ისრაელის ბიოტექ კომპანია Future Meat-მა ახლახან ქარხანა გახსნა, რაც, მათი თქმით, "ინდუსტრიულად კულტივირებული ხორცის მწარმოებელი პირველი ობიექტია მსოფლიოში".

როგორც ისინი ამბობენ, ქარხანას ყოველდღიურად 500 კგ ლაბორატორიაში გაზრდილი — და არა მცენარეული — ხორცის, ან, უხეშად რომ ვთქვათ, 3 000 საშუალო ზომის ჰამბურგერისთვის საჭირო ხორცის ექვივალენტური რაოდენობის წარმოება შეუძლია,.

"ამ ობიექტის გახსნა Future Meat ტექნოლოგიებისთვის ბაზრისკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს წარმოადგენს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი პროდუქტი ხალხს 2022 წლისთვის წარვუდგინოთ", — განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომ კშუკმა.

ლაბორატორიული ხორცის ქარხნის გახსნამ, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს სხვა მსგავსი ობიექტების გახსნას სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც მცენარეული ხორცის შემცვლელი პროდუქტების პოპულარობა მუდამ იზრდება.

კომპანიის თქმით, ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცი, ტრადიციული გზით მიღებულთან შედარებით, 80%-ით ნაკლებ სათბურის აირებს გამოსცემს, 99%-ით ნაკლებ მიწას იკავებს და 96%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს.

ქარხანას შეუძლია უჯრედზე დაფუძნებული ქათმის, ღორისა და ცხვრის ხორცის წარმოება. მალე კი, კომპანიის განცხადების მიხედვით, ძროხის ხორცის წარმოებასაც შეძლებს.

მათი მტკიცებით, ხორცის მიღების პროცესი, ცხოველების გაზრდასთან, შემდეგ მათ დაკვლასთან და მათგან ხორცპროდუქტების წარმოებასთან შედარებით, 20-ჯერ უფრო სწრაფია და იმაზე იაფია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

Future Meat-მა თებერვალში განაცხადა, რომ მათ კულტივირებული ქათმის მკერდის ფასის დაწევა 10 დოლარამდე შეძლეს — ეს ფასი, კშუკის თქმით, სამი წლის წინანდელთა შედარებით 1 000-ჯერაა შემცირებული.

ლაბორატორიული ხორცის პირველი ქარხნის გახსნა თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში ახალი ამაღელვებელი ეტაპია. შემდეგ ეტაპზე Future Meat აშშ-ს ბაზარზეც გეგმავს თავისი პროდუქციის გატანას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.