რა არის გადაწყვეტილება და როგორ იღებს მას ტვინი
წარმოიდგინეთ, სანთებელის ანთებას ცდილობთ. პირველ ცდაზე ის არ აინთო, არც მეორე ცდაზე და ასე აგრძელებთ, სანამ საბოლოოდ მაინც არ აინთება. თუმცა, შეიძლება სანთებელა აღარ მუშაობს. რამდენ ცდაში დანებდებოდით?
ეს ის შეკითხვაა, რაზეც ზუსტი პასუხი არ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ყველას ჩვენი "ლიმიტი" გვაქვს. ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ასეთი გამოწვევებით და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, ერთი შეხედვით, საკუთარ თავს ვაკონტროლებთ, ზუსტად არასდროს ვიცით, როდის რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
სანთებელის ანთების მცდელობისას, რომელიღაცა კონკრეტულ მომენტში, ყველას გაგვიჩნდება შეკითხვა, გავაგრძელო მცდელობა, თუ შევეშვა? ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ დროა შევწყვიტო? მინდა ამ საქმის გაგრძელება, თუ დროა სხვა დავიწყო? დავიწყო ის, რაც ამდენი ხანი მინდოდა, თუ კიდევ რაღაცას დაველოდო?
ჰო, ეს ის შეკითხვებია, რაზეც ერთი შეხედვით, პასუხი ჩვენ ვიცით, მაგრამ რა ვიცით რეალურად? ვიცით, რომ ადამიანები განსხვავდებიან, განსხვავდება მათი მიდგომები, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც. ზოგიერთი მეტი რისკისკენ არის მიდრეკილი, როცა ზოგი პირიქით, გარისკვას ხშირად ერიდება.
თუმცა, მთლიანობაში ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და მას ყოველთვის რაღაც აინტერესებს. რა იქნება შემდეგ, თუ ახლა ასე მოვიქცევი? ამ ყველაფერზე პასუხების მისაღებად, ნეირომეცნიერები ტვინს სწავლობენ.
ტვინი
ტვინი ადამიანის ყველაზე გავლენიანი ორგანოა. ის ყველაფერს "მართავს" და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმის მხოლოდ 2%-ს მოიცავს, სხვა ორგანოებისაგან განსხვავებით, მის მუშაობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ენერგია – დაახლოებით 20% გვეხარჯება. ის მილიარდობით ნეირონისგან შედგება და ეს ყველაფერი იმისთვის, რათა გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ტვინში მუდმივად ელექტრონული იმპულსები ხორციელდება და ამიტომ, მას ბევრი ელექტრონულ დანადგარსაც ეძახის. ბუნებრივია, ასეთ კომპლექსურ დანადგარს მოფრთხილება სჭირდება, მის გარეშე ხო ჩვენ "ჩვენ" ვერ ვიქნებით. მით უმეტეს, დღევანდელ ეპოქაში, სადაც გარშემო უამრავი ინფორმაციაა და მისი გადამუშავება მხოლოდ ტვინს შეუძლია. მაგალითისთვის, თანამედროვე ადამიანს ერთ დღეში შეიძლება უფრო დიდ ინფორმაციასთან ჰქონდეს შეხება, ვიდრე რამდენიმე საუკუნის წინ მცხოვრებ მის წინაპარს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
შესაბამისად, ადამიანს ტვინის შესაძლებლობები ისე სჭირდება, როგორც არასდროს — დიდი ინფორმაციის გადამუშავება და შემდეგ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
გადაწყვეტილებიდან მოქმედებამდე
ნეირომეცნიერები აქტიურად ცდილობენ ტვინის იმ უბნების აღმოჩენას, რომლებიც დილემის მოგვარებაში და გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. თუმცა, ამის ზუსტად შესწავლა ჯერ არ შეგვიძლია, რადგან ყველაზე მარტივი გადაწყვეტილების მიღებისასაც კი, ტვინის უამრავი უბანი და უჯრედი აქტიურდება.
მივუბრუნდეთ თავში მოცემულ მაგალითს. ჩვენ კვლავ სანთებელა გვიჭირავს ხელში და მის ანთებას ვცდილობთ. გავაგრძელებთ თუ არა მცდელობას?
ამისთვის გვჭირდება ინფორმაცია, არის თუ არა სანთებელა გამართული, დარჩენილია თუ არა მასში "საწვავი". ეს თქვენს ტვინში ისეთ რეგიონებს გაააქტიურებს, რომლებიც სენსორულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლები არიან. კონკრეტულ შემთხვევაში ესენია მხედველობა და შეხება.
ამის შემდეგ, თქვენ მიხვდებით, რამდენად გამართულია თქვენი სანთებელა. თუ გამართულია, გესიამოვნებათ, თუ არა, უკმაყოფილო დარჩებით. ამ თქვენს "ემოციას" ტვინი გადაწყვეტს. დადებითი პასუხის შემთხვევაში დოპამინით დაჯილდოვდებით. ეს მცდელობის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი იქნება.
თუმცა, შეიძლება მივიღოთ ნეიტრალური პასუხიც და იფიქროთ, რომ სანთებელაში ძალიან ცოტა "გაზი" კვლავ არის შემორჩენილი და მას თქვენი "სენსორები" ვერ აფიქსირებენ. აქ ჩნდება მიზეზი, რათა მცდელობა გააგრძელოთ. როგორც უკვე მიხვდით, ამ გადაწყვეტილებას თქვენი ტვინი ქიმიურ დონეზე იღებს.
და რა ხდება ბოლოს? საბოლოოდ ის, თუ როდის დანებდებით, დამოკიდებულია სეროტონინზე და ნეირომოდულატორებზე, რომელიც მოთმინებასთან არის დაკავშირებული. დიახ, თქვენი გადაწყვეტილება ეს არის.
ნერვული თავსატეხის რეკონსტრუქცია
კვლევები აჩვენებს, რომ ტვინი სწორედ ხსენებული პრინციპით გვაჯილდოებს. შესაბამისად, როდის "დავნებდებით" ტვინში არსებულ "მონაცემებზეა" დამოკიდებული.
ეს უამრავ შეკითხვას აჩენს, მათ შორის ფილოსოფიურს, რა არის თავისუფალი ნება, რამდენად არსებობს ის და რაც მთავარია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, თქვენ თუ თქვენი ტვინი?
ვიღაცისთვის ეს შეიძლება სპეკულაციური შეკითხვები იყოს, რადგან "ჩემი ტვინი, ეს მე ვარ". თუმცა, რამდენად ვაკონტროლებთ "მეს"? ამაზე ერთგვაროვანი პასუხის მიღება შეუძლებელია, შეუძლებელია ტვინის ბოლომდე "კონტროლიც", მაგრამ საბედნიეროდ არსებობს რამდენიმე უკვე შემუშავებული მეთოდი, რომელიც ჩვენს "უკონტროლო" მეგობარს "სწორი" გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
ტვინის დახმარება — "სწორი" გადაწყვეტილება
დღეში ადამიანი დაახლოებით 2000 გადაწყვეტილებას იღებს. ძირითადად ეს გადაწყვეტილებები არ არის მნიშვნელოვანი, ან ჩვენ გვგონია, რომ არ არის, თუმცა, არის გადაწყვეტილებები, რასაც ბევრად მეტ დროს და ფიქრს ვუთმობთ. ადამიანი კი ფიქრის დროს, დაახლოებით 230 კალორიას ხარჯავს. ამიტომ, დღის განმავლობაში თუ რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაღლილობის შეგრძნება აუცილებლად გექნებათ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებს ამ მხრივ ჩვენთვის რამდენიმე რჩევა აქვთ:
გადაწყვეტილების მიღების პერიოდი — ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ დღის დასაწყისში, როდესაც ნაკლებად ხართ დაღლილი. დაღლილზე სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო რთულია.
დიდი ინფორმაცია და კონცენტრაციის პრობლემა — ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება, ადამიანს ღლის, დღეს კი ინფორმაციის ნაკადის ეპოქაში ვცხოვრობთ. ამიტომ, ნეირომეცნიერები გვირჩევენ, რომ თუ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებთ, ერთი ორი დღით ჩამოვშორდეთ სმარტფონებს და დიდი მონაცემების ნაკადს. ასე ტვინს კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება უფრო გაუადვილდება და შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც უფრო სწორად მიიღებს. ასეთ დროს უნდა ვეცადოთ, რომ მხოლოდ ერთ საქმეზე ვკონცეტრირდეთ.
ემოციები — ადამიანი ემოციების ერთიანობაა. შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც კონკრეტული ემოციური ფონით ვიღებთ. თუმცა, თუ მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გვსურს, უნდა ვცადოთ და ვდისტანცირდეთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციებისგან. ნეიტრალური განწყობა უფრო რეალურ და რაციონალურ გადაწყვეტილებასთან დაგვაახლოვებს.
გადაწყვეტილების მიღების ვადები — დიდი ინფორმაცია ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებასთან არ ასოცირდება. მთავარია საჭირო ინფორმაციის ზედმეტი ინფორმაციისგან გარჩევის შესაძლებლობა გამოვიმუშავოთ. ეს ტვინს ინფორმაციის უფრო ზუსტად გადამუშავებაში დაეხმარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესიც უსასრულოდ არ გაიწელება.
გახსოვდეთ, ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგია ჩვენი ცხოვრება და მთლიანობაში, ადამიანებიც გადაწყვეტილებების ერთობა ვართ.
კომენტარები