თანამედროვე სივრცე თანამედროვე მომხმარებლისთვის — თიბისიმ ფილიალების ახალი კონცეფციით გარდაქმნა დაიწყო
რა არის თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მიღებული მომსახურებით კმაყოფილების მიზეზი?
თანამედროვე სამყაროს ტენდენციების კვალდაკვალ სერვისის შესაბამისი და მარტივი ფორმით მიწოდება კომპანიებისთვის ერთ-ერთ საკვანძო გამოწვევად იქცა. დღესდღეობით, სამომხმარებლო სფეროში მხოლოდ ცალკე აღებული პროდუქტის ხარისხი არ განსაზღვრავს მომხმარებლის კმაყოფილებას. პრობლემა განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როცა მომხმარებლების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თითოეული მათგანის ინტერესების გათვალისწინება დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება, შეუსრულებელ ამოცანადაც კი ჩანდეს.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, თიბისი მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მისიისთვის, ამჯერად, ფილიალების განახლება გადაწყდა, მის შესასრულებელად კი გათვალისწინებული იქნა არაერთი ფაქტორი.
ერთ კომფორტულ სივრცეში ინტეგრირებული მრავალგვარი სერვისი, დროის დაზოგვის შესაძლებლობა და სიმარტივე — სწორედ ამ პირობების მხედველობაში მიღებას გულისხმობს ფილიალების ახლებური კონცეფციით გარდაქმნა.
სივრცეების განახლება დედაქალაქიდან დაიწყო, თუმცა მალევე პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე თიბისის ფილიალებს მოიცავს.
კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი კონცეფცია და რა იცვლება მომხმარებლისთვის — ამ თემაზე On.ge თიბისის ბრენდის ლიდერს, ბეკი ფანცხავას, ესაუბრა.
"პროექტზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ, 2020 წლის დეკემბერში კი უკვე პირველი სივრცეები გაიხსნა", — ამბობს ბეკი, — "ამ ეტაპზე გვაქვს ექვსი ახალი ფილიალი, რომელიც უკვე ემსახურება მომხმარებლებს თბილისში".
განახლებული ფილიალების კონცეფციაზე თიბისის გუნდთან ერთად ბრიტანული საერთაშორისო სააგენტო Geometry მუშაობდა. სააგენტო, რომელიც "შემოქმედებითი კომერციის" მიმართულებით მუშაობს, 2013 წელს დაფუძნდა და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა კოკა-კოლა, Emirates, Unilever, Nike, Philips და სხვა. სააგენტო ემსახურება სხვადასხვა საბანკო კომპანიებსაც, მათ შორის, US Bank-ს.
რა იცვლება მომხმარებლისთვის
როგორც ბეკი აღნიშნავს, საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებით მიიღეს ახალი კონცეფცია, რომელიც მოდულარულობის პრინციპზეა დაფუძნებული. ამის წყალობით სივრცეები უფრო მოქნილი ხდება, რადგან თითოეულ ფილიალს ინდივიდუალურად განესაზღვრება მოწყობის პრინციპი: დაგეგმარება, ავეჯის და სივრცეების განაწილება და სხვა.
ახალ ფილიალში მყოფი მომხმარებელი, პირველ რიგში, უფრო მარტივად მოახერხებს ნავიგაციას. სწორედ სივრცეების განაწილებამ და შესაბამისი ნიშნების განთავსებამ გახადა შესაძლებელი, რომ გამოყოფილიყო ადგილები, სადაც მომხმარებლები შეძლებენ კონკრეტული მიმართულების სერვისის მიღებას — იქნება ეს პერსონალური საბანკო მომსახურება თუ ბიზნესმომსახურება.
რადგან კომპანიის მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამოსავალი წერტილი ფილიალების კონცეფციაში სწორედ მოდულარულობა და სიმარტივე გახდა.
განახლებული ინტერიერის დიზაინი
სერვისების გამარტივებულად მიღების გარდა, ფილიალებში შეიცვალა ინტერიერიც და მაქსიმალურად მოერგო სივრცეებში მყოფი მომხმარებლის საჭიროებებს. კომფორტული სივრცეები საგანგებოდაა შექმნილი ბუნებრივი მასალებით, მცენარეებით და შერეული განათებით, რომელიც მეტ მყუდროებას ანიჭებს ფილიალს.
"ამასთან, დავამატეთ რამდენიმე საინტერესო სივრცე", — ამბობს ბეკი, — "ასეთია, მაგალითად, საერთო სამუშაო სივრცე, რომლით სარგებლობაც ფილიალის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია. — იმუშავოს საკუთარი ლეპტოპით, დაწეროს, წაიკითხოს წიგნი ან გაგზავნოს იმეილი".
გარდა ამისა, განახლებულ ფილიალებში ასევეა გამოყოფილი კუთხე, რომელიც აგურითაა მოპირკეთებული და ქართველი ხელოვანების ნამუშევრები ამშვენებს. ამ დროისათვის, ექვს ფილიალში შეხვდებით გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრებს.
როგორც ბეკი ამბობს, ეს კუთხე, ერთგვარად, კომპანიის სათქმელსაც აცხადებს — თიბისისთვის, რომელიც ქართული კულტურისა და ხელოვნების აქტიური ქომაგია, ნიშანდობლივი იყო მსგავსი სივრცის ქონა საკუთარ ფილიალებში.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებისთვის გამარტივებულ გამოცდილებასთან ერთად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი სამუშაო სივრცეებისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო დატვირთვის მინიჭება, ამიტომ ახალი კონცეფციით შექმნილ ფილიალებში გამორჩეულად კომფორტული გარემოა თანამშრომლებისთვისაც.
უნივერსალური როლი — განახლებული ბიზნესმოდელი
ბანკის ფილიალებში ყოფნისას ხშირად სხვადასხვა სივრცეებსა თუ პირებთან გადამისამართება ხდება ხოლმე საჭირო. რადგან ახლებური კონცეფციის არსი სიმარტივე იყო, თიბისიმ გადაწყვიტა, შეეცვალა ბიზნესმოდელიც.
"განახლებულ ფილიალებში მომხმარებელს აღარ დასჭირდება, რომ სხვადასხვა პირისგან მიიღოს სხვადასხვა სახის მომსახურება", — ამბობს ბეკი, — "ყველა საბანკო მომსახურების მიღება შეეძლება ერთი კონკრეტული ადამიანისგან. რაც ძალიან კომფორტულია — ერთი მხრივ, ზოგავს მომხმარებლის დროს, მეორე მხრივ, ფილიალში გატარებული შემცირებული დროც კი მეტად კომფორტული ხდება".
კონცეფციის შექმნის პროცესი
"ძალიან საინტერესო იყო თვითონ პროცესი", — აღნიშნავს ბეკი, — "იგი დაიწყო იმაზე ფიქრით, რომ ბიზნესმოდელის ცვლილება და კომპანიის გზავნილი — რომელიც არის აქ.ახლა — ასევე კომპანიის მისია, გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება, უნდა ეხმიანებოდეს იმ გამოცდილებას, რასაც მომხმარებელი იღებს. რადგან მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა და სერვისის კომფორტულ გარემოში მიღება, გვსურდა, ეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო".
სწორედ თანამედროვე მომხმარებელზე ფოკუსირებით — მათი ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვაგვარი კვლევის ჩატარებით, უკუკავშირის მიღებითა და თიბისელების რჩევით — შეიქმნა ის გზა, რომელსაც ადამიანი ფილიალში გადის. ამ გზის შექმნისას, როგორც ბეკი ამბობს, დაინახეს ის მომენტები, რომელთა გაუმჯობესება და დახვეწაც შესაძლებელი იქნებოდა — მეტიც, ეს აუცილებელი იყო, რათა კომპანიის მიერ შეთავაზებული საუკეთესო მომსახურების პრაქტიკა მდგრადი ყოფილიყო.
საუკეთესო მომსახურების შეთავაზება კი თიბისის სავიზიტო ბარათად უკვე წლებია, იქცა. ეკონომიკაზე ორიენტირებულმა პრესტიჟულმა გამოცემამ, Global Finance-მა, თიბისი არაერთგზის დაასახელა ქვეყნის საუკეთესო ბანკად და განსაკუთრებული ჯილდოებით აღნიშნა მისი ციფრული სერვისებიც — ინტერნეტ და მობაილბანკები.
რადგან მსოფლიოში ბოლო წლებში შეიმჩნევა გამარტივების და ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციების ინტეგრირების ტენდენცია, თიბისიმ სწორედ ამ ნიშნებს მიანიჭა განსაკუთრებული ყურადღება. სივრცეების მაქსიმალური განტვირთვით — ავეჯის შესაბამისი განლაგებითა და განათებით — მომხმარებელს სიმარტივის განცდა ფილიალში შესვლისთანავე აქვს.
თანამშრომლობა საერთაშორისო სააგენტოსთან
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თიბისიმ კონცეფციის შექმნაზე მუშაობა საერთაშორისო ბრიტანულ სააგენტოსთან, Geometry-სთან ერთად გადაწყვიტა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სააგენტოს პარტნიორი ბრენდებისა, მის წარმატებას მოწმობს ჯილდოებიც — 2019 წლის მონაცემებით Geometry-ს 233 ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული.
მიუხედავად ამ საერთაშორისო აღიარებისა, სააგენტოს, ცხადია, ქართველი მომხმარებლების ინტერესების ცოდნაც სჭირდებოდა. თუმცაღა Geometry-სთან კონცეფციაზე აქტიურად მუშაობა 2019 წელს დაიწყო, თიბისის მარკეტინგის მიმართულებას და სააგენტოს თანამშრომლობა აკავშირებთ. სწორედ ამიტომ, როგორც ბეკი ამბობს, ბრიტანელ პარტნიორებს "ბრენდის სრული შეგრძნება" ჰქონდათ — იცნობდნენ თიბისის მომხმარებელთან ურთიერთობის 29-წლიან ისტორიასა და გზავნილს. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლები ნამყოფები არიან საქართველოშიც, შესაბამისად, თიბისის გუნდის დახმარებით ქვეყნის კულტურასა და მისი საზოგადოების ინტერესებსაც იცნობდენ.
"ჩვენი მხრიდან ძალიან საინტერესო გუნდი შედგა, რადგან სხვადასხვა ფუნქციების შემსრულებელი ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროცესში ", — ამბობს ბეკი, — "ჩართული იყო ბიზნესის ყველა მიმართულების წარმომადგენელი, ასევე ოპერაციების, ლოგისტიკისა და მარკეტინგის გუნდები. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, სწორედ ამ ერთიანობამ შექმნა ის სინთეზი, რამაც ფილიალების ახალ კონცეფციამდე მიგვიყვანა".
განახლებული ფილიალები, როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში მდებარეობს, თუმცა 2021 წელს თიბისისთვის მნიშვნელოვან ამოცანად მათი რაოდენობის გაზრდა და ქვეყნის სრულად მოცვა რჩება. შესაბამისად, თანამედროვე და კომფორტული სივრცეები, რომელთა არსიც სიმარტივეა, მალე უმასპინძლებს ყველა მომხმარებელს. სიახლეებისთვის თვალის მიდევნება კომპანიის სოციალური მედიის არხებზე შეგიძლიათ.
კომენტარები