124398 Iraklisimonia — მცირე ზომის პლანეტას ქართველი მეცნიერის სახელი მიენიჭა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ასტროფიზიკოს ირაკლი სიმონიას სახელი საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მცირე ზომის პლანეტას მიანიჭა.
პლანეტის სახელწოდებაა (124398)Iraklisimonia. ის მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელში მდებარეობს. მზის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდი 5.5 წელია, ხოლო დიამეტრი 6 კილომეტრია. ობიექტი შავი ფერისაა. რაც შეეხება მასალას, ის ნახშირბადის უნდა იყოს.
ცნობისთვის, მცირე ზომის პლანეტებს ისეთ ასტრონომიულ ობიექტებს ეძახიან, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო კონკრეტულ ორბიტაზე ბრუნავენ. მათ ზომის გამო კლასიკური გაგებით პლანეტებს არ ეძახიან, მაგრამ ისინი არც კომეტებად მოიხსენიება.
ირაკლი სიმონია 35 წელზე მეტია, რაც ციურ სხეულებსა და კოსმოსურ მტვერს შეისწავლის. ის 86 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან მსოფლიოში პირველი არქეოასტრონომიის სადოქტორო პროგრამა დააფუძნა. არქეოასტრონომია არის ძველი ადამიანის ასტრონომიული მსოფლმხედველობის და კონსტრუქციების შესწავლა, რომლითაც წინაპრები დაკვირვებებს აწარმოებდნენ.
ირაკლი აშშ-ის ასტრონომიული საზოგადოების სრული წევრია, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2008 წლიდანაა. მისი ძირითადი კვლევითი საკითხებია — კომეტის ასტროფიზიკა, ვარსკვლავთგარემომცველი მატერიის ფიზიკა, ქიმია და ძველი ასტრონომია.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები