ყოფნაც ისწავლება: რა უნდა ქნა, როცა მელანქოლია შენი კომფორტის ზონა ხდება
ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც ზიანის მომტანი შეიძლება იყოს — არცერთი ემოცია არ უნდა იქცეს შენი პიროვნების განმსაზღვრელად.
მოგვწონს თუ არა ეს, ყველაზე ადამიანური თვისება ყურადღების მოპოვების მცდელობაა. ამიტომაც ყველანი სხვადასხვა გზით ზუსტადაც რომ ყურადღების დამსახურებისკენ ვისწრაფვით, რაც ხშირად გაუცნობიერებლადაც კი ხდება. მაგალითად, ბევრი რამ, რასაც ინტერნეტში ყოველდღიურად ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება: სოციალურ ქსელებში საკუთარ ფოტოებს ვაქვეყნებთ, საკუთარ მოსაზრებებს ვასაჯაროებთ და ინსტაგრამზე ყოველდღიური "სთორების" დადებით გამომწერებს ვახსენებთ, რომ კვლავ ვარსებობთ.
თუმცა ყურადღების მიღების ეს ზოგადადამიანური სურვილი ზოგჯერ ისეთ საშიშ მდგომარეობებს კვებავს, როგორიც მელანქოლიაა. მართალია, ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაცია მელანქოლიას ცალკე მენტალურ აშლილობად აღარ აიდენტიფიცირებს, თუმცა ის დიდი დეპრესიული აშლილობის ქვეტიპადაა მიჩნეული. ამ მდგომარეობის დამატებითი მუხანათობა კი ისაა, რომ ერთგვარ კომფორტის ზონაში გვიტყუებს. შედეგად, მისგან გათავისუფლების სურვილის გაჩენაც კი ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
მელანქოლიისა და თავის კარგად გრძნობის მოჯადოებული წრე
რაც უნდა ეგოისტურად ჟღერდეს, ხანდახან — და ხშირად გაუცნობიერებლად — ჩვენ თავს სევდიანად იმიტომ ვგრძნობთ, რომ ყურადღება გვაკლია. სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფი და ტექნოლოგიებით გაშუალებული ხდება, გასაკვირი არაა, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენ მიმართ გამოხატული მზრუნველობა დავინახოთ და ეს სანატრელი ორი სიტყვა, "როგორ ხარ", მოვისმინოთ.
ადამიანის ტვინი ჩახლართული მექანიზმია და ის ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. თუმცა უამრავი კლევის შედეგად ის კი დადასტურებულია, რომ ჩვენი ქვეცნობიერი იმაზე მეტად გვმართავს, ვიდრე გვგონია: "ქვეცნობიერს შემოთავაზებები ასაზრდოებს, ამიტომ ის შენ მიერ შემოთავაზებულ ყველა წინადადებას იღებს: არ გეკამათება და შენს სურვილებს ასრულებს", — წერს ჯოზეფ მერფი წიგნში, შენი ქვეცნობიერის ძალა.
ამგვარად, თუ ტვინი, — იმ ჰომოსაპიენსისა, რომელიც ოდითგანვე ყურადღებას ესწრაფოდა, — დააფიქსირებს, რომ სევდიანად ან მოწყენილად ყოფნისას ვინმეს მზრუნველობა დაიმსახურა, ეს ქვეცნობიერში ერთგვარ სტერეოტიპად შეიძლება ჩაიბეჭდოს. ის პატარა ბავშვივით შეისრუტავს ამ ინფორმაციას და დაიმახსოვრებს, რომ ცუდად ყოფნა პირდაპირ უტოლდება ჩვენ მიმართ გამოხატულ ყურადღებას. ამის მერე კი ქვეცნობიერი ყურადღების მოპოვების ჩვენი სურვილის შესრულებას დაიწყებს და ეცდება, რომ ხშირად ვიყოთ ცუდ ხასიათზე. ამის მისაღწევად, ის მაქსიმალურად ნეგატიურ აზრებს ამოატივტივებს ზედაპირზე იმ იმედით, რომ ვიღაცისგან სასურველ საპასუხო რეაქციას მივიღებთ.
სწორედ ასე იქცევა ერთი კონკრეტული ემოცია ჩვენი პიროვნების განმსაზღვრელად და ასე ვყალიბდებით იმ ადამიანებად, რომლებსაც საზოგადოება "რთული ხასიათის მქონეს" იარლიყს აწებებს.
როცა ცუდად ყოფნა შენს მუდმივ მდგომარეობად იქცევა, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებს, რომ შენ და შენი ქვეცნობიერი თქვენსავე მოწყობილ მელანქოლიურ კუთხეში "კომფორტულად" ხართ მოკალათებულნი. ეს კი, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ მელანქოლიამ მთელი შენი პიროვნება ჩაყლაპა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მექანიზმი ყველა ემოციაზე მოქმედებს: ზედმეტად პოზიტიურობაზე, ცინიკურობაზე, სარკაზმსა და იუმორზეც. მაგალითად, შეიძლება, ზოგიერთი ადამიანის ქვეცნობიერმა დაიმახსოვროს, რომ მუდმივი ხუმრობებით ან ცინიკური კომენტარებით მოაწონა სხვებს თავი და მთელი თავისი ენერგია მუდმივად ასე მოქცევაზე დახარჯოს. მაგრამ, როგორც დასაწყისში ვახსენე, არცერთი ემოცია არ უნდა იყოს ჩვენი პიროვნების განმსაზღვრელი.
თუმცა ეს მხოლოდ სათქმელადაა ასე მარტივი. პირადად მე, ამ ფენომენის მიზეზებზე რომ გესაუბრებით, თავად ვარ სევდის სინონიმად ქცეული. სინამდვილეში, ამ მდგომარეობაზე იმიტომ ვყვები, რომ ბოლო დროა, ხშირად მეფიქრება ჩემს სევდაზე, რომელმაც ჩამყლაპა, საკუთარი "მე" წამართვა. ან პირიქით მოხდა — მე წავართვი მას ცალკე არსებობის უფლება. ჩემი თინეიჯერობის წლებისა და უამრავი არასახარბიელო გამოცდილების წყალობით, ჩვენ განუყრელ მეგობრებად ვიქეცით. სევდა ჩემი იარლიყი გახდა: მე ვიყავი ყოველ დილას საკლასო ოთახში მოჟამული სახით შესული კლასელი და გაკვეთილებზე მერხზე თავჩამოდებული მოსწავლე; მე ვიყავი კაფეებში ცარიელ მაგიდასთან მყოფი სტუმარი, პარკებში წარბშეკრული მოსეირნე, შეკრებებზე ყველაზე ჩუმი მეგობარი; მე ვიყავი საკუთარ ოთახში გამოკეტილი, სახლში მუდმივად მძინარე ოჯახის წევრი; მე ვიყავი ყველაზე პესიმისტი და სკეპტიკური დაქალი სამეგობროში, მკბენარი კომენტარების მომფიქრებელი, მელანქოლიური ბლოგების ავტორი, მელანქოლიური ფლეილისტების მფლობელი. მე ვიყავი ჩემი სევდა.
რაც უნდა მიჭირდეს ამის ხმამაღლა აღიარება, გაუცნობიერებლად სწორედ ეს სევდა იქცა ჩემი ყველაზე ადამიანური თვისების გამოხატულებად — ყურადღების მოპოვების მცდელობად. ამაში კი არაფერია დიდად ეგოისტური, პირიქით — ეს ბნელით მოცული თვისება და ჩვენი მარტოობის გამოძახილია. როგორც ზევით აღვნიშნე, ეს "როგორ ხარ"-ის სხვისგან მოსმენის სურვილია, სხვა არაფერი. და იმის მიუხედავად, რომ ამ ემოციაზე სასურველი რეაქცია იშვიათად მიმიღია, ჩემი ქვეცნობიერი მაინც არ წყვეტდა ჩემ მართვას და იმ ერთხელ მიღებული ყურადღების შემდეგ ჩაბეჭდილი სტერეოტიპის გამყარებას.
ასე შემომრჩა სევდა და წამართვა გამბედაობა, რომ უკან მოვიტოვო ჩემი მელანქოლია, რადგან უკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ მის გარეშე. და ზუსტად არც ის ვიცი, რომც მომინდეს ამის გაკეთება, როგორ უნდა მოვიქცე. ამ სტატიის წერაც გამოსავლის პოვნის იმედით დავიწყე.
თავიდან დაწყების ხელოვნება
ეს დღეები იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს ერთ-ერთ პერსონაჟზე ვფიქრობ წიგნიდან, არარსებული რაინდი: გურდულუ ჰქვია და უცნაური ვინმეა. შეშლილი არაა, "უბრალოდ ადამიანია, რომელიც არის, თუმცა თვითონ ეს არ იცის". სწორედ ამიტომ გურდულუ ყველას და ყველაფრის მიბაძვას ცდილობს: თუ დაინახავს, როგორ მიგორავს მსხალი მდელოზე, თავი მსხალი ეგონება და მასავით დაგორდება; თუ დაინახავს იხვებს, რომლებიც ყიყინებენ, თვითონაც დადგება და ყიყინს დაიწყებს. ეს პერსონაჟი იმ ადამიანის სახეა, რომელიც პატარა ბავშვივით ცნობისმოყვარეა და სამყაროსა და "მეს" შესწავლას ცდილობს — სწორედ ამიტომ ედება ყველაფერს. ის მთლიანად საკუთარ ემოციებშია ჩაფლული და საერთოდაც არ ეწინააღმდეგება მათ. ერთ-ერთ ეპიზოდში გურდულუ ცხედარს მიათრევს და გვამს ეუბნება: "მე ჩემი შფოთვა უფრო მიყვარს, მკვდარო, ვიდრე შენი სიმშვიდე". გურდულუ არის პერსონაჟი, რომელიც სწავლობს, როგორ იყოს.
ჩვენ ყველანი გურდულუები ვიქნებით, თუ ერთ დღესაც იმ ემოციების ჩამოშორებას გადავწყვეტთ, რომლებსაც საკუთარი თავი განვასაზღვრინეთ, საკუთარი პიროვნებები შევაქმნევინეთ. ერთი შეხედვით, ამ იარლიყების გარეშე არაფერი დავრჩებით. ეს ცოტა საშიშად ჟღერს, მაგრამ იდენტობის მარკერთაგან გათავისუფლების ამ პროცესში საკუთარ თავზე იმ რაღაცების აღმოჩენას შევძლებთ, რომლებსაც აქამდე მელანქოლია ფარავდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი იმასაც გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო მელანქოლიურობასა თუ სხვა ნებისმიერ ერთ ემოციაზე გაცილებით მრავლისმომცველია. როგორც იტალო კალვინომ დაწერა, Anche ad essere si impara, ანუ ყოფნა ისწავლება.
თავიდან დაწყება ცალკე ხელოვნებაა და ჩვენგან ბევრ ენერგიას მოითხოვს, თუმცა ის შედეგი, რომელიც მას მოჰყვება, ბრძოლისთვის ნამდვილად ღირს.
ამგვარად, ჩვენი მიზანი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გურდულუებად ქცევა უნდა იყოს. მაგრამ როგორ ხდება ეს? ფსიქოლოგი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, როგორც ის ადამიანი, რომელიც წლებია, მელანქოლიის იარლიყით ჩნდებოდა საზოგადოებაში, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ მეთოდებს გაგიზიარებთ:
1. შეწყვიტე შენი სევდის რომანტიზება
ნეგატიური ემოციების რომანტიზება ყოველთვის უკან დამხევი სვლაა. არაფერია ლამაზი ცხოვრების ხალისის დაკარგვაში. დიახ, სასიამოვნოა, როცა სევდიანი სიმღერები გულზე სალბუნად გეფინება ან როცა ინტერნეტში იმ დეპრესიულ მიმის გადააწყდები, რომელიც შენთვის ახლობელია, თუმცა ეს არ უნდა იქცეს ტკბობის წყაროდ. ყოველ შემთხვევაში, ამას მუდმივი სახე არ უნდა მიეცეს — სიამოვნების მიღება სხვანაირადაც უნდა ვისწავლოთ.
2. დააკვირდი, რას გთხოვს ორგანიზმი
სევდა იმდენად გამიჯდა სისხლში, იმდენად გამომკეტა კომფორტის ზონაში, რომ ჩემმა ორგანიზმმა ბიოლოგიურად დაიწყო მასთან ბრძოლა და სევდისგან გაქცევის მცდელობა ყოველდღიურ რუტინად იქცა — სულ ძილის მოთხოვნილება გამიჩნდა. ახლა ჩემი ორგანიზმი უენერგიოდ არსებობს, მაიძულებს, უამრავი კოფეინი მივიღო, ენერგიის მოსამატებლად შავი შოკოლადი ვჭამო და საქმეები ისე გავაკეთო. უკვე მანაც აღარ იცის, როგორ იმუშაოს, თუ სევდისგან გაქცევა აღარ შეეძლება; რა უნდა აკეთოს სხვა ან რას აკეთებდა მანამდე, სანამ ეს პარაზიტი ჩაგვისახლდებოდა. არ ვიცით.
ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად იწყებს მელანქოლიასთან ბრძოლას და, ძილის გარდა, სხვა უამრავ რამეზე შეიძლება გახდეს დამოკიდებული: ჭამაზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე და ა.შ. ამგვარად, როცა შენ კომფორტის ზონაში შეყუჟული არსებობ, ამ დროს მთელი შენი არსება ცუდად ყოფნასთან ხელჩართულ ბრძოლაშია. ეს ის შემთხვევაა, რომ სულიერი ჭრილობები ხილულად იქცევიან და უკვე ფიზიკურად გამოიხატება, ის მთელი შენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ამ დროს, ფაქტობრივად, ორგანიზმმა აღარ იცის, როგორ იმუშაოს, გარდა იმისა, რომ რამენაირად სევდას გაექცეს.
მაგრამ არც გურდულუმ იცოდა, როგორ ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ცხოვრობდა ასე — მილიონჯერ იცვლიდა ფორმას, რომ ბოლოს საკუთარი თავისთვის მიეგნო. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ: არჩევანი გავაკეთოთ, გვინდა თუ არა იმ სტერეოტიპთან ერთად ცხოვრება, რომელზეც დაყრდნობითაც ჩვენივე ქვეცნობიერი მოქმედებს და რომელიც აღარაფერში გვჭირდება. იმდენად უნდა გავძლიერდეთ, რომ საკუთარი თავის მართვა რომელიმე კონკრეტულ ემოციას აღარ მივანდოთ.
3. გაუშვი
ჩვენ დასასრულების სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ადამიანებს ძალიან გვაშინებს. სამყარო ეფემერულია, ჩვენ კი ყველაფერს მაინც კლანჭებით ვებღაუჭებით: დანგრეულ ურთიერთობებს ვაკოწიწებთ და იმის ნაცვლად, რომ აწმყოზე ვკონცეტრირდეთ, ძველი ამბების გახსენებაში გაგვყავს დრო. ზუსტად ასე ვექცევით ჩვენს სევდასაც — ვიწებებთ და ვებღაუჭებით.
კომფორტის ზონამ შეჩვევა იცის, ამიტომ საშიშია. ბოლოს სევდას იმდენად ვეჩვევით, რომ ვეღარ ვტოვებთ მარტო — მოჩვენებები კი იქამდე უნდა გაუშვა, სანამ თავად გახდები მათგან ერთ-ერთი.
რაც უნდა გვეშინოდეს გურდულუებად ქცევის, საკუთარ თავში თავიდან დაწყებისა და ახლიდან აწყობის ძალა უნდა ვიპოვოთ.
ნამდვილ გამბედაობას კარგად ყოფნა მოითხოვს: შენ თუ გაბედავ და ამ ნაცრისფერ სამყაროს უკეთესის მოლოდინით შეხედავ, ძლიერი ხარ; თუ გაბედავ და გზად დროებით დამარცხდები, ძლიერი ხარ; თუ გაბედავ და საკუთარ თავზე მუშაობას მაინც გააგრძელებ, ძლიერი ხარ.
უნდა გაბედო კარგად ყოფნა.
4. გახსოვდეს, რომ სხვებს ვერ გადაარჩენ, თუ საკუთარ თავს ვერ უშველი
სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს სამყაროში პესიმისტობა და რეალისტობა ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. ცუდად ყოფნას კიდევ იმიტომ ვირჩევთ ხოლმე, რომ რეალისტური ხედვით, სხვანაირად არ ხერხდება: მაგალითად, ქვეყანაში არსებულ არეულობას თვალს ადევნებდე და ბედნიერი იყო, ეს არაგონივრული რეაქციაა.
ჩვენ უსამართლო და ჩახლართულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც კარგად ყოფნა რთულია. ეს ერთგვარი ოქსიმორონია: კმაყოფილი ვარ იმით, რომ ცუდად ვარ, რადგან ჩვენს რეალობაში ეს გონებაგახსნილობისა და დაკვირვებულობის ნიშანია.
მაგრამ გაფუჭებული მანქანა გაფუჭებულ მანქანას ბუქსირით ვერ წამოიყვანს, სანამ თვითონ არ შეკეთდება — სამყაროს ვერ გადაარჩენ, საყოველთაო არეულობას ვერ დაალაგებ, სანამ საკუთარ თავს არ უშველი.
ამის ძალიან კარგი მაგალითია ანიმაციური სერიალის, ბოჯეკ ჰორსმენის ერთ-ერთი პერსონაჟი დაიანა. ის ჟურნალისტი, მწერალი და აქტივისტია. მას ძალიან აწუხებს სამყაროში გამეფებული უსამართლობა და მის შეცვლას ცდილობს. "დიდი სიამოვნებით ვიგრძნობდი თავს კარგად! როგორი ფუფუნებაა. როგორ შეგიძლია ასე ყოფნა, როცა შენ ირგვლივ სამყარო იწვის", — ამბობს დაიანა ერთ-ერთ ეპიზოდში და სამყაროს გადარჩენის მცდელობაში საკუთარ თავს კარგავს. ასე კი ვეღარც სხვას შველის და ვეღარც საკუთარ თავს.
5. მიმართე პროფესიონალს
იმის აღიარება, რომ დახმარება გჭირდება, პირველი დიდი გადადგმული ნაბიჯია უკეთ გახდომისკენ. დგება ხოლმე დღეები, როცა ხვდები, რომ საკუთარ თავთან მარტომ მუშაობის რესურსი უკვე ამოწურე და გადაღლილი, ახალი ენერგიის მოსამატებლად სხვას მიმართავ. ამაში კი საერთოდ არაფერია ცუდი, პირიქით, ესეც დიდ გამბედაობას მოითხოვს.
დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, პრეპარატული მკურნალობის გარდა, თერაპიული სეანსებია. საბედნიეროდ, ეს მეთოდი საქართველოშიც არის დანერგილი. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია, პროფესიონალს მიმართო, ის კი დაგეხმარება, სწორი მიმართულება გაპოვნინოს. მაგალითად, რომ არა ჩემი პირადი თერაპიული სეანსები, ვერც ამ სტატიის დაწერას შევძლებდი და ვერც ჩემი პრობლემების ერთ თაროზე დალაგებას და ამის შედეგად მათ შორის ფარული კავშირების დადგენას.
სინამდვილეში სიტუაცია ასეთია:
ან იბრძვი, ან ნებდები. ან ცხოვრობ, ან მელანქოლიასთან ერთად თანაარსებობ. არჩევანის უფლებას კი ვერავინ წაგვართმევს, რადგან, ფაქტია, რომ ყოფნა ნამდვილად ისწავლება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში – მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
კომენტარები