#მამისდღე: ივა ფეზუაშვილი — მთელი მსოფლიო
სასწაულის მომლოდინეთათვის სასწაული ხომ ლოგიკური აქტია და არა სასწაულებრივი და თუ ლოდინად ხარ დამდგარი, როცა ხდება, ხომ უბრალოდ ხდება და თან ხომ არაფერი ისეთი და განსაკუთრებული არ ხდება, რასაც და როგორც არ ელოდი და თუ სასწაული განსაკუთრებული და საკრალური არ არის, მაშინ იქნებ არც სასწაულია? ეგეთი სასწაული ხომ ცოტა იმას ჰგავს, მოღრუბლულ და ჩაშავებულ ცაზე რომ ინატრო, ნეტა იწვიმოსო. იწვიმებს, აბა რას იზამს?
მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, არათუ წვიმას რომ არ ელიან, არამედ მოღრუბლული ცისაც არ სჯერათ. ეგეთებს პრაგმატებს, რეალისტებს და რაციონალისტებს ხომ ეძახიან? გვეძახიან. მეც ეგეთი ვარ. პრაგმატულად რაციონალური და არარაციონალურად რეალისტი. სასწაულების არ მჯერა, არ მჯერა და არ ველი. არ ველი და ხდება. და ხდება ყველაზე ბუნებრივი ფორმით — მოულოდნელად, თუ რა თქმა უნდა მოულოდნელობა შეიძლება ბუნებრივი იყოს და არა... პრინციპში, მოულოდნელობაზე ბუნებრივი არც არაფერია… პრაგმატის ცხოვრებაში მოულოდნელი სასწაულის, გარდაუვალობის გარდა.
ჰოდა, ისეთ ამბავს ვყვები, სადაც მოსალოდნელი, მოულოდნელი და თითქმის სასწაულები ერთმანეთს გადაკვეთს, გადაიხლართება, ბარემ გადაიჯაჭვება კიდეც და ერთ დიდ და ნამდვილ სასწაულამდე მიგვიყვანს. აივანზე, დილის ყავით ხელში დამდგარს, ჩემი ცოლი დერეფნისა და ფარდის მიღმა საორსულე ტესტს რომ დამანახებს და სათვალიანი კაცი უსათვალოდ როგორღაც ტესტზე ორ ჯოხს რომ დავინახავ, ეგ იმდენად სასწაული არ არის, რამდენადაც ჰოლივუდური ფილმის ექსპოზიციური ნაწილი. არც ისაა დიდი სასწაული, რიგით ექოსკოპიაზე მისულებს, რადიოლოგი რომ გვეტყვის, გილოცავთ, თქვენი შვილი უკვე ლობიოსხელააო.
ლობიოსხელაა.
ჩემი შვილი.
უკვე.
თან, უკვე.
... და კი, სახლში მისულმა ლობიოს ზომა შევამოწმე. ხოდა, მანდ ჩნდება სიმღერა. ერთკუპლეტიანი. პატარა. ლობიოსავით. ჩემი შვილივით პატარა სიმღერა.
"მამას ლობიო,
მამას მთელი მსოფლიო".
და ამ სიმღერას ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე ჩემი ცოლის მუცელთან ვმღერი და ვუმღერი. ვიცი რომ ესმის, მით მეტად ესმის, რაც უფრო და უფრო იზრდება და ხდება ქლიავის, ატმის, კომშისხელა. ესმის, მისმენს, ვუმღერი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამღერი ყველაფერს ჰგავს სიმღერის გარდა, მაინც არ ვჩერდები და ცხრა თვის თავზე პალატაშიც ვერ ვჩერდები. მშობიარობას პირველ ნაწილს კი, მაგრამ მეორეს ვეღარ ვესწრები — შენს ცოლს რომ სტკივა, ვერ ეხმარები და გასამხნევებლად ალაგ-ალაგ ნათქვამი ხუმრობით, ზედმეტი მზრუნველობით თუ მართლა ჰოლივუდური ფილმების "ისუნთქე, ისუნთქეთი" ნერვებს და ხელს ერთად უშლი და ვერ ეხმარებიზე ცოტა მეტს და უარესს რომ აკეთებ, მერე პანიკაში ვარდები, ისტერიკაშიც, ბოლთას ცემ, ნერვიულობ, ნერვიულობ, ნერვიულობ. მშობიარობა რომ იწელება და ათას ერთ შიშს დამატებული მილიონი კითხვა რომ ხარ და არც შიშებზე და არც კითხვებზე პასუხები რომ არ გაქვს, ზუსტად მაშინ და მანდ გეძახიან: "მოდი".
მოვიდე? სად?
გაჩნდა შენი შვილი!
ჩემი შვილი.
ჩემი გოგო.
როგორი მშვიდია. თვალები დახუჭული აქვს და ძლივს შესამჩნევად სუნთქავს.
სასწაულია…
სასწაულია, მაგრამ მოსალოდნელი და ისიც მოსალოდნელი იყო, ცხრათვიანი მზადების შემდეგ, მაინცდამაინც ამ მომენტში რომ დავდუმდებოდი, გავჩუმდებოდი და სიტყვებს ვერ ვიპოვიდი, ვერ მივხვდებოდი, რა უნდა მექნა და მით უმეტეს, რა უნდა მეთქვა, როგორ და რანაირად უნდა მოვქცეულიყავი. ალბათ ისიც მოსალოდნელი იყო, რომ ვუმღერებდი და ვეტყოდი, რომ მამას ლობიოა, რომ მამას მთელი მსოფლიოა და აი, ზუსტად სიმღერის დროს რომ გაახელდა და გაახელდა კი არა, თვალს თვალში რომ გამიყრიდა და იმ მზერით შემომხედავდა, რომელითაც შორეულ ნაცნობებს თუ საიდანღაც რომ გეცნობიან ეგეთ ხალხს უყურებ. მაგრამ მერე, ძლივს, აი, ძლივს და თითქმის შეუმჩნევლად რომ გამიღიმებდა, მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი…
იმიტომ, რომ სასწაულების არ მჯეროდა, არ მჯეროდა და არ ველოდი, არ ველოდები და მოხდა.
წინამდებარე პუბლიკაცია კამპანიისთვის "კაცები ზრუნავენ", პროგრამა "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიზრუნოთ ერთად" პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის და UNFPA-ს ხედვას.
კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაციის — "ვიზრუნოთ ერთად" მიერ.
კომენტარები