როგორია ეჯაილ თუ სქრამ გუნდების შიდა სტრუქტურა და მიზნები — საქართველოს ბანკის მაგალითი
ეჯაილ ტრანსფორმაცია და მიდგომები ვრცელი თემაა. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მის ზოგად სახესა და დანიშნულებაზე. ამჯერად კი ვაპირებთ ეჯაილ და სქრამ გუნდების შიდა სტრუქტურა დაგანახოთ და მათ მუშაობის პრინციპებზე გესაუბროთ. ასეთ დროს მაგალითებით საუბარი ყველაზე გასაგები და ნაყოფიერია. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფერს საქართველოს ბანკის მაგალითზე მოგიყვებით.
ეჯაილის როგორი მიდგომები არსებობს და რომელ მიდგომებს იყენებს საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკში ძირითადად ორ ეჯაილ მიდგომას შევხვდებით. ის გუნდები რომლებიც პროდუქტებს ან სერვისებს ავითარებენ, ძირითადად, სქრამს იყენებენ. სქრამი, უხეშად რომ ვთქვათ, პროექტების მართვის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ეჯაილ ჯგუფები იყენებენ.
ასეთი გუნდებია, მაგალითად, ციფრული გუნდები, ასევე საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე მომუშავე ადამიანები. იგივე ეხება შიდა სისტემებზე მომუშავე გუნდებსაც.
სერვისულ გუნდებში, რომელშიც უფრო მეტი ოპერაციული საქმეა და ძირითადი მათი საქმიანობა ზემოთ ხსენებული გუნდების დახმარება და მხარდაჭერაა, კანბანის მეთოდოლოგიას იყენებენ.
როგორც უკვე ვთქვით, სქრამი ეჯაილ მიდგომის განუყოფელი ნაწილია და ეჯაილ ჯგუფები მას სამუშაო პროცესში მუდმივად იყენებენ.
სქრამ გუნდში სამი ძირითადი როლია, რომელსაც განსხვავებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები აქვს. ეს როლებია: Product Owner (პროდუქტის მფლობელი), Developer (დეველოპერი) და Scrum Master (სქრამის ოსტატი).
"პროდუქტის მფლობელი ფიქრობს პროდუქტის განვითარების სტრატეგიაზე. მას აქვს უფრო ფართო ხედვა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ის. შესაბამისად, მას ეთქმის საბოლოო სიტყვა, თუ რომელია ყველაზე ღირებული ინიციატივა, რომელსაც პირველ რიგში უნდა მოკიდოს ხელი გუნდმა", — ამბობს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი, ვატო დოლიძე.
მოკლედ რომ ვთქვათ — პროდუქტის მფლობელი პასუხს სცემს კითხვას, თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მომავალში იმისათვის, რომ გუნდმა მაქსიმალური ღირებულება შესძინოს საკუთარ პროდუქტს. დეველოპერების გუნდი იმპელემენტაციაზეა პასუხისმგებელი და ის პასუხს სცემს კითხავს — რა სამუშაოების განხორციელებაა საჭირო, პროდუქტის მფლობელთან ერთად, დასახული მიზნის მისაღწევად და როგორ უნდა შესრულდეს აღნიშნული სამუშაოები.
გუნდის მესამე, ძირითად როლს სქრამის ოსტატი ითავსებს. სქრამის ოსტატის პასუხისმგებლობაა, რომ სქრამ გუნდმა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები სწორი მიდგომებითა და ქმედებებით განახორციელოს. მისივე პასუხისმგებლობაა გუნდის წინაშე წამოჭრილ პრობლემებზე რეაგირება და მათ გადასაჭრელად გზების ძიება. ამას გარდა, სქრამის ოსტატს ხშირად უწევს პროდუქტის მფლობელთან ან დეველოპერებთან ინდივიდუალურად მუშაობა იმისათვის, რომ მათ უკეთესად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალური კონტრიბუცია გაიღონ გუნდისათვის.
მარტივად რომ ვთქვათ — სქრამის ოსტატის მთავარი მიზანია, რომ გუნდმა სხვებისგან დამოუკიდებლად შეძლოს პროდუქტის განსავითარებლად ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღება და ქმედების განხორციელება.
როგორი სტრუქტურა აქვთ კანბანის ჯგუფებს
საქართველოს ბანკის შემთხვევაში კანბანის გუნდებში განსხვავებული სიტუაციაა. კანბანის გუნდები საოპერაციო ტიპის გუნდებია, რომლებიც კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის განვითარებით არ არიან დაკავებულნი. ისინი ცდილობენ, საკუთარი კომპეტენციის ხარჯზე მხარდაჭერა გაუწიონ სქრამ გუნდებს. შესაბამისად, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად ჩნდება გარკვეული ტიპის სამუშაოები, რომლებსაც ისინი ეტაპობრივად ასრულებენ. ასეთ გუნდებში არიან კანბანის ოსტატები, რომლებიც ორიენტირებული არიან გუნდის სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაზე და გუნდის პროდუქტიულობის მუდმივ გაუმჯობესებაზე.
სქრამ გუნდების შემადგენლობა და კომპეტენციები
კომპეტენციებს რაც შეეხება, ამ კუთხით შეიძლება სხვაობა იყოს ნებისმიერ გუნდს შორის. კომპეტენციები გუნდების სპეციფიკიდან გამომდინარე ნაწილდება. მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რომელ პროდუქტს ან სერვისს ავითარებს კონკრეტული ჯგუფი და რა საჭიროებების წინაშე დგანან გუნდის წევრები.
ეჯაილ გუნდებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მულტიფუნქციურობას. ამიტომ თითოეულ გუნდში გვხვდებიან როგორც ტექნიკური კომპეტენციების მქონე თანამშრომლები (პროგრამისტები, ბიზნეს ანალიტიკოსები, ტესტერები) ასევე ბიზნესის წარმომადგენლები და მომხმარებლებთან ურთიერთობის მცოდნე ადამიანები.
გუნდებში ძირითადად გვხვდებიან ბიზნეს მიმართულების, მომხმარებლებთან ურთიერთობის მცოდნე ადამიანები. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკური კომპეტენციების მქონდე თანამშრომლებს — ესენია პროგრამისტები, ბიზნეს ანალიტიკოსები, ტესტერები.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრული პროდუქტების შემთხვევაში დამატებით ჩნდება ისეთი კომპეტენციები, რომლებიც პროდუქტის დიზაინთან და მომხმარებლების ქცევასთან არის დაკავშირებული. დღევანდელ რეალობაში, სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს მომხმარებელზე ორიენტირებული და მათ მოთხოვნებზე მორგებული დიზაინი და ფორმები. მაგალითისთვის, შესაძლებელია, ორ სხვადასხვა ბანკს ერთი და იგივე ფუნქციების და შესაძლებლობის მობილური აპლიკაცია ჰქონდეს, თუმცა მთავარი განსხვავება და უპირატესობა შეიძლება იყოს რამდენად ადვილი მოსახმარი და ინტუიტიურია აპლიკაცია. რამდენად ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი და ა.შ.
ვინ არის Product Owner? რა მოვალეობა აქვს მას სქრამ გუნდში?
Product Owner, როგორც უკვე ვახსენეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია არამარტო სქრამ გუნდისთვის, არამედ მთლიანი ორგანიზაციისთვის. პროდუქტის მფლობელი არის ადამიანი, რომელიც ყველა ენაზე უნდა საუბრობდეს. უნდა შეეძლოს ბიზნეს პარტნიორებთან საუბარი, შესაბამისად, ძალიან კარგად უნდა იცოდეს პროდუქტი და ბაზრის სპეციფიკა. ასევე იდეალურად უნდა თანამშრომლობდეს გუნდთან, ვისთან ერთადაც უწევს უშუალოდ პროდუქტზე მუშაობა, შესაბამისად უნდა იცოდეს ზოგადი ტექნიკური ასპექტებიც და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება ყოველთვის მიმართული ჰქონდეს საბოლოო მომხმარებლისაკენ, მუდმივად ისმენდეს მათ წუხილსა და რეკომენდაციებს, რადგან მომხმარებელთან მჭირდო ურთიერთობის გარეშე ძნელია გამოიცნო, რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად.
ფაქტობრივად Product Owner არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქტის გარშემო სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
რა როლი აკისრია Scrum Master-ს?
დასახელებიდანაც ჩანს, რომ სქრამ მასტერი ორიენტირებულია სქრამის და ზოგადად ეჯაილის ღირებულებების და მიდგომების სწორ იმპლემენტაციაზე. სქრამ მასტერი ცდილობს გუნდს დაეხმაროს სქრამის სწორ გამოყენებაში.
"სქრამის ოსტატი არის მსახური-ლიდერის ტიპის როლი, რომელსაც ძალაუფლებას რეალურად ანიჭებს თვითონ გუნდი. სქრამ მასტერი რეალურად ეხმარება დეველოპერების გუნდს და Product Owner-ს განვითარებაში და ეჯაილ პრაქტიკების ათვისებაში", — ამბობს ვატო დოლიძე
სქრამ მასტერი უნდა იყოს კარგი მწვრთნელივით, უნდა იცოდეს სწორი კომუნიკაცია, უყვარდეს ადამიანებთან მუშაობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და უნდა იყოს კარგი მსმენელი, მოისმინოს ყველას გულისტკივილი და დაეხმაროს მათ ყოველდღიური დაბრკოლებების გადაჭრაში. ისეთ გუნდებთან სამუშაოდ, ვისთვისაც ეჯაილი და სქრამი ახალია, სქრამ მასტერს შედარებით მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება. დროთა განმავლობაში, თუ გუნდი გაიწაფა სქრამის პროცესებში და განვითარების სწორ გზას დაადგა, სქრამ მასტერის აქტიურად ჩართულობის საჭიროება იკლებს და შეიძლება მან, უბრალოდ, დამკვირვებლის როლში გადაინაცვლოს.
ხშირად ხდება, რომ Srum Master-ის მსგავს ფუნქციებს Agile Coach ირგებს, რაც აჩენს კითხვას თუ რა სხვაობაა ამ ორ როლს შორის.
მოკლედ რომ ვთქვათ — Scrum Master არის სქრამ გუნდში კონკრეტული როლი, რომელსაც აქვს ის პასუხისმგებლობები რაზეც ზემოთ გავეცით პასუხი. ხოლო Agile Coach არის ისეთი პროფესიის ადამიანი, რომელსაც ერთზე მეტი Agile მიდგომის სიღრმისეული ცოდნა აქვს და ორგანიზაციის ჭრილიდან ცდილობს ეჯაილ გუნდების და მთლიანად ორგანიზაციის აღქმას. არის კომპანიები, სადაც ორივე როლი ერთდროულად გხვდება, არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც ერთ-ერთია მხოლოდ იმპლემენტირებული.
როგორ უწყობს ხელს საქართველოს ბანკი ახალი კომპეტენციების შეძენა-განვითარებას
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი კომპეტენციების შეძენა-განვითარების კუთხით, დღესდღეობით, საქართველოს ბანკი საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა.
"ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების მხარდაჭერა საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამ მხრივ აუცილებელია, რომ მოტივირებულ და მონდომებულ ადამიანებს მაქსიმალურად შეუწყო ხელი აითვისონ ახალი კომპეტენციები და განვითარდნენ", — ამბობენ საქართველოს ბანკში.
როგორც ვატო დოლიძე გვიყვება, დღეისათვის, წარმატებით მიმდინარეობს ახალმიღებული თანამშრომლების გადამზადების პროცესი, რა დროსაც მათთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის ტრენინგი და გაცნობითი სესია, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლონ გუნდის საქმიანობაში ჩართვა. ასევე, წარმატებით მუშაობს მენტორობის პრაქტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ახალ თანამშრომელს თავიდანვე ენიშნება მენტორი, კოლეგა თავისი გუნდიდან, რომელიც ეხმარება ინტეგრაციაში და საჭირო ცოდნის მიღებაში.
კომენტარები