როგორ შევარჩიოთ საინვესტიციო პროდუქტი
თუ ინვესტირებას აპირებთ და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ რაში დააბანდოთ ფული, ეს სტატია თქვენთვის არის. აქ იმ ნაბიჯების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც საინვესტიციო გადაწყვეტილებამდე უნდა გადადგათ და დავამტკიცებთ, რომ ყველა დაბრკოლება გადალახვადია, თუ მიზნამდე მისასვლელ მოგზაურობაში გზად საჭირო ინფორმაციას, გამბედაობასა და, ამასთან, ზომიერ რისკს გაიყოლებთ.
საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შოპინგს ჰგავს. საყიდლებზე ხშირად გვიწევს გადაწყვეტილების მიღება — მაგალითად, ზოგჯერ რთულია აირჩიო იაფიანი და კომფორტული სამოსი იყიდო, თუ ძვირიანი და ტრენდული. ხშირად კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამა თუ იმ ნივთს ვეძებთ, ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიან და ეს საქმეს მხოლოდ ართულებს.
ასეა ინვესტირების შემთხვევაშიც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აქ მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე გარდერობის განახლების დროს, ალტერნატიული დანახარჯებიც მაღალია. შესაბამისად, იმის გადაწყვეტამდე, სად დავაბანდოთ ფული, ბევრად მეტი დაკვირვება, ინფორმაციის მოძიება და სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. უმთავრესად, რაც ამ პროცესში საჭიროა, ეს არის პოტენციური საინვესტიციო ობიექტის ანალიზი და იმის განსაზღვრა, თუ რა არის თქვენი პერსონალური მიზანი და გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა გათვალისწინებაც პოტენციური საინვესტიციო პროდუქტის ანალიზისთვის ძალიან დაგეხმარებათ. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით.
1. ინვესტირებამდე შეადგინე გეგმა
გეგმის შედგენა მიზნისკენ მისასვლელი სტრატეგიების შემუშავებას გულისხმობს. ამისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისი მიღწევა გსურთ. აქ იმის განსაზღვრაც საჭიროა, რამდენი ხნით და რისკის როგორი დონით აპირებთ მოქმედებას. თუ თქვენი მიზნები მოკლევადიანია, ანუ მალევე გსურთ სარგებლის მიღება, მაშინ იქნებ, უკეთესი იყოს, თავი სარისკო ნაბიჯებისგან შეიკავოთ, რადგან არასტაბილურ აქტივებში ინვესტირებამ თქვენს ფულს შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას. თუ თქვენი დროითი ჰორიზონტი შედარებით ხანგრძლივია, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ გზად არაერთი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი სტრატეგია მეტი საგარანტიო მექანიზმით შეგიძლიათ დაააზღვიოთ, რაც შედარებით გარანტირებული შემოსავლის მიღების საშუალებას მოგცემთ.
როგორც კი საკუთარ რისკის დონეს განსაზღვრავთ, ანუ იმას, თუ რა მოცულობის რისკის გაწევა შეგიძლიათ, თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციაზე უნდა იფიქროთ. აქ იმის განსაზღვრა დაგჭირდებათ, რომელი ტიპის აქტივი რა მოცულობით უნდა განათავსოთ საკუთარ საინვესტიციო კალათში. როგორც წესი, დაბალი რისკის მქონე ფასიანი ქაღალდები გარანტირებული, მაგრამ შედარებით მცირე შემოსავლის მიღებას გვთავაზობენ, ხოლო მაღალი რისკის აქციებს მაღალი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ — ამასთან, მსგავს აქტივებს პოტენციური დანაკარგიც მაღალი აქვთ. ამის გამო, მნიშვნელოვანია პორტფელის დაბალანსება, რაც აქტივების დივერსიფიკაციით მიიღწევა.
2. დაადგინე ალტერნატივებს შორის განსხვავებები
ყველა ფასიანი ქაღალდი ერთმანეთისგან განსხვავებულია — ზომით, დანიშნულებითა და ფასით. კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც საინვესტიციო პროდუქტს არჩევენ სხვადასხვაგვარია, თუმცა ის, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, არის კომპანიის მიმზიდველობა, ზრდის პოტენციალი, არის თუ არა მისი აქცია დივიდენდის მომტანი და ა.შ
აქ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლებიც ფასიანი ქაღალდების კატეგორიზაციაში დაგეხმარებათ:
კომპანიის ზომა: იმ კომპანიის ზომა, რომლის აქციების შესყიდვასაც აპირებთ მნიშვნელოვანია. ზომაში საბაზრო კაპიტალიზაცია იგულისხმება, რაც იმის გარკვევაში დაგეხმარებათ რა მოცულობის აქტივებს ფლობს ფირმა.
- მსხვილი კაპიტალის აქციები — ასეთი აქციები იმ კომპანიებს აქვთ, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 10 მილიარდ დოლარს აღემატება;
- საშუალო კაპიტალის აქციები — კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 2-დან 10 მილიარდამდე დოლარია;
- მცირე კაპიტალის აქციები — ფირმები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ დოლარამდეა;
უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი კაპიტალის მქონე აქციებს მეტად უსაფრთხოდ თვლიან, თუმცა ზოგჯერ მცირე და საშუალო ფირმებს ზრდის მეტი პერსპექტივა აქვთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტირებამდე ყველა იმ კომპანიის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებასაც აპირებთ კარგად შეისწავლოთ.
აქციების სექტორებად დაყოფა: თუ კომპანიების აქციებს სექტორების მიხედვით დაყოფთ, ეს საინვესტიციო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტის (GICS) მიხედვით, საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქციებს 11 სექტორად ყოფენ.
აქციების სექტორებად დაყოფა ნათლად აჩვენებს, რომელ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები არიან მეტად წარმატებულნი და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროცესი იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ სად იშოვება მეტი ფული.
სტილი: აქ უფრო მეტად თქვენი მუშაობის სტილს ვგულისხმობთ. ვიდრე ინვესტირებას დაიწყებთ, საკუთარ თავს კითხვა დაუსვით — როგორი ტიპის ინვესტორი ხართ? მნიშვნელოვანი იმის განსაზღვრაც, რამდენი დროისა და ენერგიის დახარჯვას აპირებთ.
როგორც წესი, ინვესტორებს აქტიურებად და პასიურებად ყოფენ. აქტიური ინვესტორები პროცესში მეტად ჩართულნი არიან და მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავენ, ხოლო პასიურები ძირითადად ზედამხედველობით შემოიფარგლებიან და ინვესტირების პროცესს ავტოპილოტის რეჟიმში მართავენ.
დივიდენდები: დივიდენდი კომპანიის მეწილეებისთვის მოგების განაწილებაა. ყველა კომპანია არ იხდის დივიდენდს, ეს მათ მიზნებსა და გეგმებზეა დამოკიდებული. როდესაც კომპანია დივიდენდს გასცემს, ეს მის იმიჯზე დადებითად აისახება, თუმცა ბევრი ფირმა მოგების რეინვესტირებას ამჯობინებს.
ინდივიდუალური აქტივი და ფასიანი ქაღალდების კომბინირებული პაკეტი: როდესაც ინვესტირებას იწყებთ, თქვენ გაქვთ არჩევანი დააბანდოთ ფული ინდივიდუალურ აქტივში, თუ ჩადოთ ინვესტიცია გაცვლით სავაჭრო ფონდებში (ETF).
გაცვლითი სავაჭრო (Exchange traded fund) და ურთიერთდახმარების (Mutual funds) ფონდების უპირატესობა ის არის, რომ თქვენი ინვესტიცია აქტივების კომბინირებულ პაკეტში მიემართება, რაც პორტფელის დივერსიფიცირების საშუალებას გაძლევთ და ასევე, რისკების მეტად დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა.
3. შეამოწმეთ ყველა დაფარული დეტალი
აქციების შეძენა ნიშნავს გახდე ამ კომპანიის ნაწილობრივი მფლობელი. როგორც მყიდველის, თქვენი ინტერესია მომგებიანი ფასი გადაიხადოთ საუკეთესო პროდუქტში. ამისთვის, კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის ქონა დაგჭირდებათ. ამ ტიპის ინფორმაციის მიღება კომპანიის ფინანსური ანგარიშებიდან და სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან შეგიძლიათ მიიღოთ. როდესაც კომპანია საჯარო ხდება და საკუთარი აქციები გასაყიდად გამოაქვს, მას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დამატებითი ვალდებულებები უჩნდება. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში ქვემოთ ჩამოთვლილ დეტალებს მიაქციეთ ყურადღება:
იზრდება კომპანია? — შეამოწმეთ მათი შემოსავლები
შემოსავალი არის ის მთლიანი თანხა, რომელსაც კომპანია საქონლისა და მომსახურების გაყიდვების შედეგად იღებს. თუ იგი ყოველწლიურად იმატებს, ეს, როგორც წესი, ზრდის ნიშანია. უკეთესი ნიშანი შეიძლება იყოს წმინდა შემოსავლის გაზრდა, რაც კომპანიის მთლიან შემოსავლებს გამოკლებული ხარჯებია.
რამდენს გამოიმუშავებს კომპანია? — გამოთვალეთ შემოსავალი თითო აქციაზე
შემოსავალი ერთ აქციაზე (EPS) არის კომპანიის მოგება დაყოფილი იმ აქციების საერთო რაოდენობაზე, რაც მას ბაზარზე აქვს განთავსებული. მაღალი EPS შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ კომპანიის საქმეები კარგად მიდის. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აქაც საჭიროა, EPS შესაძლოა გაიზარდოს ნაკლებ ხელსაყრელი მიზეზების გამოც, მაგალითად, ბაზარზე აქციების შემცირებით და შესაბამისად თითოეულზე ფასის გაზრდით.
რამდენად სამართლიანია აქციების ფასები? — შეამოწმეთ ფასის შემოსავლებთან და გაყიდვებთან თანაფარდობა
აქციების ფასებს არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს — მათ შორის არის კომპანიის იმიჯი, საბაზრო კაპიტალიზაცია და სხვა. იმის გასარკვევად, რამდენად ობიექტურად და სამართლიანად არის აქციების ფასები წარმოდგენილი, რამდენიმე დეტალის შემოწმება დაგჭირდებათ. ეს დეტალებია ფირმის აქციების ფასების მის შემოსავალთან და მოგებასთან შედარება.
რა მოცულობის ვალი აქვს კომპანიას? — შეამოწმეთ მათი ვალდებულებები
დღეს ბიზნესების უმრავლესობა სესხებსა და მსგავს დამხმარე საშუალებებს იყენებს, თუმცა თუ ფირმას დიდი მოცულობის ვალდებულებები აქვს, ეს შესაძლოა პრობლემური საკითხი იყოს. თქვენ, როგორც პოტენციურმა ინვესტორმა უნდა განსაზღვროთ, რამდენად შეუძლია ფირმას მის მიერ აღებული ვალდებულებების დაფარვა. ამასთან, ეცადეთ შორს გაიხედოთ, შეადარეთ მათი ვალდებულებები ზრდის ტემპსა და არსებულ კაპიტალს — ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაგიმარტივებთ.
რამდენად არასტაბილურია კომპანიის აქცია? — შეამოწმეთ შესაბამისი მაჩვენებლები
იმის გათვლა, თუ რამდენად არასტაბილურია კომპანიის აქციები, არც ისე მარტივია, თუმცა თანამედროვე სამყაროში ამის განსაზღვრის საშუალებები არსებობს. არსებობს აქციების მერყეობის Beta რეიტინგი, რომელიც ფასიანი ქაღალდების სტაბილურობას ზომავს. რაც უფრო მეტად არასტაბილურია კონკრეტულია აქცია მისი ბეტა უფრო მაღალია და პირიქით.
4. ხელმოწერამდე დატესტე
სანამ ინვესტორი გახდებოდეთ აქციების შეფასების ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა თვალყური ადევნოთ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. წინა პერიოდის მონაცემების განხილვა გადაწყვეტილების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც აქციონერი გახდებით, თქვენთვის ბევრი საინვესტიციო დეტალი კიდევ უფრო ცხადი გახდება. მაშინაც კი, თუ ამ და სხვა მოსაზრებებს გულისყურით მოეკიდებით, მაინც შეიძლება საინვესტიციო სირთულეებს გადააწყდეთ. ამიტომ, ყველა არსებული რეკომენდაცია გაითვალისწინეთ და ისინი თქვენს ინდივიდუალურ პორტფელს მოარგეთ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები