iPhone 12 და MagSafe კარდიოსტიმულატორის მატარებელთა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს
Apple გვაფრთხილებს, iPhone 12 და MagSafe "შორს დავიჭიროთ" სამედიცინო მოწყობილობებისგან.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა iPhone 12-ის სერიის სმარტფონებისა და მათი დასამუხტი MagSafe-ის ნეგატიური გავლენის შესახებ ისეთ სამედიცინო მოწყობილობებზე, როგორიცაა კარდიოსტიმულატორი თუ დეფიბრილატორი. ამ ინფორმაციის კვალდაკვალ, Apple-მა დამატებითი ინსტრუქცია გამოუშვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავს სამედიცინო მოწყობილობებს ატარებენ. ინსტრუქციის მთავარი მესიჯი კი ასე ჟღერს: iPhone 12 და MagSafe-ის აქსესუარები უსაფრთხო დისტანციაზე დაიჭირეთ თქვენი სამედიცინო მოწყობილობებისგან.
პუბლიკაციაში, რომელიც MacRumors-მა განიხილა, Apple განმარტავს, რომ iPhone 12 გამოყოფს შედარებით ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს, რითაც არსებობს შანსი, რომ სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.
მაგალითად, კარდიოსტიმულატორს (Peacemaker), მსოფლიოს მასშტაბით, 1 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს (2016 წლის მონაცემი). ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მოწყობილობა ახერხებს უზრუნველყოს პაციენტის გულისცემა, მაშინ, როცა ის ბიოლოგიური ფაქტორების (მაგ. სინუსური კვანძის სინდრომი) შედეგადაა დარღვეული. ელექტრომაგნიტური ველი კი ამ ელექტრომოწყობილობაზე, რომელიც გულის მუშაობას ხელოვნური ელექტროიმპულსებით უზრუნველყოფს, ნეგატიურად მოქმედებს და მის მუშაობას აფერხებს. (არღვევს პაციენტის გულისცემის უწყვეტობას, შესაბამისად კი, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს). იგივე პრინციპით უშლიან ხელს მსგავს ელექტრომოწყობილობებს MagSafe Charger და MagSafe Duo Charger. Apple-იც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებულმა უახლესმა პროდუქტებმა შეიძლება ხელი შეუშალოს სამედიცინო მოწყობილობების ფუნქციონირებას. შესაბამისად, საფრთხე შეუქმნას მათ მომხმარებლებს.
"სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორები თუ დეფიბრილატორები, შესაძლოა შეიცავდეს სენსორებს, რომლებიც მაგნიტურ ველსა და რადიოსიგნალებზე, ახლო კონტაქტის დროს რეაგირებს", — ამბობს Apple. "იმისათვის, რომ რამენაირი პოტენციური ინტერაქცია ავირიდოთ თავიდან, iPhone და MagSafe-ის აქსესუარები უსაფრთხო დისტანციაზე დაიჭირეთ თქვენი სამედიცინო მოწყობილობებისგან (15 სანტიმეტრზე მეტის მოშორებით, ხოლო დამუხტვისას 30 სანტიმეტრით შორს). თუმცა, დამატებითი, სპეციფიკური ინსტრუქციებისთვის მიმართეთ ექიმს, ან თქვენი მოწყობილობის მწარმოებელ კომპანიას", — ნათქვამია განცხადებაში.
iPhone-ის ახალი პროდუქტების უსაფრთხოების საკითხი განხილვის საგანი ჟურნალ HeartRhythm-ში გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ გახდა. ნაშრომის ავტორები Henry Ford Heart and Vascular Institute-იდან აღნიშნავდნენ, რომ იპოვეს მტკიცებულება iPhone 12-ის დამაბრკოლებელი მოქმედების შესახებ ისეთ სამედიცინო მოწყობილობაზე, როგორიცაა იმპლანტირებადი კარდიოვერტერი დეფიბრილატორი (ICD).
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დამუხტვის თავისებურებებიდან გამომდინარე, iPhone 12-ს, უკანა მხარეს აქვს მაგნიტი, იმისათვის, რომ MagSafe-თან, ანუ დამმუხტველთან კავშირის დამყარება შეძლოს. ხოლო როცა MagSafe-ის რომელიმე აქსესუარი პაციენტის გულთან ახლოს აღმოჩნდება, სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც გულის მუშაობას უზრუნველყოფს, ჩერდება.
Apple-მა განაცხადა, რომ მისი ახალი პროდუქტები მეტადაა მაგნიტებით დატვირთული, თუმცა, კომპანიამ წინასწარ იმის განსაზღვრა ვერ შეძლო, თუ როგორ აისახებოდა ეს მახასიათებელი სამედიცინო მოწყობილობების მომხმარებლებზე.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის ახალი პროდუქტები არ არის ერთადერთი წყარო, რომელსაც სამედიცინო მოწყობილობებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. მათ დროებით დეაქტივაციას ახერხებს სხვადასხვა ადგილი, სადაც ელექტრომაგნიტური ველი მაღალია. შესაბამისად, ეს დეტალი კარდიოსტიმულატორებისა თუ დეფიბრილატორების მომხმარებელთათვის სიახლეს არ წარმოადგენს. ექიმის დანიშნულებით, ისინი ხშირად არიდებენ თავს ასეთ ადგილებსა თუ მოწყობილობებს (მაგალითად, არასდროს გადაიღებენ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას).
iPhone 12-თან და MagSafe-თან დაკავშირებული ეს დეტალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ახალი სმარტფონის შერჩევისას, მსგავსი სამედიცინო იმპლანტების მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
კომენტარები