Android 12-ის პირველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა
გუგლი Android 12-ს სავარაუდოდ კლასიკურად, შემოდგომას წარგვიდგენს, თუმცა ახალი ამბავი არ არის, რომ დეველოპერული ანაწყობების გამოშვება წლის დასაწყისშივე იწყება ხოლმე და მას პირველები Google Pixel-ის მფლობელები იღებენ.
პირველი დეველოპერული ანაწყობების მოლოდინში, ინტერნეტში ანდროიდ 12-ის სქრინები გავრცელდა და როგორც ჩანს, გუგლს ჩვენთვის სიახლეები აქვს — ახალი ანდროიდი ახალ დიზაინს მიიღებს.
სქრინებში ჩანს, რომ ზედა მარჯვენა კუთხეში სისტემა გვანახებს სმარტფონის რა კომპონენტებს იყენებს აპლიკაცია, უსაფრთხოების ასეთი სტანდარტი კი iOS-ს მოგვაგონებს. თუკი ამ აიქონებს დავაწვებით დავინახავთ, თუ რომელი აპლიკაცია იყენებს კამერას ან მიკროფონს.
სწრაფი პარამეტრების პანელი ცოტათი უცნაურად გამოიყურება და ჯერ ნათელი არაა, ასეთი იქნება მართლა, თუ არა. გაუგებარია, თუ Wi-Fi ჩართულია, მაშინ იღებს ის მრგვალ ფორმას და იცვლის ფერს? აქვე, ჩვენ მხოლოდ ოთხ აიქონს ვხედავთ, რომლებიც უფრო დიდად ჩანს და მარტივი გამოსაყენებელია. ფონის ფერი, სავარაუდოდ, სმარტფონის თემაზეა დამოკიდებული.
გავრცელებული სქრინებიდან ასევე ვიგებთ, რომ ანდროიდ 12-ში ახალი ვიჯეტებიც დაემატება.
სხვა ფუნქციებიდან, რომლებსაც ანდროიდ 12-ში შევხვდებით, აღსანიშნია აპლიკაციების წყვილები, სმარტფონის ზურგზე ორჯერ დაკლიკვით სქრინშოთის გადაღება, მუსიკის დაპაუზება და ა.შ. ასევე გაუმჯობესდება თემებიც და ისინი უფრო მომხმარებელზე მორგებული გახდება, სავარაუდოდ ისე, როგორც ეს iOS 14-შია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები