რა მითებს ამსხვრევენ თინეიჯერები?
13-19 წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდია ადამიანის სიცოცხლეში. ამ დროს გვიყალიბდება მსოფლმხედველობა, ინტერესები, ვიძენთ ახალ მეგობრებს, ვემშვიდობებით სკოლას და ვეგებებით ახალ გამოცდილებებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ინფორმაციის უხვ, ხელმისაწვდომ ნაკადს გვთავაზობს, მნიშვნელოვანი მომენტების შესაცნობად მაინც ლიტერატურა რჩება შეუცვლელ ორიენტირად, მრჩევლად და მეგზურად.
თუმცა ხშირად გაიგონებთ, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს, წინა თაობებისგან განსხვავებით, ნაკლებად აინტერესებთ და უყვართ წიგნი, რაც მეტად საკამათო საკითხია და მოდი, ერთად დავამსხვრიოთ ეს მითები.
მითი: თინეიჯერებს კითხვა არ უყვართ, წიგნები არ აინტერესებთ
რეალობა: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ბოლო კვლევის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მკითხველი 14-დან 24 წლამდე ასაკისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ინტენსიურად, კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად, კითხულობენ წიგნს. როგორც ჩანს, სოციალური ქსელები, თამაშები, გარე აქტივობები თუ მრავალი სხვა გასართობი მაინც ვერ ანაცვლებს წიგნით განცდილ სიამოვნებას.
მითი: თინეიჯერების მოსაწონი წიგნები ცოტაა
რეალობა: არაფერიც. შედით Goodreads-ზე ან ნებისმიერ ლიტერატურულ საიტზე და მიხვდებით, რომ პირიქით, ახალგაზრდებს იმხელა არჩევანი აქვთ, შეიძლება დაიბნენ კიდეც. თუმცა აშკარაა, რომ ამ წიგნებს თავადვე ითხოვენ — 2008 წლიდან დღემდე თინეიჯერული (ე.წ. young adult) ლიტერატურის გამოცემა დაახლოებით 43%-ით გაიზარდა, ასე რომ, წინ ბევრი თავგადასავალია!
მითი: თინეიჯერული ლიტერატურა ერთფეროვანია
რეალობა: წინა თაობებში საბავშვო/თინეიჯერული ლიტერატურა მართლაც მხოლოდ ჟიულ ვერნთან თუ მაინ რიდთან ასოცირდებოდა, თუმცა დღეს თინეიჯერებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაში სათავგადასავლო რომანების გარდა სხვადასხვა ჟანრსაც ვხვდებით. მოდი, რამდენიმე წიგნის მაგალითი განვიხილოთ:
სარა ჯ. მაასის ნისლისა და მრისხანების სამეფო ფენტეზის საუკეთესო ტრადიციით აგრძელებს სვლას და ფერას კვალდაკვალ ჯადოსნური სამყაროსკენ მიგვიძღვის, რომელშიც თავბრუდამხვევი თავგადასავლები გელით. სარა ჯ. მაასის ეკლებისა და ვარდების სამეფოს მეორე ნაწილში სიუჟეტი გამაოგნებელი და დამატყვევებელი სისწრაფით ვითარდება და აქამდე შექმნილი სამყარო წარმოსახვის საზღვრებს სცდება. 19 წლის ფერას ისტორია მეორე ნაწილში კიდევ უფრო მეტ განზომილებას და სირთულეს იძენს - მან დასნეულებული სული უნდა გაიმთელოს და გადაწყვიტოს, როგორ აპირებს საკუთარი თუ შუაზე გახლეჩილი სამყაროს გადარჩენას. ნიუ-იორკ თაიმსის ამ ბესტსელერში იმ თავდადებით, მეგობრობით, სიმამაცითა და მისტიკით სავსე სიუჟეტს გადააწყდებით, რომელიც ამ ფენტეზის საუკეთესო საკითხავად აქცევს.
რადგან მისტიკა ვახსენეთ, ჰარლან ქობენის თავშესაფარი არ უნდა გამოგვრჩეს, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის მისტიკური მოვლენებით სავსე დეტექტივი და ახალგაზრდული სიყვარულის ამბავი. ახალ სკოლაში გადასვლა, უცხო ხალხთან და გარემოსთან შეგუება არც ერთი თინეიჯერისთვის არ არის მარტივი, მაგრამ მიკი ბოლიტარის ცხოვრებაში, თითქოს ჯიბრზე, ერთიმეორეზე უარესი გამოცდილება იჩენს თავს — მამა ავტოკატასტროფაში მის თვალწინ დაიღუპა, დედა ნარკოდამოკიდებულია და სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს, თავად იძულებულია გაუცხოებულ ბიძასთან იცხოვროს და ეს ყველაფერი იმით გვირგვინდება, რომ ერთ დღესაც მისი შეყვარებული უგზო-უკვლოდ ქრება. რას მოიმოქმედებს მიკი თავისი ცხოვრების უკეთესობისკენ მოსაბრუნებლად და სიყვარულის დასაბრუნებლად, ამას წიგნის დაძაბული, თუმცა ძალიან ჩამთრევი ისტორიიდან გავიგებთ.
ბრენდონ სანდერსონის სახელი ალბათ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის არც ერთი მკითხველისთვის არ არის უცხო. სანდერსონს მაგიისადმი საკუთარი სამი წესი აქვს ჩამოყალიბებული. ერთ-ერთის მიხედვით, მაგიის უნარის ძალაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი შეზღუდვაა. მის წიგნში ფოლადის გული აქამდე ჩვენთვის ნაცნობი სისტემა, რომელშიც მთავარი გმირების სუპერძალები სიკეთის სადარაჯოზეა, უკუღმა დგება. ცაზე განსაცდელის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები "ეპიკებად" — სასტიკ, შეუბრალებელ, ბოროტ არსებებად — გარდაისახნენ და ქალაქებს დაეპატრონნენ. ახლა ნიუკაგო ბოროტი და დაუმარცხებელი ეპიკის — ფოლადის გულის — სამფლობელოა. თუმცა „იქ, სადაც არსებობენ ბოროტმოქმედები, აუცილებლად გამოჩნდებიან გმირებიც!“ ეპიკებს არავინ ებრძვის, დამსჯელების გარდა. ისინი ეპიკებს სწავლობენ, მათ სისუსტეებს პოულობენ და თუ ბედი გაუღიმებთ... კლავენ. ცეცხლი აინთო, ბრძოლა დაიწყო! ნახეთ, განვითარდება თუ არა ამბავი კლასიკური სცენარით და დაჯაბნის თუ არა ბოროტი კეთილს.
მითი: თინეიჯერული ლიტერატურა სერიოზულ თემებს არ ეხება
რეალობა: თქვენ ალბათ ლიეტუვური წარმოშობის მწერლის, რუტა სეპეტისის წიგნი რუხ ჩრდილებს შორის არ წაგიკითხავთ! მიუხედავად იმისა, რომ ავტორის ჩანაფიქრით წიგნი მოზარდებისთვის დაიწერა, რეალურ ტრაგედიაზე შექმნილმა ამბავმა ყველა ასაკის მკითხველი დააინტერესა. ნაწარმოები 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც. წიგნი სტალინის რეჟიმსა და საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ანექსიის პერიოდში რეპრესირებული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. პროტაგონისტი 15 წლის ლინა ვილკაიტეა, რომელსაც დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ციმბირში გზავნიან. რომანში მოთხრობილი ამბავი სულისშემძვრელი და იმავდროულად აღმაფრთოვანებელია. თავად ავტორის შეფასებით, ეს არის ისტორია საშინელ ტანჯვასა და უდიდეს იმედზე.
მითი: თინეიჯერული ლიტერატურა ქართულად არ ითარგმნება
რეალობა: აქამდე მოყვანილი ფაქტები საპირისპიროში უკვე დაგარწმუნებდათ, მაგრამ გეტყვით, რომ აქ განხილული წიგნები ქართულად თარგმნილი თინეიჯერული ლიტერატურის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. გამომცემლობა პალიტრა L წლებია გამოსცემს სერიას ლიბერთინსი, რომელშიც სლოგანით "შენი თაობის არჩევანი" 13-დან 19 წლამდე ახალგაზრდების პოპულარულ და საინტერესო ლიტერატურას სთავაზობს. სერია აერთიანებს თინეიჯერებისთვის საინტერესო ბესტსელერ წიგნებს, რომლებზეც მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ. დღეისთვის სერიაში ათეულობით პოპულარული წიგნია, მალე კი ამ სიას რამდენიმე ახალი ნაწარმოებიც შეემატება.
ასე რომ, თინეიჯერებს უამრავი საინტერესო წიგნი გელოდებათ, მათი შეძენა კი ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომენტარები