ქალები STEM-ში — სექსიზმი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში
ფიზიკოსი სალი რაიდი პირველი ამერიკელი ქალი იყო, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა. 1983 წელს ქალი ასტრონავტის კოსმოსში გაშვება ბევრისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან კოსმოსურ კვლევებში, ისევე როგორც ზოგადად სამეცნიერო სფეროში, ძირითადად, კაცები მუშაობდნენ და გენდერულ უთანასწორობას ვხვდებოდით. სხვათა შორის, ეს დღემდე ასეა. შესაბამისად, კოსმოსში ქალის გაშვებას გენდერულ წარმოდგენებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ სალი კოსმოსში მხოლოდ იმიტომ არ წასულა, რომ ის ქალი იყო. ის იყო სტენფორდის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი, შემდეგ კი ასწავლიდა კალიფორნიის და სან დიეგოს უნივერსიტეტებში და არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის თანაავტორია.
კოსმოსში გასვლამდე, სალი რაიდისთვის კოსმოსურ შატლზე NASA-ს ინჟინრებმა 100 ცალი ტამპონი შეფუთეს და კითხეს, საკმარისი იქნებოდა თუ არა. აღსანიშნავია, რომ სალი რაიდს კოსმოსში მხოლოდ 7 დღე უნდა გაეტარებინა. რაიდმა განუმარტა ინჟინრებს, რომ ტამპონების ასეთი რაოდენობა არაადეკვატური იყო, რაზეც მას უპასუხეს: "მაინც თავი რომ დავიზღვიოთ".
საბოლოოდ, 1983 წელს ფიზიკოსი სალი რაიდი თანამშრომლებთან და 100 ტამპონთან ერთად გაფრინდა კოსმოსში. ეს ისტორია ახლა ცოტა კომიკურად ჟღერს, სალის შემდეგ კოსმოსში არაერთი ქალი ასტრონავტი გამგზავრებულა, რომლებსაც ინჟინრები ტამპონების ასტრონომიულ რაოდენობას (pun intended) აღარ ატანდნენ, თუმცა სალის მაგალითი კარგად წარმოაჩენს ქალებისადმი დამოკიდებულებას ისეთ სფეროებში, სადაც ძირითადად, კაცები მუშაობენ.
STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დარგებში მომუშავე ადამიანები, განსაკუთრებით კი წარჩინებული მეცნიერები, ხშირად, პოპულარულ კულტურაში რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებად გვეჩვენებიან, თუმცა, როცა საქმე ქალებს ეხებათ, ხშირად ამ სფეროში მომუშავე პირები იგივენაირად უცოდინარნი აღმოჩნდებიან ხოლმე, როგორც მეშვიდე კლასელი ბიჭები, რომლებმაც ქალის ანატომიის შესახებ გუშინ გაიგეს.
სექსიზმი პოტენტური ვირუსივითაა, რომელიც უამრავ სფეროშია გამჯდარი და ხშირად, გენდერულ უთანასწორობას უდევს საფუძვლად. ამ სტატიით კი ამის ჩვენებას ვცდილობ.
სექსიზმი და უკუსექსიზმი 21-ე საუკუნეში
2017 წლის აგვისტოში, Google-ის ინჟინერმა ჯეიმს დამორმა კომპანიაში გაავრცელა დოკუმენტი, სახელით — "Google's Ideological Echo Chamber", სადაც ის ამტკიცებდა, რომ კომპანია გენდერული ბალანსის შენარჩუნებას პრიორიტეტულად უყურებდა და ეს კომპანიის საქმიანობას არათუ ვნებდა, არამედ სექსიზმს კაცების წინააღმდეგ მიმართავდა.
Google-ში გენდერულ და ეთნიკურ ბალანსს ყურადღება მართლაც ეთმობა. კომპანიას "მრავალფეროვნების" დეპარტამენტი აქვს, რომლის მეშვეობითაც ცდილობს, რომ სამუშაო ადგილზე სექსიზმი და სხვა დისკრიმინაციული პრაქტიკები შეზღუდოს. კომპანიის ეს პოლიტიკა უფრო ფართო ილუსტრაციაა იმისა, რაც გლობალურად ხდება.
ბევრგან, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში, კომპანიები და მთავრობები ცდილბოენ, რომ სქესობრივად სეგრეგირებული სფეროები დააბალანსონ. სქესობრივი სეგრეგაცია, მაგალითად ის ფაქტი, რომ აღმასრულებელ პოზიციებზე ბევრგან ძირითადად კაცები არიან, ნაწილობრივ საზოგადოებაში გავრცელებულ სექსისტურ სტერეოტიპებს ბრალდება.
დამორკის მტკიცებით, STEM სფეროებში კაცების მაღალი წარმომადგენლობა ბიოლოგიური მიზეზებით არის განპირობებული. არგუმენტი დაახლოებით ასე ჟღერს: კაცებს და ქალებს შორის ფსიქოლოგიური განსხვავებები არსებობს, ეს განსხვავებები კი განსხვავებული ბიოლოგიითაა გამოწვეული. დამორის თქმით, ქალები "არამათემატიკურ" პროფესიებს იმიტომ ირჩევენ და მაღალ აღმასრულებელ პოზიციებზე იმიტომ ვერ ხვდებიან, რომ მათ მაღალი "ნევროტიციზმი" ახასიათებთ და მოლაპარაკებებში სხვადასხვა პირობებს უფრო მარტივად თანხმდებიან, რაც ასევე განსხვავებული ბიოლოგიის შედეგია.
მსგავსი ხედვების გაჟღერების გამო, Google-მა დამორი სამსახურიდან გაათავისუფლა, რამაც საზოგადოებაში გენდერულ უთანასწორობაზე დისკუსიები განაახლა. დამორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში ახალი არაფერია და გენდერული უთანასწორობის ასეთი ესენციალისტური გაგება მანამდე უკვე განვიხილე.
რეალურად, დამორს უბრალოდ არასწორად ესმის გენდერულ უთანასწორობაზე არსებული კვლევები, რასაც დამორის ციტირებული კვლევის ერთ-ერთი ავტორიც, დევიდ. პ. შმიტი Wired-თან მიცემულ ინტერვიუში ცხადყოფს.
"სქესებს შორის ნევროტიციზმსში განსხვავება არც ისე დიდია, ბიოლოგია ვარიაციის მხოლოდ 10%-ს შეიძლება განაპირობებდეს", — ამბობს შმიტი. Google-იდან გაგდების შემდეგ, დამორთან ინტერვიუ კანადელმა ფსიქოლოგმა ჯორდან პიტერსონმა და ყოფილმა YouTuber-მა სტეფან მოლენიუმ ჩაწერეს. გასაკვირი არაა, რომ დამორის სენტიმენტებმა "ახალი კონსერვატორების" მხარდაჭერა მოიპოვა.
არგუმენტი, რომ ქალებისადმი სექსიზმი კაცებისადმი სექსიზმით ჩანაცვლდა, საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ საფუძველს მოკლებულია. იგივენაირად უაზროა დამორის "ბიოლოგიური განსხვავებების" მტკიცებები, ვეცდები ეს სტატიის მომდევნო ნაწილებში ვაჩვენო, მანამდე კი ქალების გამოცდილების განხილვა ღირს.
ქალების დისკრიმინაციის პრობლემა STEM სფეროებში
თანამედროვე მონაცემებით, STEM სფეროებში მომუშავე ქალებს უფრო ხშირად უწევთ დისკრიმინაციასთან გამკვლავება. Pew-ს კვლევითი ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში STEM სფეროში მომუშავე ქალების 50% ამბობს, რომ მათ საკუთარ თავზე განუცდიათ სქესობრივი დისკრიმინაცია. გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება მათ სამუშაო სივრცეში პრობლემაა.
უნდა ითქვას, რომ STEM სფეროები სამსახურეობრივი საქმიანობების ძალიან ფართო ჯგუფია. აქ შედის ბევრი რამ, დაწყებული მექანიკური ინჟინერიით და ორთოდონტული ჰიგიენით დამთავრებული. სექსუალური შევიწროება და გენდერული დისკრიმინაცია კი უფრო ხშირი ისეთ სფეროებშია, რომლებშიც კაცები დომინირებენ.
გენდერული დისკრიმინაცია, ისევე როგორც დისკრიმინაცია, კარგად განსაზღვრული რამ არ არის, რადგან მისი ობიექტური მეტრიკა არ არსებობს. ის, რაც ახლა დისკრიმინაციად და შევიწროებად აღიქმება, 50 წლის წინ ძალიან სხვაგვარად აღიქმებოდა. ძირითადად, შევიწროების გაგება სუბიექტურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხდება.
მაგალითად, Pew-ს კვლევის ფარგლებში, ქალი რესპოდენტები ამბობენ, რომ მათ სქესზე არსებული სტერეოტიპები ქალებს კარიერულ წინსვლაში ზღუდავს. ერთ-ერთი ქალი რესპოდენტი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ხალხი ავტომატურად ასკვნის, რომ მე მდივანი ვარ ან ნაკლებად "ტექნიკური როლი" მაქვს, რადგან ქალი ვარ. ეს მე ტექნიკური ქსელის გაკეთებაში და სამუშაოების შესრულებაში ხელს მიშლის, რადგან კაცი თანამშრომლები სამუშაოს შესრულებაში დახმარებისთვის ისევ კაცებს მიმართავენ", — ამბობს 36 წლის ტექნიკური კონსულტანტი.
კარიერული დაწინაურებისთვის სამუშაო ადგილზე თანამშრომლებთან არაფორმალური და სამუშაო კავშირების დამყარება მნიშვნელოვანია, გენდერული სტერეოტიპების გამო კი სამუშაო ადგილზე ქალების ინტეგრაცია უფრო შეზღუდულია. ამას ისიც ემატება, რომ სამსახურში კაცები ქალებისადმი "სექსუალურ იტნერესს" უფრო ხშირად იჩენენ და ეს, ხშირად, ძალიან დისკრიმინაციულად ვლინდება.
კაცები და ქალები ბიოლოგიურად განსხვავდებიან?
კაცებს და ქალებს შორის არსებული განსხვავებების შესწავლა მეცნიერებისთვის საინტერესოა. იმის თქმა, რომ კაცები და ქალები განსხვავდებიან შეურაცხმყოფელი არ არის. ეს დებულება საკამათო მაშინ ხდება, როცა კონკრეტული ინდივიდები, იდეოლოგიური მიკერძოებულობის გამო, გაზოგადებულ დასკვნებს აკეთებენ.
დამორს რომ მივუბრუნდეთ, მისი ანგარიში საინტერესო იმიტომაა, რომ მას თავისი პოზიციის გასამტკიცებლად არაერთი კვლევა მოჰყავს, თუმცა ეს კვლევები არასწორად არის ინტერპრეტირებული.
დაბადებიდან, ბიჭებს და გოგოებს სხვადასხვანაირად ეპყრობიან. ბიჭებს ახალისებენ, რომ სპორტზე იარონ, მათემატიკური საგნები ისწავლონ, გოგოებს კი ცეკვისკენ, ხატვისკენ და უფრო შემოქმედებითი საქმიანობისკენ უბიძგებენ, რადგან პრაქტიკულად ყველა კულტურაში ქალების და კაცების განსხვავებულ შესაძლებლობებზე სტერეოტიპები არსებობს.
მაგალითად, გავრცელებული სტერეოტიპია, რომ კაცებს მათემატიკა უფრო ეხერხებათ, ვიდრე ქალებს. საქმე ისაა, რომ ამის ქალებსაც სჯერათ და კაცებსაც. ამ გარემოების შედეგს კარგად აღწერს კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ თანაბარი აკადემიური მოსწრების ქალები მიანც მიიჩნევენ, რომ მათემატიკა კაცებზე ცუდად იციან, ხოლო კაცები კი მიიჩნევენ, რომ მათემატიკა უკეთ იციან.
არაერთი სხვა კვლევა აჩვენებს, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენა კარიერული არჩევანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გოგომ, რომელმაც მათემატიკა თავის კლასელ ბიჭზე არანაკლებ კარგად ისწავლა, არამათემატიკური სფერო აირჩიოს სწავლის და მუშაობის გაგრძელებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ კომპეტენციაზე დაბალი წარმოდგენა აქვს.
ქვეყნებში სადაც ქალებისთვის კვოტებიც არსებობს და გენდერის მხრივ ეგალიტარული კანონმდებლობა, სტერეოტიპები მაინც რჩება და სწორედ ეს კულტურული სტერეოტიპები განაპირობებენ დიდწილად განსხვავებულ კარიერულ არჩევანებს, როგორც ამას თანამედროვე კვლევა აჩვენებს და არა მაინცდამაინც "ბიოლოგიური განსხვავებები".
ადამიანები, რომლებიც გარკვეულ პროფესიაში არსებულ გენდერულ სეგრეგაციას "ბიოლოგიურ მიზეზებს" აწერენ, ხშირად ასკვნიან, რომ მათ "სოციალური ფაქტორი" გააქარწყლეს. მაგალითად ბევრს მოჰყავს შვედეთი, რომელიც ძალიან ეგალიტარული ქვეყანაა და სადაც ქალთა უფლებები კარგად არის დაცული. თუმცა, კანონმდებლობაში გაწერილი დებულებები და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა ერთადერთი კულტურული ფაქტორი არაა, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა, როცა განსხვავებებზეა საუბარი.
კაცებს კაცობა ავუკრძალოთ?
როცა აშშ-ის ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სექსისტური კომენტარები საჯაროდ გავრცელდა, მისი მხარდამჭერები ტრამპის დაცვას შემდეგი ფრაზით ცდილბოდნენ: "ბიჭები ბიჭებად დარჩებიან" (boys will be boys). ანუ, თითქოს ქალების სექსუალური შევიწროება უბრალოდ "ბიჭობაა". ეს არაა სიმართლე, თუმცა მსგავსი საქციელი ხშირად კულტურულად მხარდაჭერილია და მწვავე რეაქციას საზოგადოების მცირე ნაწილში იწვევს.
ქალებზე და კაცებზე არსებული სტერეოტიპები ქართულ პოლიტიკაშიც გავრცელებულია, მაგალითად, პარტია გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ქალები პოლიტიკაში ნაკლებად იმიტომ მიდიან, რომ კაცებივით "გამბედაობა" არ ახასიათებთ და რომ ეს "ბიოლოგიური მოცემულობაა".
მსგავსი სტერეოტიპები გარდა იმისა, რომ არასწორია, საშიშიცაა. კაცმა ქალის სექსუალური შევიწროება სცადა? — ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია კაცის ბუნება. ქალები უგულებელყოფენ თავიანთ შესაძლებლობებს და შიშის გამო არ ირჩევენ სასურველ პროფესიებს? — რა ვქნათ, ასეთია ქალის ბუნება. მსგავსი არგუმენტაცია ქალებს ხშირად უბიძგებთ, რომ ძალადობის აქტის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ, რადგან მათ არავინ დაუჯერებს და არამხოლოდ...
როცა გვესმის, რომ ქალი ან კაცი რაღაცას იმიტომ აკეთებს, რომ ეს "ბიოლოგიური მოცემულებაა" ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ხშირად ამ დებულებებს არაფერი არ ამყარებს, გარდა ირიბად შენიღბული სექსიზმისა, რომელიც "რაციონალურ" სამეცნიერო დისციპლინებშიც კი ასე გავრცელებულია.
კომენტარები