დინოზავრების გადაშენება ასტეროიდის დაცემამდე 10 მილიონი წლით ადრე დაიწყო — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ასტეროიდის დაცემამდე 10 მილიონი წლით ადრე, დედამიწაზე კლიმატის ცვლილების პროცესი იყო დაწყებული. ეს კი, როგორც ჩანს, დინოზავრების გადაშენებასთან არის დაკავშირებული.
აქამდე პალეონტოლოგების უმრავლესობა დინოზავრების გადაშენებას ასტეროიდის დაცემასთან აკავშირებდა. მათი აზრით, ეს ყველაფერი 66 მილიონი წლის წინ დაიწყო. ახლა კი, შესაძლოა, მათი აზრები ორად გაიყოს.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა და ბრისტოლის უნივერსიტეტის ექსპერტებმა, ჩაატარეს კვლევა და განაცხადეს, რომ დინოზავრების გადაშენება 76 მილიონი წლის წინათ დაიწყო.
მკვლევრების თქმით, ამ დროს დედამიწაზე ცივი პერიოდი დაიწყო და საშუალო ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაეცა.
ნამარხების შესწავლით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პირველ რიგში ბალახის მჭამელი სახეობები გაქრა, რამაც მთლიანად ეკოსისტემის მოშლა გამოიწვია და სხვა დინოზავრების სიცოცხლესაც საფრთხე შეუქმნა.
"კვლევის ფარგლებში დინოზავრების გადაშენების სხვადასხვა ვერსიები განვიხილეთ. ცხადი გახდა, რომ გადაშენების ორი მთავარი ფაქტორი არსებობდა: პირველი, ეს კლიმატის ცვლილებაა. სითბოს შეჩვეულ დინოზავრებს სიცივეში გაუჭირდებოდათ. ამან ბალახისმჭამელები გაანადგურა, რამაც საბოლოოდ მთლიანად ეკოსისტემა დააზიანა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდი ხნის იყო სახეობა, მით უფრო მალე გადაშენდა ის", — განაცხადა პროფესორმა მაიკ ბენტონმა, ბრისტოლის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელმა და კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა.
მკვლევრების თქმით, ეს იყო გარდამტეხი მომენტი. დინოზავრების შემცირებასთან ერთად კი, პლანეტაზე სხვა სახეობებმა დაიწყეს გამრავლება, მათ შორის ძუძუმწოვრებმა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1600-ზე მეტი დინოზავრის ნამარხი შეისწავლეს და სხვადასხვა სახეობების გადაშენების პერიოდს დააკვირდნენ. მეცნიერებმა ამისთვის ნამარხები ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთში, მონღოლეთში და სხვა ადგილებში მოიძიეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები