Adobe Photoshop Apple M1-ისთვის ოფიციალურად გამოვიდა და ის 50%-ით სწრაფია
დღეს, Adobe-მ, Photoshop-ის ახალი ვერსია Apple M1 პროცესორისთვის ოფიციალურად გამოუშვა. კომპანიის თქმით ARM არქიტეტურასთან თავსებადი ვერსია გაცილებით უფრო სწრაფი იქნება.
Adobe-ს ფოტოშოპის ბეტა ვერსია M1 პროცესორისთვის ნოემბრიდან აქვს, თუმცა ეს პროგრამის პირველი სტაბილური ვერსიაა, რომელიც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ დრომდე, Apple-ის მომხმარებლებს Intel-ის პროცესორებისათვის აწყობილი ვერსიის გამოყენება Rosetta-ს დახმარებით უწევდათ. ეს უკანასკნელი ახალი პროცესორის პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებდა.
M1-სათვის განკუთვნილი ფოტოშოპი, Adobe-ს თქმით, 50%-ით უფრო სწრაფია ვიდრე Intel-ის პროცესორზე მომუშავე ვერსია.
"ჩვენმა ტესტებმა აჩვენა, რომ ფუნქციონალის დიდი ნაწილი, ამ შემთხვევაში, 1,5-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობს. ტესტები მოიცავდა ფაილების გახსნასა და დამახსოვრებას, ფილტრების გამოყენებასა და ისეთ მძიმე ოპერაციებს, როგორიც Content-Aware Fill ან Select Subject გახლავთ. სისწრაფე შეინიშნება სხვა სინთეტიკურ ტესტებშიც."
თუმცა, საგულისხმობა ის ფაქტი, რომ M1-სათვის განკუთვნილ ვერსიას ზოგი ფუნქცია მაინც აკლია. მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთ ღრუბელში ატვირთული დოკუმენტების დასამუშავებლად სხვების მოწვევასა და შაბლონების სინქრონიზაციას.
თუკი მეტი დეტალის ნახვა გსურთ, შეგიძლიათ Adobe-ს ბლოგს ეწვიოთ.
კომენტარები