ფინტექ ეკოსისტემები მსოფლიოში და რჩევები ქართულ ფინტექ კომპანიებს — ჩია ჰოკ ლაი
24 ივნისს საქართველოში GIFT — გლობალური ფინტექ ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა ქართველ მსმენელს პირველად გაუზიარეს მსოფლიოში არსებული ფინტექ გამოცდილება. ღონისძიებაზე 20 სხვადასხვა ქვეყნის 30-მა სპიკერმა ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა ღია და ინკლუზიური ფინანსები, გლობალური ფინტექ პოლიტიკის ჩარჩოები და ა.შ.
ჩვენ GIFT-ის სპიკერს, სინგაპურის ბლოკჩეინ ასოციაციის თანათავმჯდომარესა და სინგაპურის ფინტექ ასოციაციის დამაარსებელ პრეზიდენტს, ჩია ჰოკ ლაის ვესაუბრეთ. საუბარი კი ფინტექ ეკოსისტემებს შეეხო, რომლის ფარგლებშიც ჩია ჰოკ ლაიმ რამდენიმე რჩევაც გაგვიზიარა, რომელიც ქართულ ფინტექ კომპანიებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ჰოკ ლაის აზრით, ციფრული პროდუქტები და ციფრული ფინანსები ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის, ხოლო ხალხის მიერ მათი ათვისების ტენდენციას, რომელიც COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა, დადებითად უყურებს.
"მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება ყოველდღიურ ტრანზაქციებში ფინტექის დანერგვა, თანამდებობის პირების კომპეტენციის მუდმივი ზრდა ამ სფეროში და კარგი სამომხმარებლო გამოცდილებისა და წვდომის უზრუნველყოფა ფინტექ პროდუქტებზე", — ამბობს იგი.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს სფერო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში არათანაბრად ვითარგდება. ფორუმზე ჩია ჰოკ ლაიმ აზიაში ფინტექ ეკოსისტემების პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, აზიურ ფინტექ გარემოს, ევროპული თუ ამერიკული ფინტექ ეკოსისტემებისგან კულტურა და რეგულაციები განასხვავებს.
"განსხვავების კარგ მაგალითს წარმოადგენს ე.წ. სუპერ აპლიკაციები, რომლებიც ერთ აპლიკაციაში აერთიანებს უამრავ ფუნქციას და მომხმარებლებს აძლევს წვდომას არამარტო ფინანსურ, არამედ კიდევ ბევრ სხვა სერვისზე. მაგალითად, WeChat სოციალური ქსელია და მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნისა და მობილური გადახდების განხორციელების საშუალებასაც აძლევს. ასეთი აპლიკაციები აზიაში საკმაოდ გავრცელებულია, ევროპასა და აშშ-ში კი უმეტესად ერთ მიმართულებაზე ორიენტირდებიან. მაგალითად, PayPal მხოლოდ გადახდებში გეხმარებათ".
გარდა ამისა, ჰოკ ლაის აზრით, ამ მხრივ აზიის რეგიონებს შორისაც არის განსხვავებები, თუმცა არსებობს ზოგადი საერთო გამოწვევებიც. ასეთია, მაგალითად, კაპიტალზე წვდომა (ამ შემთხვევაში ჩინეთი გამონაკლისს წარმოადგენს).
"ევროპასა და ამერიკაში, აქ არსებული მაღალი დონის კვლევითი ინსტიტუტებისა და ზოგადად, განათლების მაღალი დონიდან გამომდინარე, ნაკლებად დგას ამ სფეროში ნიჭიერი და განათლებული ადამიანების მოძიების სირთულის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ფინტექ სფეროში მუშაობისთვის, ადამიანს სჭირდება გარკვეული ცოდნა როგორც ფინანსებში, ასევე ტექნოლოგიებშიც. აზიაში კი ასეთი ადამიანების მოძიება კიდევ ერთ საერთო გამოწვევას წარმოადგენს".
ბოლოს კი ჰოკ ლაის ისიც ვკითხეთ, თუ რა რჩევებს მისცემდა ქართულ ფინტექ კომპანიებს წარმატების მისაღწევად.
"ისეთი მცირე შიდა ბაზრის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და სინგაპურია, უმჯობესი იქნება კომპანიის რეგიონულ ბაზარზე გატანა, განსაკუთრებით კი B2C კომპანიებისთვის", — გვირჩევს ის.
მისი აზრით, აქ B2C კომპანიები უფრო იმედისმომცემია იქიდან გამომდინარე, რომ მათ, ბიზნესისა თუ ფინანსური ინსტიტუტების მომსახურების სფეროში, ბერკეტად მთავარი უპირატესობის — საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება შეუძლიათ. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ფინტექ მომავალს, ისევ ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე, ჰოკ ლაი ფიქრობს, რომ საქართველოში ფინტექ კომპანიებს ბევრი შესაძლებლობები აქვთ.
"საქართველო საერთაშორისო ბაზრის გზაგასაყარზე მდებარეობს და აქ განათლებული, თუმცა იაფი მუშახელიც ხელმისაწვდომია, რაც ერთგვარ უპირატესობას წარმოადგენს ქართული ფინტექ კომპანიებისთვის. თუმცა, საქართველოს ფინტექ მომავალს რაც შეეხება, ქვეყანას საერთაშორისო ბრენდინგზე მეტი აქვს სამუშაო".
კომენტარები