მეცნიერი ქალები, რომლებმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს
ქალებს არაერთი აღმოჩენა ეკუთვნით, რომელმაც შეცვალა როგორც სამყარო, ასევე მეცნიერება. ყველას გვსმენია მარია კიურის, ადა ლავლეისისა და სესილია პეინის შესახებ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში გვეამბო STEM-ში მოღვაწე უცხოელ თუ ქართველ ქალებზე, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი არ იცნობს და რომლებსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერების განვითარებაში.
რეიჩელ ქარსონი, ზღვის მეცნიერი და მწერალი
ქარსონი 1907 წელს პენსილვანიაში დაიბადა. იგი პროფესიით ზღვის მეცნიერი იყო. სწორედ მას უკავშირდება გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის წამოწყება, რომელიც, გარკვეულწილად, უკავშირდება მის წიგნს "ჩუმი გაზაფხული". აღნიშნულ წიგნში იგი განიხილავს იმ ზიანს, რომელსაც პესტიციდები აყენებენ გარემოს. სწორედ ქარსონი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც დაგვანახა, თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეგვიძლია გარემოსთვის ჩვენი საქმიანობით და რომ ჩვენი ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.
ტუ იუიუ, ფარმაცევტული ქიმიკოსი და მალარიოლოგი
2015 წელს ტუმ ნობელის ჯილდო დაიმსახურა მალარიის საწინააღმდეგო წამლის შექმნით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას არ ჰქონდა არც სამედიცინო და არც დოქტორის ხარისხი. გარდა ამისა, იგი გახდა პირველი ადამიანი კონტინენტური ჩინეთიდან, რომელმაც ნობელის პრემია მეცნიერების დარგში მოიპოვა. ბეიჯინგში ფარმაკოლოგიის შესწავლის შემდეგ, იგი გახდა ჩინეთის ტრადიციული მედიცინის აკადემიის მკვლევარი. მოგვიანებით იგი დაინიშნა კომუნისტი ლიდერის, მაო ძედუნის საიდუმლო მისია 523-ის ლიდერად. მისიის მიზანი იყო მალარიის განკურნება გვიან 60-იან წლებში. ტუ იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მიიღო ეს წამალი და მედიას განუცხადა, რომ იგი იღებდა სრულ პასუხისმგებლობასმის მოქმედებაზე.
კიზმიკია კორბეტი, ვირუსული იმუნოლოგი
აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კორონავირუსის ვაქცინის და იმუნოპათოგენეზის გუნდის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, კობრეტმა, სხვა მეცნიერებთან ერთად შექმნა Moderna ვაქცია, რომელიც უკვე მილიონობით ადმაიანმა მიიღო მსოფლიოს გარშემო. თავისუფალ დროს ახალგაზრდა მეცნიერი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ებრძვის ინტერნეტში. ჩვენ ვისმენთ უამრავ ისტორიას მეცნიერი ქალების შესახებ, რომლებიც სამყაროს ცვლიან, თუმცა ამის ცოცხალი მაგალითი კიდევ უფრო მეტ შთაგონებას და მოტივაციას გვაძლევს.
ბარბარა მაკლინტოკი, ციტოგენეტიკოსი
მაკლინტოკმა 1983 წელს მიიღო ნობელის ჯილდო. მან დაადგინა, თუ როგორ ააქტიურებს თუ პირიქით, თიშავს მეზობელ გენებს გენეტიკური ელემენტების მოძრაობა ქრომოსომებში. მისმა აღმოჩენამ შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გადაეცემა გენეტიკური კოდები თაობებს.
სიუზან ბენდ ჰოროვიცი, ბიოქიმიკოსი
ჰოროვიცი, გამორჩეული პროფესორ ემერიტუსი ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯის მოლეკულური ფარმაკოლოფიის დეპარტამენტში, ცნობილია თავისი წვლილით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მან მეცნიერთა გუნდთან ერთად შექმნა წამალი ტაქსოლი, რომელიც FDA-იმ დაამტკიცა და გამოიყენება მრავალ ადამიანში მკერდის, საკვერცხეებისა და ფილტვის კიბოს სამკურნალოდ. ჰოროვიცმა თავისი მოღვაწეობით არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
სალი რაიდი, ასტრონავტი და ფიზიკოსი
რაიდი გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა 1983 წლის 18 ივნისს ჩელენჯერ STS-7-ის ბორტზე და ფრენის ინჟინერად დაიწყო მუშაობა. იგი იმ დროისთვის 32 წლის იყო და დღემდე ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ასტრონავტია, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა.
იზაბელა აკიანბა კუაკი, იმუნოლოგი
კუაკიმ თავისი 40 წლიანი კარიერა მალარიას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. იგი მუშაობდა როგორც იმუნოლოგიის, ასევე ვაქცინის შექმნის მიმართულებით. მეცნიერი ამჟამად იმუნოლოგიისა და პარაზიტოლოგიის პროფესორია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, განას უნივერსიტეტში.
მას გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატია 100 სამეცნიერო ჟურნალში და მონაწილეობს არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო კომიტეტში.
კუაკი ასევე ცნობილია პეპტიდური ვაქცინების განვითარების კუთხით. ეს უკანასკნელი მან შექმნა, ნაწილობრივ, მალარიის პარაზიტიდან გამოყოფილი პროტეინის კლონირების გზით.
ვერა რუბინი, ასტრონომი
ამერიკელმა მეცნიერმა, ვერა რუბინმა, ანდრომედას გალაქტიკაზე დაკვირვებით პირველმა გამოთქვა ჰიპოთეზა ბნელი მატერიის არსებობის შესახებ, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ასტრონომიის განვითარებაში.
ახლა კი რამდენიმე ქართველი ქალი მეცნიერიც გავიხსენოთ:
თამარ მხეიძე იყო საქართველოს პირველი არაქნოლოგი, რომელმაც ობობების და მთიბავების 40 ახალი სახეობა აღწერა.
გურანდა ღვალაძე მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამაარსებლად ითვლება. ეს ქართველი ბოტანიკოსი 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
ეთერ ქემერტელიძემ თავისი საქმიანობით მნიშვენლოვანი წვლილი შეიტანა მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიარებათა შესწავლის საქმეში. ღრმა ქიმიური, ბიოლოგიური, ანალიზური, ტექნოლოგიური კვლევის საფუძველზე შექმნა სხვადასხვა დანიშნულების 25 ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი, ბიოქიმიური რეაქტივი, სრტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის ნედლეული, სოფლის მეურნეობის კულტურების ზრდა-განვითარების სტიმულატორი, რომლებიც ნებადართულია პრაქტიკაში გამოყენებისათვის.
ბოლოს კი ვერა რუბინის სიტყვებს მოვიშველიებთ და გეტყვით, რომ
"არ არსებობს მეცნიერებაში ისეთი საკითხი, რომლის გადაჭრაც კაცს შეუძლია, ქალს კი არა".
ასევე იხილეთ: ქალები STEM-ში — სექსიზმი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში
კომენტარები