიროებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი, კომპანიების გამოწვევას, გაეციფრულებინათ საკუთარი მომსახურება.

როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც ცხოვრების წესის ამ ცვლილებამ ონლაინ ვაჭრობას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. როგორც ანგარიშიდან ვკითხულობთ, 2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ გაიზარდა 2020 წელს და 137.9 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, მისი წილი ჯამურ ელ-კომერციაში (ადგილობრივი და უცხოური) 11%-დან 23%-მდე გაიზარდა 2018-20 წლების პერიოდში. თუმცა, სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო გაყიდვებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს (1.1% საქართველოში vs. 12% ევროპის საშუალო). საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე — 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება.

ცხადია, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელ-კომერციის განვითარების საქმეში, თუმცა, გამოიწვევს თუ არა ის მომხმარებლის ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებას ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ნინო პერანიძე გვიყვება, რომ პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის გარდაუვალი პროცესი და ელ-კომერცია როგორც კომპანიების, ასევე სამომხმარებლო ქცევის მომავალია.

"2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში სექტორი სწრაფი ტემპით იზრდებოდა როგორც მკაცრი შეზღუდვების, ისე შედარებით მსუბუქი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პერიოდშიც. მსოფლიოში დარგის ექსპერტების მოსაზრებით, მომხმარებელთა შეცვლილი ქცევა შენარჩუნდება, გაციფრულების პროცესი შეუქცევადია და ელ-კომერციის სექტორის ზრდა პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ციფრული სერვისების განვითარება არაა მხოლოდ პანდემიის პერიოდში კომპანიების გადასარჩენი საშუალება, არამედ აუცილებელი კომპონენტი მათი გრძელვადიანი განვითარებისთვის", — ამბობს ნინო პერანიძე.

რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად საქართველოში, ონლაინ მაღაზიების დახმარებით

როგორც ანგარიშიდან ვკითხულობთ, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც მკვლევართა შეფასებით, 2020 წელს გაყიდვების 65%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ ქვესექტორში კომპანიებმა ინვესტიცია ციფრულ არხებში COVID-19-ის პანდემიამდე დაიწყეს და შესაბამისად, სხვა სექტორებთან შედარებით უფრო მომზადებული შეხვდნენ დაწესებულ შეზღუდვებს. ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის 16%-იანი წილით, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები 8%-იანი წილით.

რაც შეეხება საკვების მიტანის მომსახურებას, მას განსაკუთრებული ნიშა უჭირავს საქართველოს ონლაინ ვაჭრობაში. სუპერმარკეტების ონლაინ პლატფორმების არარსებობის პირობებში, საკვების მიტანის სერვისის მიმწოდებლებმა სურსათის, პირადი ჰიგიენისა და ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდებაც შეითავსეს, რასაც განვითარებულ ბაზრებზე თავად სუპერმარკეტები უზრუნველყოფენ. ანგარიშის თანახმად, საკვების მიტანის სექტორის ბრუნვამ 2020 წელს 167 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია. აქედან სურსათისა და პირადი ჰიგიენის საშუალებების წილმა, მკვლევართა თქმით, მთლიანი ბრუნვის 20% შეადგინა.

საქართველოში სამჯერ მეტ თანხას ვხარჯავთ საზღვარგარეთ ონლაინ ვაჭრობაზე, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე — რატომ

"ქართველების მიერ ელ-კომერციის დახარჯები საზღვარგარეთ 459 მლნ ლარი იყო 2020 წელს და წლიურად საშუალოდ 40.3%-ით იზრდებოდა 2018-20 წლებში. ამასთან, 4 უმსხვილესი ონლაინ პლატფორმა: Amazon, Ebay, Taobao და Aliexpress იკავებს მთლიანი უცხოური ონლაინ შესყიდვების 2/3-ს, თუმცა იზრდება კონკურენცია მცირე ზომის კომპანიებისგან ტანსაცმლის, აქსესუარების, სილამაზისა და კოსმეტიკის საცალო ვაჭრობის სექტორებში. დაბალი ფასები და პროდუქციის უფრო ფართო არჩევანი უცხოური ონლაინ მაღაზიების მთავარი უპირატესობებია", — ვკითხულობთ გალტ&თაგარტის ანგარიშში.

ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებში მომსახურების გაუმჯობესებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სექტორის განვითარებისათვის. ანგარიშის თანახმად, გამართული, მოსახერხებელი ონლაინ ვაჭრობის შეთავაზება ადგილობრივი ონლაინ მაღაზიებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება — ონლაინ საცალო ვაჭრობის უმეტესობას არ გააჩნია ძირითადი ფუნქციონალები (ფასები, ინფორმაცია პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე, გეოგრაფიული დაფარვა და ა.შ.). "შედეგად, ქართველები 3.3-ჯერ მეტს ხარჯავენ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში, ვიდრე ადგილობრივში. ვაჭრობის სრული პროცესის გაუმჯობესებას (ძებნიდან მიწოდებამდე) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის, რაც მოითხოვს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, მასშტაბის ეკონომია ელ-კომერციის განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც მესამე მხარის მიერ ორგანიზებული პლატფორმების ზრდის ძლიერი პოტენციალზე მიუთითებს".

ანგარიში გამოყოფს ოთხ ყველაზე დიდ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას საქართველოში. ესენია — Mymarket.ge (ძირითადად C2C მოდელი), რომელიც ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოში და მას ყოველთვიურად მილიონზე მეტი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს (2021). Extra.ge — უმსხვილესი B2C პლატფორმა (ყოველთვიურად დაახლოებით 500 ათასი უნიკალური ვიზიტორით), რასაც მოსდევს vendoo.ge (230 ათასი) და be.ge. (>130 ათასი).

ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ ვაჭრობის წილის გასაზრდელად მკვლევრები აუცილებლად მიიჩნევენ ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ინტერნეტ/მობილური ბანკინგის გამოყენების გაზრდასა და ლოგისტიკის განვითარებას. "ამ მხრივ საქართველომ უნდა გამოიყენოს ის არსებული უპირატესობები, როგორებიცაა განვითარებული საბანკო სექტორი, ინტერნეტზე მაღალი ხელმისაწვდომობა და ქვეყნის შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა".

კვლევის მეთოდები, მონაცემები და შეზღუდვები

"კვლევის მიგნებები დაფუძნებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეგროვებულ მონაცემებზე. ციფრული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის მიერ ციფრული სერვისების გამოყენების შესაფასებლად გამოვიყენეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკა. ელ-კომერციის ბაზრის ზომის გაანგარიშებები კი დაფუძნებულია ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებულ ელექტრონული გადახდების ბაზაზე, ამასთან გაანალიზებულია საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ონლაინ გადახდების სტატისტიკა. საერთაშორისო შედარებისთვის გავაანალიზეთ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები", — გვიყვება ნინო პერანიძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ რამდენად ზუსტად ასახავს ანგარიში ქართული ელ-კომერციის სპეციფიკას. მეწარმეთა თუ მოვაჭრეთა ნაწილი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ნაცვლად ფეისბუქს იყენებს, ანგარიშსწორება კი, ამ შემთხვევაში, ქეშით, ან პირადი გადარიცხვის გზით ხდება. ეს უკანასკნელი, სხვა ფაქტორებთან ერთად, მონაცემთა შეგროვების საკითხს პრობლემურს ხდის. კვლევაში კი გამოყენებულია ონლაინ მაღაზიებში ელექტრონული გადახდების სტატისტიკა.

"მონაცემები მოიცავს მხოლოდ ციფრულ გადახდებს იმ იურიდიული პირების ობიექტებზე, ვინც ოპერირებს საცალო ვაჭრობის სექტორში. აქედან გამომდინარე, მონაცემები არ მოიცავს პირად გადარიცხვებს ფიზიკურ პირებს შორის და ნაღდ ანგარიშსწორებას. ჩვენი შეფასებით, ნაღდი ანგარიშსწორება, ელ-კომერციის ბრუნვის დაახლოებით 15-20%-ს შეადგენს. ზოგჯერ მომხმარებლები პროდუქტს ინტერნეტით ყიდულობენ, თუმცა მიწოდების შემდეგ ნაღდ ანგარიშსწორებას ამჯობინებენ, რისი ძირითადი მიზეზიც ციფრული გადასახადებისადმი მცირე ნდობა და მობილური/ინტერნეტ ბანკინგის გამოყენების დაბალი მაჩვენებელია. მომავალში ონლაინ გადახდებისადმი ნდობის გაზრდა ხელს შეუწყობს ციფრული გადახდების ზრდას. გაციფრულებასთან ერთად კი დაიხვეწება მონაცემების ხარისხიც, რაც დაგვეხმარება უფრო დეტალური და ყოვლისმომცველი კვლევების ჩატარებაში", — ამბობს ნინო პერანიძე.

რა პროგნოზები აქვთ ელ-კომერციის მკვლევრებს

"ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების განვითარებისა და მომხმარებელთა ნდობის ზრდასთან ერთად, 2025 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის წილი ჯამური ელ-კომერციის ნახევარზე მეტს გაუტოლდება", — აღნიშნავენ მკვლევრები ანგარიშში.

:ჩვენი პროგნოზით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2021-25 პერიოდში (52% CAGR), ხოლო მისი წილი საცალო გაყიდვების 4.7%-ს მიაღწევს იგივე პერიოდში. სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს:

  1. ონლაინ მოვაჭრეთა რაოდენობის ზრდა;
  2. ერთ მომხმარებელზე საშუალო წლიური ონლაინ დანახარჯის ზრდა;
  3. ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების მიერ უცხოურ ონლაინ პლატფორმებიდან მოვაჭრეთა მოზიდვა.

ჩვენი შეფასებით, ჯამურად ელ-კომერციის სექტორი 2.2 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2020-25 წლებში (30% CAGR). ამასთან, ზრდა ყველა სასაქონლო კატეგორიაშია მოსალოდნელი, რადგან საქართველოში საცალო ვაჭრობის ყველა სეგმენტში ელ-კომერციის წილი 3%-ზე ნაკლებია".

"სექტორის ზრდის პოტენციალი დიდია არამხოლოდ საშუალოვადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელ-კომერციის სექტორის ზრდა მოსალოდნელია საცალო ვაჭრობის ყველა ქვესექტორში, თუმცა ჩვენი მოლოდინით, განსაკუთრებით სწრაფად მოდისა და სილამაზის, ელექტრონიკისა და სურსათის ელ-კომერცია განვითარდება, რაზეც ქართველი მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურა და მსოფლიო ტრენდები მიგვანიშნებს", — ნინო პერანიძე.

როგორ შეუძლიათ კომპანიებსა თუ სტარტაპებს ელ-კომერციის მომავლის შესაძლებლობებისთვის მომზადება

მკვლევართა თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას აქვს, ისევე, როგორც პროდუქციის გამრავალფეროვნებას, კონკურენტული ფასების შეთავაზებასა და ონლაინ ვაჭრობის მოსახერხებელი გამოცდილების შექმნას.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საქართველოში მცხოვრები ადამიანები სამჯერ მეტად მიმართავენ უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან პროდუქციის გამოწერის გზას, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ონლაინ მაღაზიებს. ქართულ კომპანიებს ამ ტენდენციის შეცვლისთვის ბრძოლა მართებთ. მით უფრო მაშინ, როცა რამდენიმე ცხადი გამოწვევა უკვე დგას მათ წინაშე. მაგალითად, პროდუქციის მრავალფეროვნება და ხარისხი, პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთათვის, მარტივი ინტერფეისი, მომხმარებელთა შეფასების მოდული, პერსონალური რეკომენდაციები, გამართული საძიებო სისტემა.

"გამართული ონლაინ ვაჭრობის პროცესის (ძებნიდან მიწოდებამდე) უზრუნველყოფა მოითხოვს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რაც პატარა და საშუალო ზომის კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაციფრულებას ბაზრის მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები შეძლებენ. მესამე მხარის მიერ ორგანიზებული პლატფორმები (marketplaces), როგორებიცაა mymarket.ge, extra.ge, vendoo.ge და ა.შ. დამატებითი კაპიტალის გარეშე პროდუქციის ონლაინ სივრცეში განთავსების კარგი საშუალებაა. იქიდან გამომდინარე, რომ საცალო ვაჭრობა საქართველო საკმაოდ ფრაგმენტულია და ბაზარზე არსებობს ბევრი პატარა ზომის მოთამაშე, მსგავსი პლატფორმების პოტენციალი საკმაოდ დიდია", — აღნიშნავს ნინო პერანიძე.

ამდენად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კომპანიების გაციფრულების დაჩქარებულ პროცესსა და მომხმარებლებში ონლაინ ვაჭრობის უნარების ჩამოყალიბებას ელ-კომერციის სექტორის ზრდამდე მივყავართ. მართალია, განვითარებული ბაზრების მაჩვენებლებისგან დიდი ნიშნულები გვაშორებს, თუმცა ეს ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს, მით უფრო მაშინ, როცა სექტორი არაერთი ცხადი გამოწვევის წინაშე დგას. ქართული ელ-კომერციის ბაზრის კიდევ უფრო განვითარება კი მხოლოდ დროის საკითხია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ