მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ შარდზე დაყრდნობით დაადგენს, გაქვთ თუ არა ტვინის კიბო
მომავლის საავადმყოფოებში, ექიმმა, შესაძლოა, ადამიანის ტვინში სიმსივნის დაფიქსირება იქამდე შეძლოს, სანამ ეს უკანასკნელი პრობლემა გახდება. ამისთვის კი პაციენტის შარდით სავსე პატარა ჭიქაც კი საკმარისი იქნება.
ტვინის კიბოს დიაგნოზირებისთვის, როგორც წესი, ექიმებს პაციენტის ტვინზე სჭირდებათ წვდომა. ხშირად, ისინი ვერ ახერხებენ სიმსივნის შემჩნევას იქამდე, სანამ იგი სერიოზულ ნეიროლოგიურ მდგომარეობას არ გამოიწვევს, რომლის დროსაც კიბოს უკვე იმდენად აქვს ფესვები გადგმული ტვინში, რომ მისი მოცილება უფრო სახიფათო ხდება, ვიდრე დატოვება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ნაგოიას უნივერსიტეტის გუნდმა ახალი მოწყობილობა შექმნა, რომელიც თუთიის ოქსიდის ნანოსადენებითაა დაფარული. მოწყობილობას კიბოს უჯრედების მიერ გამოცემული მიკრო რნმ-ის აღება შეუძლია, რომლებიც სისხლთან ერთად გადაადგილდებიან, შემდეგ კი, ადამიანის შარდში ხვდებიან და ორგანიზმიდან გამოიდევნებიან.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ტესტი ისე კარგად იმუშავებს, როგორც ამას მკვლევრები ჟურნალ Applied Materials & Interfaces-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერენ, ეს შესაძლოა უდიდესი წინსვლა იყოს ტვინის კიბოს ადრეული დიაგნოზირებისა და მკურნალობის საქმეში. ამის შედეგად კი, შესაძლოა, ბევრ პაციენტს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე.
ყველა სიკეთესთან ერთად, ზემოთ აღწერილი მეთოდი პაციენტისთვისაც ბევრად კომფორტული იქნება იმ მეთოდთან შედარებით, რომელსაც ახლა იყენებენ ტვინის დიაგნოზირებისთვის. კვლევის თანაავტორი და ნაგოიას უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის პროფესორი, ექიმი აცუში ნაცუმე პრეს რელიზში აღნიშნავს, რომ "ტვინის კიბოს დიაგზონირებისთვის საჭირო მასალა — შარდი, ძალიან ადვილი შესაგროვებელია, ადამიანის ორგანიზმში ზედმეტი ჩარევის გარეშე".
"მომავალში, ხელოვნური ინტელექტისა და ტელემედიცინის კომბინაციით, ადამიანები უფრო მარტივად შეძლებენ იმის გარკვევას, არის თუ არა მათ ორგანიზმში კიბო. ექიმებისთვის კი, პაციენტში კიბოს სტატუსის დასადგენად, მათი ყოველდღიური შარდის სულ მცირე რაოდენობაც კი საკმარისი იქნება", –— ამბობს ნაცუმე რელიზში.
კომენტარები