Snapdragon 895 და 895+ Samsung-ის და TSMC-ის 4 ნანომეტრიან არქიტექტურაზე აიგება
Snapdragon 865 პროცესორი TSMC-ის მეშვიდე თაობის 7 ნანომეტრიან არქიტექტურაზე იყო აგებული, თუმცა Qualcomm-მა, Snapdragon 888-ის შესაქმნელად Samsung-ის პლატფორმა გამოიყენა. Snapdragon 888 და 888+ სამსუნგის 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზე იგებოდა.
Ice Universe-ის თქმით, მომავალი წელი განსხვავებული იქნება — Snapdragon 895 სამსუნგის 4 ნანომეტრიან არიქიტექტურაზე აიგება, ხოლო შემდგომი განახლება, Snapdragon 895+ TSMC-ის ასევე 4 ნანომეტრიან მოდულს მიიღებს.
გაჟონილ ინფორმაციაში არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ ახალი პროცესორებისგან. ჯერ უცნობია რამდენად გაუმჯობესდება ენერგიის მოხმარების კუთხით პროცესორი, ასევე უცნობია თუ რამდენად აჯობებს წარმადობის თვალსაზრისით მის წინამორბედს.
Snapdragon 895 და 895+, სავარაუდოდ ისეთივე თანმიმდევრობით გამოვა, როგორ 888-ების სერია გამოვიდა — 895-ს დეკემბერ-იანვარში უნდა ველოდოთ, ხოლო 895+ მისი გამოსვლიდან 6 თვეში გამოჩნდება ბაზარზე.
Qualcomm-ს ასეთი არჩევანის გაკეთება იმიტომ მოუწია, რომ შარშან, Apple-მა TSMC-ის 5 ნანომეტრიანი მოდულების უდიდესი მარაგი შეიძინა, თავისი A14 და M1 პროცესორებისათვის. მომავალ წელს Apple-ც გეგმავს ორ სხვადასხვა არქიტექტურაზე გადასვლას, კომპანია iPhone-ებისთვის 4 ნანომეტრიან A15 პროცესორებს დაამზადებს, ხოლო iPad-ები 3 ნანომეტრიან არქიტექტურაზე შექმნილ ჩიპზე იმუშავებს.
როგორც მოსალოდნელია, Samsung Exynos 2200-ის შესაქმნელად თავის 4 ნანომეტრიან არქიტექტურას გამოიყენებს, რომელიც შესაძლოა გახდეს პირველი ჩიპსეტი, რომელიც AMD RDNA 2 ვიდეობარათს მიიღებს.
კომენტარები