მომაკვდინებელი ობობას შხამმა, შესაძლოა, გულის შეტევის ზიანისგან დაგიცვათ
ობობას შხამი, შესაძლოა, მომაკვდინებელი იყოს, თუმცა მას გარკვეული უპირატესობებიც აქვს. წარსულში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შხამს საზიანო გვერდითი ეფექტების გამოწვევის გარეშე შეუძლია ტკივილის შემსუბუქება.
ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ფრეიზერის კუნძულის ძაბრისებრი ქსელის ობობას შხამი, შესაძლოა, ადამიანებს გულის შეტევით გამოწვეული ზიანის პრევენციაში დაეხმაროს და დონორი გულის სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი გაზარდოს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს კვლევა ბუნდოვნად გახსოვთ, ალბათ იმიტომ, რომ 2019 წლის ივლისში ქვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მომაკვდინებელი ობობას შხამში მოლეკულა აღმოაჩინეს, რომელსაც ინსულტისას ტვინის დაზიანების თავიდან აცილება შეუძლია. მთავარი მკვლევრის, პროფესორ გლენ კინგის თქმით, ეს მოლეკულა "გულის კუნთის უჯრედების სიკვდილის პრევენციას ახდენს".
თავდაპირველად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოლეკულა გულს ინსულტისგან იცავდა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ექსპერიმენტულად შეემოწმებინათ, ასევე წარმატებით იმუშავებდა თუ არა იგი გულში მიმდინარე იშემიური მოვლენების დროს. ეს ექსპერიმენტები წარმატებული გამოდგა. .
მას შემდეგ, ქვინსლენდის მკვლევრები მუდმივად მუშაობდნენ ამ საკითხზე იმისთვის, რომ დღევანდელ შედეგამდე მისულიყვნენ გულის შეტევის შესახებ.
"შეტევის შემდეგ გულში სისხლის მიმოქცევა მცირდება, რის შედეგადაც გულის კუნთს ნაკლები რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება", — აღნიშნა განცხადებაში მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ნათან პელპანტმა. "ჟანგბადის უკმარისობის შედეგად უჯრედში მჟავური გარემო იქმნება, რაც გულის უჯრედებისთვის ერთგვარ 'სიკვდილის სიგნალს' წარმოადგენს".
ობობას შხამიდან მიღებული წამლის კანდიდატი კი აჩერებს შეტევის შემდეგ გულიდან წამოსულ სიკვდილის სიგნალს, რაც რევოლუციური მიღწევაა.
"ათწლეულების კვლევის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ისეთი წამლის შექმნა, რომელიც ამ სიგნალს შეაჩერებდა გულის უჯრედებში. სწორედ ეს წარმოადგენს იმის ერთ-ერთ მიზეზს, თუ რატომ არის დღეს ისევ გულის დაავადება სიკვდილის მთავარი მიზეზი მსოფლიოში", — დაამატა მან.
წამლის კანდიდატი ცილა სახელად Hi1a არის. აქამდე მკვლევრებმა იგი შეტევის სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანის გულის უჯრედებზე შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ Hi1a-მა გულში მჟავაზე მგრძნობიარე იონური არხები დაბლოკა და წარმატებით შეაჩერა სიკვდილის სიგნალი.
ცილას ახლა ასევე გამოიყენებენ ტრანსპლანტი ორგანოების სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად. "გულის უჯრედების გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულის ტრანსპლანტებში — გულების Hi1a-ით მკურნალობა და უჯრედების სიკვდილიანობის შემცირება გაზრდის იმ მანძილს, რომელზეც ტრანსპლანტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და ასევე გაზრდის წარმატებული გადანერგვის ალბათობას" — დაასკვნა პროფესორმა მაქდონალდმა, მთავარმა კარდიოლოგმა სიდნეის სენტ ვინსენტის საავადმყოფოში.
კომენტარები