ეს ბაქტერია, შესაძლოა, ელექტრომობილის ელემენტის გადამუშავებაში დაგვეხმაროს
ტრადიციულ მანქანებთან შედარებით, ელექტრომობილები ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს და, შესაბამისად, პირველის მეორეთი ჩანაცვლება ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, ელექტრომობილები გარკვეულ პრობლემას მაინც წარმოშობენ, რომლის მოგვარებაშიც, შესაძლოა, ბაქტერიები დაგვეხმარონ.
ელექტრომობილის ელემენტების წარმოებისთვის ისეთი იშვიათი ელემენტები გამოიყენება, როგორებიცაა ლითიუმი, კობალტი, ნიკელი და მანგანუმი. მათი მარაგი არც ისე დიდია და ამ მეტალებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მუდმივად მცირდება.
აქედან გამომდინარე, მსოფლიოში მიმართავენ ძველი ელემენტების გადამუშავების გზას, რომლის დროსაც ყველაფერს ადნობენ და მათგან აღნიშნულ ელემენტებს გამოყოფენ. ეს პროცესი, თავის მხრივ, დიდ ენერგიას საჭიროებს. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მათი გადამუშავების ბევრად უკეთესი გზა, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოითხოვს და ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.
გაერთიანებული სამეფოს ქოვენთრის უნივერსიტეტის მკვლევარი და პროფესორი, სებასტიან ფარნო The Conversation-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ელექტრომობილების გამოყენებული ელემენტებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვება ბევრად უფრო ეფექტიანი და გარემოსთან მეგობრული გზით — ბაქტერიების გამოყენებითაა შესაძლებელი. (Acidithiobacillus ferrooxidan და მისი მსგავსი სხვა არატოქსიკური ბაქტერიები)
ეს ტექნოლოგია არამხოლოდ მეტი ელემენტის გადამუშავების საშუალებას იძლევა, ასევე სხვა მეთოდთან შედარებით, ბევრად ნაკლებ ენერგიას მოითხოვს.
პროცესში, რომელსაც ბიოგაჟონვა, ან ბიომოპოვება ეწოდება, გადამუშავების მიზნით მიკრობებს იყენებენ. ფარნოს განმარტებით, ეს ცოცხალი ორგანიზმები, მეტაბოლიზმის პროცესის ფარგლებში, მეტალებს ჟანგავენ.
ეს ტექნიკა ახალი არაა და მას მოპოვების ინდუსტრიაში მადნეულიდან მეტალების გამოყოფისთვის აქამდეც იყენებდნენ. იგი ასევე გამოიყენებოდა ძვირფასი ნივთიერებებისა და ბირთვული ნარჩენების აღდგენის მიზნითაც კი.
ბიოგაჟონვის დროს ბაქტერია ინკუბატორში 37°C-ზე იზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ იგი გარემოში დიდი რაოდენობით დამაბინძურებლებს არ გამოყოფს, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, იგი ამ პროცესის ბევრად უფრო მწვანე ალტერნატივაა. გარდა ამისა, ბიოგაჟონვის მოწყობილობების გამოყენება ნიშნავს, რომ მწარმოებლებს შეუძლიათ ამ ძვირფასი მეტალების აღდგენა ადგილზევე და ამ საკითხში პროდუქტის მწარმოებელ და შემომტან ქვეყნებზე არ იქნებიან დამოკიდებულნი.
"ეს მეთოდი გვთავაზობს მაღალი ხარისხის ნივთერებების წარმოებას ახალი ელემენტებისთვის, გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების გარეშე", — აღნიშნავს ფარნო.
კომენტარები