დეტალები არქივიდან ციანიდის საქმის შესახებ, რასაც გიორგი მამალაძის დაპატიმრება მოჰყვა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია.

მან საპატიმრო 2024 წლის 14 თებერვლის ღამეს, ვადამდე ადრე დატოვა. "ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა, შემდეგ — სხვა დანარჩენი", — უთხრა ჟურნალისტებს.

გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დეკანოზის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა პრიორიტეტი, შემდეგ კი ეტაპობრივად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, "თუმცა ეს არ იქნება უბრალოდ საუბრები, ეს იქნება ფაქტები, რეალურად, ვინ დგას ამ საქმის უკან".

მაგრამ რა გვახსოვს ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ, რასაც დეკანოზისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდება მოჰყვა?

ციანდის საქმის დეტალებით, On.ge-ს ეს სტატია თავდაპირველად, 2017 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნდა და თემით დაინტერესებულ მკითხველს სასულიერო პირის დაკავების გარემოებებზე უამბობს.

*შენიშვნა: საარქივო მასალა მოიცავს საქმესთან დაკავშირებულ ცნობილ გარემოებებს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 2 კვირის შემდეგ.


თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს. მას ბრალი მკვლელობის მომზადებაში ედება. თუმცა, გამოძიება საზოგადოებას ინფორმაციას ამ დრომდე სრულყოფილად არ აწვდის. პროკურატურა მომხდარის შესახებ საკუთარ ვერსიაზე საუბრის უფლებას დეკანოზის ადვოკატებსაც არ აძლევს. საქმის დეტალებზე საჯაროდ ამჟამად მხოლოდ ბრალდების მოწმეები საუბრობენ.

როგორ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი სასულიერო პირის დაკავების შესახებ?

2017 წლის 12 თებერვალს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციით დაიწყო. როგორც გადაცემის წამყვანი, გიორგი გაბუნია ამბობდა, მათ არცერთი უწყება არ ეუბნებოდა, რა მიზეზით დააკავეს სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე. ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ნაღვლის ოპერაციას იკეთებდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, რომელიც გერმანიაში ახლდა ილია მეორეს, პროკურატურაში სასწრაფოდ დაიბარეს დაკითხვაზე, რამდენიმე საათში კი ისევ უკან დაბრუნდა. გერმანიაში ილია მეორის დაცვა გააძლიერა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც აქამდე პატრიარქს არ იცავდა.

ვინ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე?

გიორგი მამალაძე 1984 წლის 9 ივნისს დაბადა. ის წარმოშობით ქობულეთიდანაა. დეკანოზის ხარისხში ის აჭარაში, 2010 წლის 31 აგვისტოს, ილია მეორეს სტუმრობის დროს აიყვანეს, წლების განმავლობაში ის იქვე ასრულდებდა სასულიერო საქმიანობას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მამალაძე ოთხი კომპანიის - შპს დიმოილი, შპს ტოროქსი, შპს კარო ოპტიმუსისა და შპს სუერტეს მეწილეა. გარდა ამისა, ის არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ორი დაწესებულებების - შპს ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლისა და შპს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. გარდა ამისა, მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა.

ფოტო: ფოტო კომპანია დიმოილის წესდებიდან

შპს დიმოილის წილები თანაბრად ეკუთვნით გიორგი მამალაძესა და ლევან თურმანიძეს. ამ კომპანიის წესდების მიხედვით, საქმიანობის ძირითადი საგნებია:

  • ნავთობპროდუქტების შემოტანა და რეალიზაცია;
  • ავტოგასამართი სადგურების ორგანიზება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია;
  • სასტუმროსა და რესტორნის ბიზნესი, ტურისტული ბიზნესის მომსახურება;

შპს ტოროქსს, შპს კარო ოპტიმუსა და შპს სუერტეს მამალაძე უკრაინის მოქალაქეებთან ერთად ფლობს. ამ კომპანიებში დეკანოზის წილი მხოლოდ 25 პროცენტია. ორგანიზაციის წესდებიდან ირკვევა, რომ „საზოგადოების მიზანია წარმოადგინოს მოგების გრძელვადიანი მუდმივი და დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის შედეგი.“

რატომ "ციანიდის საქმე"?

2017 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პრესკონფერენცია გამართა. ამ დღეს დადასტურდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. დაკავების მიზეზად შოთაძემ "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" დაასახელა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყებას მიმართა პირმა, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაცნობი იყო. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძე აღნიშნულ პირს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში მომწამლავი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას.

„ამ უკანასკნელს [დეკანოზი გიორგი მამალაძე], როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება,“- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მამალაძის ჩხრეკის დროს ამოიღეს შხამიანი ნივთიერება ნატრიუმის ციანდი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს კი კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ცალი საბრძოლო ვაზნა. გამოძების ინფორმაციით, მამალაძემ ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლევან ვეფხვაძემ, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი, პროკურატურის მიერ ამოღებული ნივთიერება ნამდვილად არის თუ არა ციანიდი და ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა.

რა არის ციანიდი?

ციანიდები ძლიერი საწამლავების ჯგუფს მიეკუთვნება. მისი გამოყენება მრეწველობაში ხდება, მათ შორის ოქროს მოპოვებისთვის.

ციანიდის ნაერთების არაერთი სახეობა არსებობს, მათ შორისაა ნატრიუმის ციანიდი და კალიუმის ციანიდი. პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზის ჩანთაში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს, რომელიც, ადამიანის სისხლში და სხვა ლორწოვან ნაწილებში მოხვედრის შემდეგ მომენტალურ სიკვდილს იწვევს. ვიზუალურად ის ჰგავს სუფრის მარილს.

ვინ არიან ციანიდის საქმის მოწმეები?

ლილი გელაშვილი, ირმა ჭკადუა, ირაკლი მამალაძე

ფოტო: ლილი გელაშვილი/Facebook, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, Ipress.ge

დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების საქმეში მოწმეები პრაიმტაიმის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე და ადვოკატები - ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი არიან.

ირაკლი მამალაძის მიერ კვირის პალიტრისთვის მიცემული ინტერვიუთი ირკვევა, რომ სწორედ ისაა ის ინფორმატორი, რომლისგანაც, მთავარმა პროკურატურამ ციანიდის გამოყენებით დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია შეიტყო.

ჟურნალისტ მამალაძის თქმით, დეკანოზმა მამალაძემ მას სთხოვა ციანიდის შოვნა, საქმეში დახმარების სანაცვლოდ კი, საპატრიარქოში საერო თანამდებობას ჰპირდებოდა. მისივე მტკიცებით, მან თავის მეგობრებს გაუზიარა ეჭვები იმ სავარაუდო პირების შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა მზადდებოდა დანაშაული.

საქმეში კიდევ ერთი მოწმე ირმა ჭკადუაა, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრია. 15-წევრიანი საპროკურორო საბჭო ირჩევს საქართველოს მთავარ პროკურორს. ჭკადუა საკუთარ თავს საქმეში „შემთხვევით მოწმეს“ უწოდებს. მისი თქმით, ის დეკანოზს არ იცნობს და საქმეში შემთხვევით აღმოჩნდა.

ირმა ჭკადუასა და საქმის კიდევ ერთ მოწმეს, ლილი გელაშვილს, შეხვედრა სთხოვა და დანაშაულის შემცველი ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ. ამის შესახებ გელაშვილმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მზადდებოდა მკვლელობა, მამალაძეს პროკურატურაში მისვლა ურჩიეს. ლილი გელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი იყო.

რას ამბობდნენ სახელისუფლებო გუნდის წევრები პროკურატურის მიერ დამატებითი განმარტებების გაკეთებამდე?

პროკურატურის მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, დეკანოზის დაკავების შესახებ საქართველოს ხელისუფლების წევრები საჯარო განცხადებებში პატრიარქის უსაფრთხოებასა და ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულს ახსენებდნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ "აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა", იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნავდა, რომ „ქვეყანას ააცილეს დიდი ტრაგედია“. საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია კი ამბობდა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის უსაფრთხოების კუთხით ეფექტიანი ზომები გატარდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებდა და წერდა: "იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".

პროკურატურის პირველმა განცხადებამ, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებმა და ბერლინში პატრიარქის დაცვის გაძლიერებამ გააჩინა განცდა, რომ შესაძლო დანაშაულის მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, სწორედ ილია მეორე იყო.

რას ამბობს ომბუდსმენი?

დაკავებულ გიორგი მამალაძეს საპყრობილეში შეხვდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მან საქმეში არსებულ არაერთ ხარვეზზე ისაუბრა. ომბუდსმენმა დეკანოზზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს დაკავების მიზეზი არ განუმარტეს და შეუზღუდეს სატელეფონო ზარის უფლება.

გარდა ამისა, ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ დაკავებულის ადვოკატებს პროკურატურამ გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა, რითაც მან დაცვის მხარე უთანასწორო პირობებში ჩააყენა, რადგან პროკურატურა და პროკურატურის მოწმეები ამ დრომდე თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე საუბრობენ საქმის გარემოებებზე. გიორგი მამალაძის მხარეს კი ამის საშუალება ამ დრომდე არ აქვს.

სწორედ სახალხო დამცველი იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა განაცხადა საჯაროდ, რომ დეკანოზს სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას არ ედავებოდნენ. ამის გამო, მან ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკაც დაიმსახურა.

რა წერია წერილში, რომელიც შესაძლოა გიორგი მამალაძეს ეკუთვნის?

დეკანოზის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გიორგი მამალაძის სახელით დაწერილი წერილი გაასაჯაროვა. წერილში საუბარია საპატრიარქოს ქონებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

წერილის მიხედვით, დეკანოზს სამთვიანი გამოძიება ჰქონდა ჩატარებული და გახსნა რამდენიმე საქმე, რომლის გაჟღერების საშუალება სინოდის სხდომაზე მას არ მიეცა. დასახელებულ პრობლემატურ საკითხებში მოხვდა: საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სასოფლო-სამეურნეო მიწებით სხვადასხვა პირების სარგებლობის შესახებ, საპატრიარქოს კლინიკაში 5 მილიონ ლარამდე დავალიანებაზე და სნოს წყლის გასხვისებაზე.

წერილში ნახსენებია მუქარაც, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზის მიმართ არსებობდა.

რას ამბობენ დეკანოზის ადვოკატები?

დეკანოზის ადვოკატებს პროკურატურისთვის საქმის დეტალებთან დაკავშირებით გაუთქმელობის პირობა ჰქონდათ დადებული. სწორედ ამის გამო ისინი ჟურნალისტების კითხვებს ვერ პასუხობდნენ და პროკურატურისგან საქმის დეტალებთან დაკავშირებით საუბრის უფლებას ითხოვდნენ.

2017 წლის 20 თებერვალს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი ჩაერთო. მას, პროკურატურისთვის გაუთქმელობის პირობა არ ჰქონდა მიცემული. მან ამავე დღეს თქვა, რომ გიორგი მამალაძეს ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და ბრალდებაში საერთოდ არ არის ნახსენები სასულიერო პირი.

რა განმარტა პროკურატურამ?

2017 წლის 16 თებერვალს, გაზეთ რეზონანსში პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავარ პროკურორს პრესკონფერენციაზე არ უსაუბრია პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე და გამოძიებას არც ის დაუდგენია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა.

მისი განმარტებით, სიტყვები - "დეკანოზს უნდოდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა" - ემყარებოდა მოწმის ჩვენებას და არა - გამოძიების შედეგებს.

რა განცხადებები გაკეთდა პროკურატურის განმარტებების შემდეგ?

პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია სუხიაშვილის განმარტებების შემდეგ, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლები დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებით სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ აღკვეთილ დანაშაულს ახსენებდნენ, ან პატრიარქის უსაფრთხოებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა. ის ამბობდა, რომ გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება საქმის ყველა დეტალი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საკითხზე საჯარო საუბარი.

„როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი,“ - აღნიშნავდა კვირიკაშვილი.

თეა წულუკიანი ამბობდა, რომ გაუგებრობა არ მომხდარა და „ქვეყანას ააცილეს დიდი ტრაგედია“. პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას თქმით კი, გამოძიებას არ გამოურიცხავს, რომ დანაშაული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

საზოგადოებისთვის პრეზიდენტის პოზიციის შესახებ უფრო მოგვიანებით გახდა ცნობილი. პრეზიდენტმა 21 თებერვალს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტუმრობისას, პროკურატურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული განცხადება და შემდეგ გაკეთებული განმარტება ასე ახსნა: "როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა, შეცდომები გარდაუვალია."

რას ამბობენ სასულიერო პირები?

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია იმედის ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე ორი წელია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს, სადაც მან "არასახარბიელო კორუფციული საქმეები" აღმოაჩინა. მიტროპოლიტის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილს დისკომფორტს უქმნიდა.

მონაზონ სიდონიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე უწმინდესისგან დიდი ნდობით სარგებლობდა, რაც, შესაძლოა, გარკვეული პირებისთვის არასასურველი ყოფილიყო. მისი თქმით, ის იმ გაურკვეველმა ძალებმა ჩამოიშორეს, რომლებსაც ფესვები საპატრიარქოში აქვთ გადგმული.

ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებული წერილის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატია, თავის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას ზღაპრებს უწოდებს და აღნიშნავს: „სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი, არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო მნიშვნელოვანია, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაც მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია?"

რატომ გავრცელდა პატრიარქის კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადება?

2017 წლის 16 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, ფეისბუკის გვერდზე, ბერლინიდან ილია მეორის მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ვიდეო ფეისბუკზე ორ ნაწილად იყო ატვირთული.

როგორც მოგვიანებით, 18 დეკემბერს გაირკვა მიმართვიდან პატრიარქის სიტყვები "რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?"- ამოღებული იყო და ჩანაწერი სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმამდე წყდება, ეს ნაწილი გამოტოვებულია, შემდეგ კი ვიდეო გრძელდება. მიმართვა სრულის სახით ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გავიდა. რატომ არ იყო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პატრიარქის ეს სიტყვები, განმარტებები არ გაკეთებულა.

რა ხდებოდა საპატრიარქოში 2017 წლის 21 თებერვალს?

საქართველოს პატრიარქმა გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიდნენ და შემდეგ "გამოიტანდნენ დასკვნას". ამ კომენტარის გაკეთებიდან მეორე დღეს, 21 თებერვალს, დილის 11 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს მთავარი პროკურორი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც.

შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა, თუმცა, იქ მყოფ არცერთ პირს შეხვედრის შესახებ არ უსაუბრია. ერთადერთი, რაც შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელდა, საპატრიარქოს პრესმდივანის, მიქაელ ბოტკოველის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი სიტყვებია: "ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს, გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი."

ბრძოლა ძალაუფლებისა და ქონებისთვის?

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხის კარგად დასანახად მოვლენებს ფართო კონტექსტით უნდა შევხედოთ. მისი აზრით, ეს არის ბრძოლა პატრიარქის მემკვიდრეობისა და საპატრიარქო ტახტისთვის, ძალაუფლებისთვის, სიმდიდრისთვის, ასევე ეკლესიაში და ეკლესიაზე გავლენის მოსაპოვებლად.

„ჩვენ ოთხი წლის წინ ვისაუბრეთ უკვე ამ საკითხზე. მაშინ ვთქვი, რომ ერთ მხარე აუცილებლად იქნება დიმიტრი შიოლაშვილი, რომელსაც უშუალოდ პატრიარქი უჭერს მხარს და მეორე მხარეს იქნება ის კანდიდატურა, რომელიც მოიპოვებს, ერთი მხრივ, ყველაზე მეტ ხმას - ღვმდელმთავარს სინოდში და მეორე მხრივ, ექნება მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდანაც,“ - აღნიშნა მინდიაშვილმა ტაბულას გადაცემაში საუბრები რელიგიაზე.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ მათი მხრიდან მიზანმიმართულად დაგეგმილი მცდელობა იყო დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფის დასასუსტებლად.

როგორ ირჩევა საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქი?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და მისი არჩევის წესებს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში IV თავი ეთმობა. ამ დებულების მიხედვით, ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. ის თანამდებობაზე მუდმივად ირჩევა.

ქვეყანაში ახალი პატრიარქის არჩევა იწყება მოქმედი პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას. ამ დროს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. მოსაყდრის არარსებობის შემთხვევაში, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.

საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, სადაც აირჩევენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების წინ, მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს საპატრიარქო სამი კანდიდატის შესარჩევად.

სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს:

  • ქართველი;
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
  • ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;
  • ასაკით არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს 60 წლისა;
  • ბერი.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს

"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია", "მაიტა ევროპა-მეთქი" — ამ საპროტესტო ლოზუნგებით თბილისში სვანების მარში…