თქვენს ტვინში "ზომბი უჯრედები" ცხოვრობენ, რომლებიც თქვენი სიკვდილის შემდეგ "გაიღვიძებენ"
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინში არსებული უჯრედების ნაწილი ადამიანის სიკვდილის შემდეგ აქტიური რჩება და მეტიც, ზრდასაც კი იწყებს. ეს "ზომბი უჯრედები", სიკვდილის შემდეგ, ექსპონენციალურად იზრდება და ტვინში საცეცების ფორმით გვხდება. ეს პროცესი სიკვდილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს, 12 საათის შემდეგ კი პიკს აღწევს.
ილინოისის ჩიკაგოს უნივერსიტეტის (UIC) მეცნიერებმა ეს აღმოჩენა ტვინის ოპერაციის შემდეგ, მისგან აღებული ქსოვილის სიმულაციურ გარემოში მოთავსების გზით გააკეთეს. გუნდმა ამ ქსოვილის გენური ექსპრესია გააანალიზა და აღმოაჩინა, რომ ტვინში არსებული გლიური უჯრედები, სიკვდილის შემდეგ, "გიგანტური პროპორციებით" იზრდება.
ფაქტი, რომ გლიური უჯრედები იზრდება სიკვდილის შემდეგ, გასაოცარი არ ყოფილა, რადგან ამ ტიპის უჯრედების ფუნქცია სწორედ რომ ტვინის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებული ნაწილების "მოსუფთავებაა".
რას ნიშნავს ეს აღმოჩენა ნეირომეცნიერებისთვის?
დოქტორი ჯეფრი ლოები, კვლევის თანაავტორი და UIC-ის მედიცინის კოლეჯის ნევროლოგიისა და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ აღმოჩენის მნიშვნელოვანი ნაწილი მის შედეგებს უკავშირდება. აქამდე არსებული კვლევები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ტვინის მდგომარეობას შეისწავლიდა, ერთ ზოგად დასკვნამდე მიდიოდა — ტვინის აქტივობა ჩერდება, როდესაც ადამიანი კვდება. UIC-ის მკვლევრებმა კი დაადასტურეს, რომ ეს ასე არ არის.
აღნიშნული კვლევის მიმდინარეობისას, გუნდმა აღმოაჩინა, რომ "ზომბი უჯრედების" აქტივობამ პიკს, სიკვდილიდან 12 საათის შემდეგ მიაღწია. აღნიშნული ნაშრომი კი ხსნის გზას ახალი კვლევებისთვის, სიკვდილის შემდეგ ადამიანის ტვინის აქტივობის შესასწავლად.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები