40-წამიანი ვიდეო გვიჩვენებს დედამიწის ტექტონიკური ფილების მოგზაურობას მილიარდობით წლის განმავლობაში
დედამიწის ქერქის ტექტონიკური ფილები იმ სიჩქარით გადაადგილდებიან, რა სიჩქარითაც თითებზე ფრჩხილები გვეზრდება, მაგრამ მილიარდობით წლის მანძლზე, ეს სიჩქარე მათთვის საკმარისი აღმოჩნდა მთელი პლანეტის შემოსავლელად, როგორც ამას ახალი ვიდეო გვიჩვენებს.
ტექტონიკური ფილების მოძრაობის ყველაზე სრულყოფილი მოდელი, რაც კი მეცნიერებს აქამდე შეუქმნიათ, გვიჩვენებს კონტინენტების მილიარდობით წლის მოძრაობას. ეს გადაადგილებები მეცნიერებმა 40 წამიან ვიდეოდ აქციეს, სადაც ვხედავთ, თუ როგორ მოძრაობდნენ და ურთიერთქმედებდნენ ფილები დროთა განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ მათი მოძრაობა გავლენას ახდენდა კლიმატზე, ზღვის მიქცევა-მოქცევაზე, ცხოველების გადაადგილებასა და მათ ევოლუციაზე, ვულკანურ აქტივობაზე, მეტალების ფორმირებასა და კიდევ უამრავ რამეზე. ეს ფილები მხოლოდ პლანეტის საფარს არ წარმოადგენს — ისინი მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ გავლენას ყველაფერზე, რაც მათ ზედაპირზე ცხოვრობს.
"ეს ტექტონიკური ფილებისა და მისი საზღვრების პირველი სრული მოდელია მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა. ფილები წელიწადში სულ რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილდებიან, მაგრამ, როგორც ანიმაციაზე ვხედავთ, ამ კონტინენტებს სხვადასხვა დროს დედამიწის ყველა ადგილი აქვთ მოვლილი. მაგალითად, ანტარქტიდა, რომელიც დღეს მკაცრი კლიმატით გამოირჩევა და ყინულითაა დაფარული, ერთ დროს ეკვატორზე იყო და საკმაოდ კარგ დასასვენებელ ადგილსაც წარმოადგენდა", — განუცხადა Euronews-ს მაიკლ ტეტლიმ, გეომეცნიერმა, რომელმაც თავისი სადოქტორო ნაშრომი სიდნეის უნივერსიტეტში დაიცვა.
ზემოთ მოყვანილ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან და შორდებიან ერთმანეთს ხმელეთის სხვადასხვა ნაწილები და გაოცდებით კიდეც, როდესაც დაინახავთ, რომ ის მდებარეობა, რომელიც დღეს ფილებს უკავიათ, მათ სულ ცოტა ხნის წინ დაიკავეს.
ფილების გადაადგილებების შესწავლა განსაკუთრებით გამოადგება მეცნიერებს, რომლებიც ცდილობენ იმის პროგნოზირებას, თუ საცხოვრებლად რამდენად ხელსაყრელი გარემო იქნება დედამიწაზე მომავალში, სად შეძლებენ მომავალი ადამიანები ბუნებრივი რესურსების მოძიებას სუფთა ენერგიის წარმოებისთვის და ა.შ.
ფილების მოძრაობის შეფასება ხდება გეოლოგიური ჩანაწერების შესწავლით — მაგნეტიზმისა და სხვადასხვა ნიმუშებში აღმოჩენილი ნივთიერებების საშუალებით მეცნიერები მოიპოვებენ მონაცემებს ნივთიერებების ისტორიული მდებარეობისა და განლაგების შესახებ დედამიწის ბრუნვის ღერძის მიმართ. ეს ყველაფერი მათ ეხმარება წარსულის გეოლოგიური პაზლის აწყობაში.
პროექტში მონაწილე გეოლოგიებმა ამოარჩიეს და გააერთიანეს ყველაზე შესაფერისი მოდელები, რაც დღესდღეობით არსებობს და დააკვირდნენ როგორც კონტინენტების მოძრაობას, ასევე მათი საზღვრების ურთიერთქმედებას.
"ეს ~კონტინენტები იმავე სიჩქარით მოძრაობენ, რა სიჩქარითაც ფრჩხილები გვეზრდება, მილიარდობით წლის 40 წამში მოქცევა კი გვაძლევს მომხიბვლელ სურათს იმისა, თუ როგორ ჩნდებიან და ქრებიან ოკეანეები, როგორ იშლებიან კონტინენტები და შემდეგ ისევ ერთიანდებიან ერთი უზარმაზარი ზე კონტინენტის წარმოასაქმნელად", — ამბობს საბინ ზაჰიროვიჩი, გეომეცნიერი სიდნეის უნივერსიტეტიდან.
რაც უფრო შორეულ წარსულს იკვლევენ მეცნიერები, მით უფრო ძნელი ხდება იმის შეფასება, თუ როგორ მოძრაობდნენ იმ პერიოდში ფილები. პასუხგაუცემელი კითხვები ისევ არსებობს, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ მოხდა ამ ფილების ჩამოყალიბება. თუმცა, ყოველი ახალი მონაცემი მეცნიერებს ეხმარება დედამიწის ანტიკური ისტორიის შესწავლაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მოდელში სხვადასხვა ფილები საერთოდ არ ჩანს.
მეცნიერები აღიარებენ, რომ მათ ნამუშევარს გარკვეული დეტალები აკლია, თუმცა ისინი იმედვონებენ, რომ იგი კარგი წყარო იქნება მომავალი კვლევებისთვის იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენენ ტექტონიკური ფილები მთელ პლანეტის ზედაპირზე და ყველაფერზე, რაც მასზე ცხოვრობს.
კვლევა Earth-Science Reviews-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები