ჩვენი კონკურსის, მისწერე წერილი ისტორიულ პიროვნებას, გამარჯვებული დათო ბერაია გახდა. მან წერილი ილია ჭავჭავაძეს მისწერა.

დილით გავიღვიძე. მთელი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტისგან დაღლილმა საკუთარ თავს უფლება მივეცი, შაბათს მაღვიძარას გარეშე გამეღვიძა, ძილით დავმტკბარიყავი. მერე ფეისბუქზე (ერთი უცნაური რამეა, ხალხი თავის აზრებს წერს და მერე ერთმანეთს ლანძღავენ. საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება, შენ, ალბათ, სარგებლიანად გამოიყენებდი) კონკურსს წავაწყდი: შემეძლო, ისტორიული პიროვნებისთვის წერილი მიმეწერა და დღევანდელი ამბები მომეთხრო. ბევრი არ მიფიქრია, მალევე მივხვდი, რომ შენთვის უნდა მომეწერა. იმედია, შენობითში მომართვას არ მიწყენ. უბრალოდ, ზედმეტად ახლობელი მგონიხარ და სხვანაირად არ შემიძლია.

ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, ძილს ძლივს რომ გამოვტაცე თავი, იმასაც მალე მივხვდი, რა უნდა მომეყოლა შენთვის. მზად ხარ? ცუდი ამბები უნდა გიამბო. საზოგადოებაზე უნდა მოგიყვე, რომელსაც შენი გარდაცვალებიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც კი მარადიულად სძინავს და გამოფხიზლება ჯერ კიდევ არ ღირსებია.

საბჭოთა კავშირი და ბრძოლა თავისუფლებისთვის

საუბარს რუსეთით დავიწყებ. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდი, შენი გარდაცვალებიდან 114 წლის შემდეგაც კი თუ ვერ მოვიშორებდით ამ მოუშორებელ ჭირს. ეჰ, იმდენი რამ მოხდა შენს შემდეგ.

თუმცა კარგი პერიოდებიც გვქონდა: 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, რუსეთისგან გავთავისუფლდით, მაგრამ ძალიან მცირე ხნით, მალევე ისევ დამპყრობლის ხახაში აღმოვჩნდით. 15 რესპუბლიკისგან შემდგარი ტოტალიტარული რეჟიმის, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წევრი გავხდით.

მე არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში, მაგრამ ფაქტები საკმარისია იმის ნათლად დასანახად, რამხელა ბოროტების ტყვეები ვიყავით ათწლეულების განმავლობაში. ამაზე საუბრით დიდხანს არ შეგაწყენ თავს, მხოლოდ იმის აღნიშვნაც მეყოფა, თუ რა უქნეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მწერლებს: უნიჭიერესი ადამიანები, შენი კოლეგები, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მმართველი პარტიის მიმართ გამოხატული ღია თუ შეფარული უკმაყოფილების გამო სიკვდილით დასაჯეს, ან ციმბირში გადაასახლეს.

ბევრი წლის შემდეგ თავისუფლებას მოწყურებულმა ახალგაზრდებმა თვითმფრინავი გაიტაცეს ამერიკაში გასაფრენად, თავისუფლების იდეალად რომ წარმოედგინათ. არ გამოუვიდათ. ისინიც სიკვდილით დასაჯეს. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, ეს სწორი საქციელი იყო თუ არა. უბრალოდ, როცა ტყვეობა ყელში ამოგივა და თავისუფლება მთელი ორგანიზმით გწყურია, ამის მიღწევის გზას, ალბათ, უკვე მნიშვნელობას ვეღარ ანიჭებ. თუმცა, როგორც ყველაფერი უსამართლო და ბოროტი ოდესმე მთავრდება, საბჭოთა კავშირის ძლიერებასაც ნელ-ნელა ბზარი გაუჩნდა, რესპუბლიკებში საპროტესტო ტალღები აგორდა, მათ შორის ჩვენთანაც, განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ.

ფოტო: იური მეჩითოვი / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1989 წლის 9 აპრილს ფართომასშტაბიანი აქცია წარმოუდგენელი სისასტიკით დაარბიეს, თბილისის ქუჩები სისხლით შეღებეს, გული კიდევ ერთხელ გაგვიგლიჯეს. მაგრამ ორ წელიწადში ნანატრი დამოუკიდებლობა მაინც მოვიპოვეთ და საუკუნოვან ოცნებას მივაღწიეთ.

დამოუკიდებლობა

ერთი ძალიან კარგი ადამიანი იყო მაშინ ჩვენი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. მაგრამ ქართველის ხასიათი შენზე უკეთ ვინ იცის?! ზვიადის მამამაც, დიდებულმა მწერალმა, დაწერა ერთხელ:

"დიდი კაცი თუ გამოგვერია ვინმე, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".

არც ზვიადს დავაკელით ჩანისკარტება.

ალბათ, იფიქრე, დამოუკიდებლობა თუ მოიპოვეს, მაშ რაღა აწუწუნებს ამ ახალგაზრდასო. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება კი არა, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყოფილა ყველაზე რთული და იმის მოხერხება, რომ ტყვეობაში ყოფნის წლებს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაზე ზემოქმედების უფლება არ მივცეთ.

ეს ვერ მოვახერხეთ.

რუსეთმა იმდენი შეძლო, რომ ყველაზე მზაკვრული მეთოდებით აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი წაგვართვა. ამასობაში ჩვენი ქვეყანა არეულობამ მოიცვა, ერთმანეთი დავჭამეთ. განვითარების საშუალება არ მივეცით. უმძიმესი წლები გამოიარა ჩვენმა ისედაც გასაცოდავებულმა ქვეყანამ.

მერე მეც დავიბადე, მეოცე საუკუნის მიწურულს, 2000 წელს.

იცი, ომსაც მოვესწარი. 2008 წელს. ცხადია, ისევ რუსეთი დაგვესხა თავს, ბევრი ქართველი დავკარგეთ. ამჯერად ახალგორი და ცხინვალი წაგვართვეს. რუსეთის გარდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ აღიარებს ამ მიწებს საქართველოს ნაწილად. თუმცა ფაქტია, იქ თუნდაც შემთხვევით გადასულ ადამიანებს აპატიმრებენ. უფრო მეტიც, დღემდე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევენ უფრო და უფრო მეტ მიწას, ღობის მეორე მხარეს დარჩენილ სასაფლაოებზე და საძოვრებზე ქართველები ვერ მიდიან.

ფოტო: ამერიკის ხმა

ძალიან ტრაგიკულად ჟღერს ხომ?

კიდევ უფრო ტრაგიკული სანახავია ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ადგილზე მოკლული ქართველების ნახვა. აი, ასეთია საქართველო 2021 წელს. რუსეთს თავი არასდროს დაუნებებია ჩვენთვის, არც აპირებს. ყველაზე მეტად გულსაკლავი კი ის არის, რომ ზოგი ქართველი ისევ რუსეთს შეჰნატრის, ისევ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას მოითხოვს, საბჭოთა კავშირის მთავარი ჯალათის, იოსებ სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავს.

იცი, დასაწყისში რომ გითხარი, გაღვიძება არასდროს გვღირსებია მეთქი, მთლად სიმართლე არ არის. ვიღვიძებთ, როგორ არა, მაგრამ ძალიან, ძალიან გვიან. მერე გასაკეთებელს რომ მოვითავებთ, ისევ ღრმა ძილს მივეცემით მანამ, სანამ ჭერი თავზე დაგვემხობა და იძულებული ვიქნებით, ხელი ისევ გავანძრიოთ. აბა, ეს რანაირი გაღვიძებაა?!

მთელ ამ ამბავში ჩემთვის ყველაზე მეტად სამწუხარო ის გავლენაა, რომელიც რუსეთთან გატარებულმა ათწლეულებმა იქონია ჩვენი საზოგადოების ნორმალურ განვითარებაზე. ცივილიზებულ სამყაროს მოწყვეტილები, რომელთაც ამ ცივილიზებულ სამყაროში მოხვედრა მხოლოდ თვითმფრინავის გატაცებით შეგვეძლო, ან არც ასე შეგვეძლო და სიკვდილით ვასრულებდით თავისუფლების მოპოვებისკენ გალაშქრებას, უკიდეგანოდ ჩამოვრჩით ყველანაირ პროგრესს და დღემდე ვერ დავეწიეთ.

ლიბერალიზმი

სიტყვა ლიბერალიზმი პირველად ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გავიგე, როცა შენს ბიოგრაფიას ვსწავლობდი. შენზე ეწერა, ლიბერალი იყოო. მაშინ მთლად კარგად ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ვიცოდი, ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან შენთან იყო დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეოლოგიას ბევრი ასპექტი დაემატა მსოფლიო საზოგადოების განვითარების პარალელურად, მისი მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც უცვლელი რჩება — ადამიანის პიროვნული თავისუფლების ხელშეუვალობა. სამწუხაროდ, ქართველი ერი მკვეთრად ჩამორჩა საზოგადოებრივი განვითარების ამ ინდიკატორს და რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეს, დღეს ლიბერალობა უამრავ ქართველს შეურაცხმყოფელ წოდებად მიაჩნია. იცი, როგორ შეიცვალა მსოფლიო? რამდენად მრავალფეროვანნი არიან თანამედროვე ადამიანები და ეს როგორ ალამაზებს ამ ერთფეროვან ცხოვრებას.

ახლა გაცილებით მეტი საშუალება გვაქვს, გავიგოთ, რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. სხვა ადამიანებისგან დავინახოთ ის, რაც ჩვენ გვაკლია, ის, რასაც ჩვენ ფეხი ვერ ავუწყვეთ.

როგორც ყველა ეპოქაში, ყოველგვარ სიახლეს ახალგაზრდები ითვისებენ პირველები, ვხვდებით, რომ ნელ-ნელა იმსხვრევა ჩვენ ირგვლივ აღმართული ბარიერები და აღარ არის საჭირო ჩვენი შინაგანი სამყაროს სხვებისგან დამალვა. თუმცა საქართველოში მაინც გვიწევს. საქართველოში განსხვავებულ ადამიანებს, რომელთაც თავისი თავი იპოვეს, ქუჩაში სასულიერო პირები სკამებით დასდევენ. აქ ადამიანებს სიყვარულს უკრძალავენ. მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის მხოლოდ ერთი სიყვარულია მისაღები. ასე ასწავლეს. აბა, სხვანაირად როგორ იქნება?!

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

განა მხოლოდ ეს არის, აქ შეიძლება მოგკლან კიდეც, თუ ვიღაცის გემოვნებაში არ ჩაჯდები. მხოლოდ იმიტომაც შეიძლება მოგკლან, რომ ქალი ხარ, კოჭებამდე კაბით არ დადიხარ და ვიღაცამ თავისი ცხოველური სექსუალური მოთხოვნილებები ვერ მოთოკა, ამის გამო შეიძლება გაგაუპატიურონ, მერე კი მოგკლან. თუ გადარჩები, საზოგადოება ისევ მოძალადეს დაიცავს. იმიტომ, რომ კაცია. მერე სასოწარკვეთილმა თავი თუ მოიკალი, ისევ შენ გაგამტყუნებენ, სუსტი იყოო, წესს არ აგიგებენ, თვითმკვლელობა ცოდვა არისო, ან კიდევ უარესი, იტყვიან, ამით თავისი სირცხვილი ჩამოირეცხაო.

მერე ამ სასტიკ ფაქტებზე ის ხალხი, ვინც ოდნავ მაინც ვაზროვნებთ, შეშფოთებას გამოვთქვამთ, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვცვლით, რადგან ერთხელ კოსმოსური მანძილით ჩამორჩენილ საზოგადოებას ვერ ვშველით, ვერ ვეხმარებით, რომ ნაბიჯები ერთმანეთს აუწყონ და ეს კოლოსალური მანძილი ოდნავ მაინც შევამციროთ. შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტად ცოტანი ვართ, ან ისინი არიან ზედმეტად ბევრნი, ან კიდევ საკმარისად არ ვცდილობთ. ყოველ შემთხვევაში, მერე ყველაფერი ისევ თავიდან მეორდება, ამ მარადიულ წრეში ვართ ჩაკეტილები, რომლის გარღვევას ვერა და ვერ ვახერხებთ. ხოდა, ისევ ვრჩებით ერთფეროვან ქვეყნად, ერთფეროვან საზოგადოებად, რომლის წევრების ერთ ნაწილს ეშინია და თავისი თავის უშიშრად გამოხატვას ვერ ახერხებს, უბრალოდ, სიცოცხლე უფრო ეძვირფასება, თუნდაც ასე უღიმღამოდ. მეორე ნაწილისთვის კი განსხვავებულობის სულ მცირე გამოვლინებაც საკმარისია, რომ მაშინვე მტრად შერაცხოს თანამოქალაქე, ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში დასცინოს, გარიყოს, ან უარეს შემთხვევაში ფიზიკურად იძალადოს და მოკლას კიდეც.

მჯერა, რომ ადრე თუ გვიან შენთან ისევ მოვა წერილი, შეიძლება ჩემგან, შეიძლება სხვისგან, მაგრამ, რაც მთავარია, გაცილებით მეტი კარგი ამბით დატვირთული.

უკვე მერიდება, რამდენი ცუდი ამბავი გითხარი, მაგრამ ვერაფერს დაგიმალავდი, ვერ მოგატყუებდი. ხომ ხედავ, გამოფხიზლება ჯერაც არ გვღირსებია და კიდევ დიდხანს არ გვეღირსება. ჯერ ისევ ღრმა ძილით გვძინავს და რამდენიმე საძინებელში ანთებული სინათლე არ არის საკმარისი მთელი ქვეყნის ასაკაშკაშებლად.

არ მინდა, ამდენი საშინელი ამბით დაგტვირთო. ახლა იმ ამბებზეც მოგიყვები, ყველაზე მთავარ მოტივატორს, იმედს რომ გვიცოცხლებს. თერგის იმ შეუჩერებელ, მუდამ მოძრაობაში მყოფ წყლის წვეთებზე გიამბობ, რომლებიც არასდროს ჩერდებიან და მხოლოდ სვლის გასაგრძელებლად აუცილებელი ენერგიის აღსადგენად ისვენებენ ცოტა ხნით.

ამ უღიმღამო საზოგადოებას მესამე ნაწილიც ჰყავს, ადამიანები, რომელთაც არაფრის ეშინიათ, რომლებიც ზუსტად ხვდებიან თავისუფლების ფასს, უნდათ, რაც შეიძლება შორს გაექცნენ (გეოგრაფიულ მანძილს არ ვგულისხმობ) რუსეთს და მიუახლოვდნენ ევროპას, განვითარებულ, ცივილიზებულ საზოგადოებას.

ეს ადამიანები ხშირად თავიანთი ჯანმრთელობის, კეთილდღეობის ფასად მუდმივად აფერადებენ სამყაროს, უამრავ ფერში ღებავენ ფერმკრთალ ქუჩებს, ახარებენ ერთფეროვნებისგან ჩამქრალ თვალებს, ინარჩუნებენ და მათაც უღვივებენ იმედს, ვინც ჯერ კიდევ ვერ დაძლია შიში და ვერ შეიხსნა ტყვეობის თოკები.

ისინი ყველას აჩვენებენ, რომ ამქვეყნად საერთოდ არაფერია თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი, უბიძგებენ მეტი სიმამაცისკენ და არწმუნებენ, რომ ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება, თავაწეულები, ამაყები გაივლიან ქუჩებში და საკუთარ თავებთან მართლები იქნებიან, თავიანთ კაშკაშა სინათლეს ყველას უხვად უწილადებენ და ახალ თაობასაც ბედნიერებისა და თავისუფლებისკენ სავალ უფრო მარტივ გზას აჩვენებენ.

ნიკოლოზ ბარათაშვილიც, შენ ასე ძალიან რომ გიყვარდა, ხომ ამისკენ მოგვიწოდებდა:

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი...
... ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“

მთავარია, ყველანი ერთად დავდგეთ ისევე, როგორც ბევრჯერ გვიქნია, ოღონდ მერე ისევ ღრმა ძილს არ მივეცეთ.

სულ ეს იყო, ჩემო ილია. კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ არ მინდა, ზედმეტად დაგამწუხრო აქაური ამბებით. მინდა იცოდე, რომ "გმირის დამბადი დიდი საგანი" ჩვენში ჯერაც არ "სპობილა და წარწყმედილა". გმირები ისევ იბადებიან, მაგრამ მარადიული ძილის ფაზაში მყოფნი ბევრად სჭარბობენ მათ, ვინც ამ გმირობას ყოველ ნაბიჯზე ავლენენ.

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ვხვდებით იმასაც, რომ გმირის სხვაგან დაბადებას კი არ უნდა ველოდოთ, არამედ ჩვენში ვშვათ ის, ან უკვე დაბადებული და ღრმა ძილში მყოფი სააშკარაოზე გამოვიყვანოთ და სხვებსაც მივცეთ ამის მოტივაცია.

ვიცი, რომ წინ ბევრი დიდი ბრძოლა გვაქვს. ეს ხომ ქართველის მარადიული ხვედრია, მაგრამ მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან შენთან ისევ მოვა წერილი, შეიძლება ჩემგან, შეიძლება სხვისგან, მაგრამ, რაც მთავარია, გაცილებით მეტი კარგი ამბით დატვირთული.

ერთი რამ გახსოვდეს, შენ არასდროს დაგივიწყებთ და მუდამ დარჩები ადამიანად, რომელმაც მერანის როლი შეასრულა და უვალი გზა გაგვითელა, მოგვცა იმედი და ბრძოლის ჟინი, რომელთაც ჩვენ ისევ ჩვენი თანამოქალაქეების გამოსაფხიზლებლად გამოვიყენებთ, ჩავახედებთ მათ სარკეში და მომავლის გაფერადებას შევეცდებით.