ჩინურმა ხომალდმა მარსის ფოტო პირველად გამოგზავნა — Tianwen 1 პლანეტის ატმოსფეროში 10 თებერვალს შევა
ჩინეთის პირველმა მარსის როვერმა წითელ პლანეტამდე მიაღწია და შესაბამისი ფოტოც გამოგვიგზავნა. როვერი Tianwen 1 მარსის ატმოსფეროში 10 თებერვალს განთავსდება და 2 ან 3 თვე პლანეტის ზედაპირზე დაშვებას არც ეცდება. ეს დალოდების სტრატეგია 1970-იან წლებში, პროგრამა ვიკინგის დროს წარმატებით გამოიყენეს. ეს ინჟინრებს საშუალებას მისცემს, დაშვებამდე მარსის ატმოსფერო კარგად შეაფასონ. Tianwen-1 მარსის ეკვატორიდან ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ აუზში ჩაეშვება. როვერის მიზანს რეგიონის გეოლოგიის შესწავლა წარმოადგენს.
Tianwen 1-მდე, 9 თებერვალს, თბილისის დროით 19:30-ზე, მარსის ატმოსფეროში არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი ხომალდი — Hope განთავსდება. ამ მოვლენისთვის თვალის მიდევნება პირდაპირ ეთერში შეგვეძლება.
Tianwen 1-მა დედამიწა 2020 წლის ივლისში დატოვა, ისევე, როგორც NASA-ს Perseverance-მა და არაბთა გაერთიანებული საამიროების Hope-მა. ეს სამი მნიშვნელოვანი მარსის მისიაა, რომელსაც 2021 წელს ველოდით.
შავ-თეთრი ფოტო, რომელიც ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ პარასკევს გაავრცელა, მარსიდან 2.2 მილიონი კილომეტრის დაშორებიდანაა გადაღებული. პარასკევს კი ხომალდი უკვე 1.1 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული წითელი პლანეტიდან. ფოტოდან ჩანს მარსის კრატერი Schiaparelli და კანიონი Valles Marineris.
ხუთტონიანი Tianwen-1 საკუთარი თავის შესანელებლად და ზედაპირზე გასაჩერებლად კაფსულის, პარაშუტისა და რაკეტის კომბინაციას დაიხმარს. მისი გრძელი ანძა ნავიგაციისთვისა და ფოტოების გადასაღებად კამერებითაა აღჭურვილი. დამატებითი ხუთი ინსტრუმენტი კი მარსის ქვების მინერალების შესწავლისთვისა და წყლის ყინულების საძებნადაა განკუთვნილი.
მარსის ზედაპირის შესწავლა მისიის ნახევარს წარმოადგენს, რადგან ამასთან, კაფსულა, სადაც როვერია მოთავსებული, პლანეტას ორბიტიდან დააკვირდება. იგი შვიდი განსხვავებული ინსტრუმენტითაა აღჭურვილი.
Tianwen-1, მარსის საკვლევად, ჩინეთის პირველი მცდელობა როდია. აქამდე მან რუსეთთან ერთად, 2011 წელს სცადა მარსზე მისიის გაგზავნა. თუმცა, ეს მცდელობა, დედამიწიდან გაშვების მომენტშივე, წარუმატებელი გამოდგა. ახლა ჩინეთს უკვე ორი როვერი ჰყავს მთვარეზე და პირველი სახელმწიფოა, რომლის როვერმაც მთვარის "ბნელ მხარეს" დაშვება მოახერხა.
ამჟამად, როგორც ჩინეთის კოსმოსური სააგენტო იტყობინება, Tianwen-1 მწყობრშია. ასე რომ, შესაძლოა, ჩინეთი აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, იაპონიის, ინდოეთის, ევროპისა და სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოების ხომალდების შემდეგ, მეექვსე ქვეყანა გახდეს, რომელსაც მარსამდე წარმატებით მიაღწია.
კომენტარები